ლათინური ამერიკის საკლუბო ფეხბურთის ისტორია ერთგვაროვანი და მუდმივად განვითარებადი არასოდეს ყოფილა და ამის მიზეზი პირველ ყოვლისა ფინანსურ ამბებში უნდა ვეძებოთ. წარმატებული კლუბები უფულობის გამო ხშირად იშლებოდნენ, გაყიდიდნენ ფეხბურთელებს ევროპაში და მეორე და მესამე ლიგებში დურთავდნენ ხოლმე თავს. იყო შემთხვევები, როდესაც დიდი გრანდები ისე დაცემულან, რომ საკუთარი სტადიონებიც კი გაუყიდიათ და ასე გადაუხდიათ მოძალებული ვალები. ეს ადრეც ხდებოდა და ახლაც ხდება.
სხვათა მსგავსად, ლეგენდარულ “ბოკა ხუნიორსსაც“ არაერთი მძიმე დღე გადაუტანია, ყოფილა მრავალი ვაების წინაშე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ისე მოხდა, რომ მთელს ლათინურ ამერიკაში და მერე ევროპაში, ყველაზე მეტი ქომაგი სწორედ ლურჯ–ყვითლებს ჰყავთ და ეს ნათელს ხდის, რომ “ბოკას“ ისტორიას დავიწყება არ უწერია და ეს კლუბი არასოდეს გაქრება ისე, როგორც გამქრალა არაერთი ლათინოამერიკული კლუბი.
არგენტინაში ამბობენ, რომ “ბოკას“ ქომაგი თუ ხარ, აუცილებლად უნდა გქონდეს სამი რამ: 1. აბონიმენტი “ბომბონერას“ აღმოსავლეთ ტრიბუნაზე, სადაც კლუბის ყველაზე ნაგიჟარი გულშემატკივრები იკრიბებიან. 2. დიეგო მარადონას მარადიული სიყვარული. 3. “რივერ პლეიტისა“ და მათი ქომაგების გაუნელებელი ზიზღი. ამ ნახევრად ხუმრობით , მაგრამ მოსწრებულად ნათქვამ სიტყვებში იმდენი სიმართლეა, შეიძლება “ბოკას“ მთელი ისტორია ჩაეტიოს შიგნით.
“ბოკა ხუნიორსი“ და დიეგო მარადონა – ეს არის დაუსრულებელი ამბავი, რომელიც ამ ორიდან ერთ-ერთის აღსასრულის შემდეგაც აუცილებლად გაგრძელდება. დაკუნთული ტანმოკლე ბიჭი, რომელიც ბურთთან ერთად ლოცულობდა და რომელიც ყოველი გატანილი გოლის შემდეგ მონატრებული სატრფოსავით ძალუმად კოცნიდა კლუბის ემბლემას საკუთარ მაისურზე! ვის არ უნახავს “ბომბონერაზე“ გამოფენილი თვალისმომჭრელი უზარმაზარი პლაკატები, სადაც დიეგო მარადონას სახე სხვადასხვანაირად იმზირება და ყველა ვხედავთ, რომ ამ კლუბში მარადონა დიდ ლეგენდაზე ბევრად მეტია. მარადონა მათთვის ყველაფერია!
“ბოკა“ და “რივერის“ მარადიული მტრობა... რამდენიმე წლის წინ, საქართველოში ჩამოსულ არგენტინელს (რომელიც ნავთობის მომპოვებელ ფირმაში მუშაობდა, მაგრამ ფეხბურთზე არავისზე ნაკლებად იყო გადარეული) ვიჩქარე და ვუთხარი, რომ “ბოკა ხუნიორსი“ “იქითა კონტინენტზე“ ყველაზე მეტად მომწონდა და მისგან ისეთი რეაქცია დავინახე, მივხვდი, რომ ეს სიტყვები არ უნდა მეთქვა. ის კაცი “რივერ პლეიტის“ გულშემატკივარი გამოდგა და სხვა დროს ვერც კი წარმომედგინა თუკი ასე შეიძლებოდა შენი ქვეყნის თუნდაც შენს საყვარელ გუნდთან დაპირისპირებული კლუბის სიძულვილი. “ბოკა ხუნიორსი“ ვისაც უყვარს მე მათთან არაფერი მაქვს საერთო, მაგრამ თქვენ ქართველები ხართ და გეპატიებათ, რადგან არ იცით, რომ მე ციხეში ექვსი თვე სწორედ “ბოკას“ გულშემატკივრებთან ჩხუბის გამო გავატარე“ – თქვა იმ კაცმა და მთლიანად დამიკარგა მასთან ფეხბურთზე საუბრის სურვილი. არადა არგენტინელთან რამდენი რამის თქმა და გახსენება შეიძლებოდა... მაშინ ნათლად დავინახე თუ რას გულისხმობენ, როდესაც “ბოკა“–“რივერის“ მუდმივ დაპირისპირებაზე საუბრობენ...
“ბოკას“ გარშემო მომხდარ ამბებს სხვა ეშხი და უცნაური გრძნობები ახლავს თან. ალბათ ამის მიზეზი ისიცაა, რომ მსგავსი რამ ევროპული ფეხბურთისათვის და ევროპელებისათვის ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელია. ჩვენი ფეხბურთისა რა გითხრათ და ტერიტორიულად მაინც ხომ ვართ ევროპა...







