კალათბურთი

23:06 | 30.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელებმა ისრაელს ვეღარ აჯობეს და 5-8 ადგილებისთვის იბრძოლებენ

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის „ა“ დივიზიონში გადასასვლელ ბრძოლას გამოეთხოვა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელმაც წარმატებით დაძლია პირველი ჯგუფური ეტაპი, მეორე ჯგუფში პირველი მეტოქე ისლანდია უდაძაბულეს ბრძოლაში - 87:85 დაამარცხა და ნახევარფინალში გასვლის მცირე, თუმცა შანსი ჰქონდა.

ისრაელთან მატჩის წინ ცნობილი იყო, რომ საქართველოს ნაკრებს მინიმუმ 18-ქულიანი გამარჯვება სჭირდებოდა, ნახევარფინალში გასვლა რომ გაენაღდებინა. თუ 18-ზე ნაკლებით მოიგებდა, მაშინ იმის იმედზე უნდა ყოფილიყო, რომ ისლანდიას შვედეთი დაემარცხებინა. ერთი სიტყვით, ქართველები ძალიან რთული ამოცანის წინაშე იდგნენ და მიზანს ვერც მიაღწიეს.

ქართველების მეტოქე ისრაელი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია და დიდი ალბათობით „ა“ დივიზიონშიც გადავა. ახლო აღმოსავლელებს ქართველებმა ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუმართეს. საწყისი ათწუთეულის 15:25 წაგების მიუხედავად, გია კაზანჯიანის გუნდმა მძლავრი მეორე პერიოდი ჩაატარა და თამაშის მე-15 წუთისთვის მეტოქესთან ჩამორჩენა 4 ქულამდე (27:31) შეამცირა.

სამწუხაროდ, ეს აღმოჩნდა მაქსიმუმი. დიდ შესვენებამდე ებრაელებმა ლიდერობა 9 ქულამდე გაზარდეს და მეორე ნახევარში ქართველებს ყველაფერში აჯობეს. საბოლოოდ ისრაელის ნაკრებმა 107:67 იმარჯვა და საქართველო ნახევარფინალს, შესაბამისად, „ა“ დივიზიონში გადასვლის შანსს ჩამოაშორა. ებრაელებს 207 სანტიმეტრი სიმაღლის ტაი ლეაფმა ულიდერა, რომელმაც 24 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

ქართველებს რაც შეეხებათ, 20 ქულით ლუკა ბულაშვილი გამოირჩა. 13 ქულა ჰქონდა ლადო ფურცხვანიძეს, ხოლო 10-10 ქულა ლევან გოგალაძემ და გიორგი ცირიკიძემ მიითვალეს. საქართველოს ნაკრებს ავსტრიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის „ა“ დივიზიონში 2 მატჩის ჩატარება დარჩა. კაზანჯიანის გუნდი V-VIII ადგილებისთვის იბრძოლებს. ქართველების პირველი მეტოქე სავარაუდოდ ინგლისი იქნება (გააჩნია, რომელ ადგილს დავიკავებთ) და წარმატების შემთხვევაში მე-5 ადგილისთვის მატჩს მეორე საკვალიფიკაციო წყვილის გამარჯვებულთან გამართავს. არადა, მე-7 ადგილისთვის მატჩი ელის.

ევროპის U18 ჩემპიონატი. მეორე ეტაპი. ობერვარტი. ავსტრია. 30 ივლისი

ისრაელი 107:67 საქართველო (25:15, 18:19, 24:15, 40:18)

www.gbf.ge

0.118004