ფეხბურთი

12:28 | 30.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი – მაინციდან დორტმუნდამდე

გერმანული სამწვრთნელო სკოლის ღირსეული წარმომადგენელი იურგენ კლოპი მრავალმხრივი სადამრიგებლო თვისებებით გამოირჩევა. მას მეტად კარგი, საქმიანი ურთიერთობა აქვს ჟურნალისტებთან, ნებისმიერ სიტუაციაში მასმედიელებთან მწვავე საუბარს არ გაურბის. საფეხბურთო ექსპერტის რანგით კლოპი ხშირად სტუმრობს ტელეარხებს, ბუნდესლიგის გუნდების დამრიგებლების საქმიანობას მიმოიხილავს და საკუთარი თავის მისამართით კრიტიკული სიტყვების ხმარებასაც არ ერიდება. უმთავრესი კი კლოპის ფეხბურთელებთან დამოკიდებულებაა. პროფესიით ფსიქოლოგს ზედმიწევნით ზუსტად ესმის თავისი მოთამაშეების და ბევრ მათგანთან მეგობრობს. კლოპის მიერ გაწვრთნილ გუნდს განუმეორებელი, ფეთქებადი, სწრაფი მანერა აქვს, ურყევი, მტკიცე ხასიათით გამოირჩევა. ერთი სიტყვით, იურგენ კლოპი თანამედროვე ფეხბურთის ფენომენია.

სამწვრთნელო კარიერამდე იურგენ კლოპს ხანგრძლივი სამოთამაშეო კარიერა ჰქონდა. მომავალი დამრიგებელი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ასპარეზობდა. კლოპი ვარსკვლავი ნამდვილად არ ყოფილა, მისთვის ერთხელაც არ დაუძახიათ “ბუნდესმანშაფტში”, თუმცა, საიმედო უკანახაზელის რეპუტაციით სარგებლობდა. 1990-ში, 23 წლისა იურგენი “მაინცში” გადავიდა და დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ამ კლუბს დაუკავშირა თავისი სამოთამაშეო და მოგვიანებით სადამრიგებლო კარიერა. 12 სეზონის განმავლობაში იცავდა კლოპი მაინცელთა ღირსებას და რადგანაც ეს კლუბი გერმანულ გრანდებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევდა, ფეხბურთელობისას მოპოვებულ-დამსახურებული ჩინ-მედლებით ვერც ჰერ იურგენი დაიკვეხნის. იგი უბრალოდ თამაშობდა, მწვანე მინდორზე 90 წუთის გატარებისგან სიამოვნებას იღებდა და ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში “მაინცისთვის” სასარგებლო ფეხბურთელიც იყო. 2001-ის თებერვლიდან, მომდევნოს იანვრამდე კლოპი ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, ამასობაში 34 წლისა შესრულდა და საფეხბურთო კარიერისთვის წერტილის დასმაც მტკიცედ გადაწყვიტა. “მაინცი” კლოპი-მოთამაშეს გარეშე დარჩა, თუმცა, მისთვის გაცილებით სასარგებლო კლოპი-მწვრთნელი შეიძინა.

მწვრთნელად გახდომიდან ორიოდე თვეში ჰერ იურგენმა გულშემატკივართა და სპეციალისტთა ყურადღება მიიპყრო. იმხანად “მაინცი” მეორე ბუნდესლიგაში გამოდიოდა, ამბიციურმა ექსმცველმა მიზნად გუნდის უპირველეს გერმანულ დივიზიონში გადაყვანა განიზრახა. საწყისი ორი სეზონის განმავლობაში კლოპისა და მისი შეგირდების მცდელობა ფუჭი გამოდგა, თუმცა, ორივეჯერ გუნდმა სატურნირო ცხრილში საბოლოოდ მეოთხე საფეხურზე მოახერხა დამკვიდრება და ზედა ლიგაში აღზევებისგან მცირედი დააკლდა. “მაინცმა” საწადელს 2004 წელს მიაღწია - ბუნდესლიგაში მესამე პოზიციიდან დაწინაურდა. “მაინცი” პირველად გახდა ბუნდესლიგის კლუბი, გულშემატკივრებმა კი წინასასეზონო აბონემენტები გაყიდვაში გატანიდან სულ რაღაც 5 საათის განმავლობაში დაიტაცეს. უძლიერესებთან პაექრობისას მაინცელები უსუსურად სულაც არ გამოიყურებოდნენ. კლოპის გუნდი ბუნდესლიგის შუაგულში დამკვიდრდა, ორჯერ უეფას თასის საგზურიც მოიპოვა, თუმცა, ევროარენაზე გამოსვლით გულშემატკივარს თავი დიდად ვერაფრით დაამახსოვრა.

კლოპი მუდმივად კარგავდა წამყვან მოთამაშეებს (ვორონინი, მანუელ ფრიდრიხი, მოჰამედ ზიდანი, სუბოტიჩი), რის გამოც “მაინცს” თანდათან გაუჭირდა. გუნდი ორჯერ დაქვეითებას ბეწვზე გადაურჩა, 2007-ის მაისში კი ბუნდესლიგიდან გავარდა. ჰერ იურგენმა საქვეყნოდ განაცხადა, თუკი უძლიერესთა რიგებში გუნდს ვერ დავაბრუნებ, მთავარმწვრთნელობიდან წავალო. “მაინცი” მეორე ბუნდესლიგის სამ საუკეთესო გუნდს შორის ვერ მოხვდა, კლოპმა კი სიტყვა შეასრულა. იმ მომენტისთვის უშუალო და მახვილგონივრულმა კლოპმა გერმანიის ყველაზე პერსპექტიული მწვრთნელის რეპუტაცია და დორტმუნდის “ბორუსიას” მიწვევა დაიმსახურა.

იურგენ კლოპმა მაინცში 18 წელიწადი გაატარა. გულშემატკივარმა მას მეტად ამაღელვებელი გაცილება მოუწყო. მაინცის გუტენბერგპლაცზე 20 ათასი ქომაგი (ქალაქის ყოველი მეათე მოსახლე) მივიდა. ჰერ იურგენს მაინცის ოფიციალური ჰიმნი შეუსრულეს და როდესაც კლოპმა სამადლობელი სიტყვის წარმოთქვა განიზრახა, აღელვებისგან ხმა აუთრთოლდა და ცრემლიც ვერ შეიკავა. ბოლოს მან შეკრებილ საზოგადოებას მაინც მიმართა, დაფასებისა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით მადლიერებით კი კლუბის გენერალური მენეჯერი კრისტიან ჰაიდელი მოიხსენია. სწორედ ამ უკანასკნელმა მიანდო “მაინცის” მართვის სადავეები გუნდის მარჯვენა მცველს. კლოპის თქმით, რომ არა ჰაიდელი გამორიცხული არაა, სადამრიგებლო კარიერაზე არცკი ეფიქრა.

დორტმუნდში კლოპი ენერგიულად შეუდგა საქმეს - ახალგაზრდა ფეხბურთელებით შემტევი, ფეთქებადი გუნდის შეკვრა დაიწყო. ახალმა დამრიგებელმა ძირითად შემადგენლობაში თანდათან სვენ ბენდერი, კევინ გროსკროიცი, ლუკაშ პიშჩეკი, ნური შაჰინი დააწინაურა. ისინი კარგად შერწყვნენ გამოცდილ რომან ვაინდეფელერს, დედეს, სებასტიან კელს, ლუკას ბარიოსს, იაკუბ ბლაშჩიკოვსკის. ორი წელიწადი დასჭირდა იურგენ კლოპს საჩემპიონო გუნდის შესაკვრელად. 2010-11-ის სეზონში (პირველობის სტარტის წინ დორტმუნდელები რობერტ ლევანდოვსკით გაძლიერდნენ) “ბორუსიამ” დაამტკიცა მიუნხენის “ბაიერნთან” არა მარტო ტოლ-სწორად თამაში, ბავარიული გრანდის დაჯაბნაც რომ შეეძლო. იურგენ კლოპის შეგირდებმა მიჯრით ორჯერ მოიგეს ბუნდესლიგა (ბოლოს გუნდს საჩემპიონო წოდება 2002-ში, ოტმარ ჰიტცფელდის წინამძღოლობით მოეგო). 2012-ში გუნდმა დუბლი შეასრულა, რითაც “ბაიერნი” სულაც უტიტულოდ დატოვა. დორტმუნდელთა მიერ 2011 და 2012 წლებში ვერცხლის სინის დაუფლების შემდეგ იურგენ კლოპს გერმანიის წლის საუკეთესო დამრიგებლად ასახელებდნენ.

როდესაც გერმანიის თასის ფინალში “ბორუსიამ” “ბაიერნი” 5:2 გაანადგურა, “რეკორდმაისტერის” იმდროინდელმა ბოსმა ული ჰიონესმა საქვეყნოდ განაცხადა, მჯერა დორტმუნდელები ახალ სეზონში ევროარენაზეც გაიბრწყინებენო.

“ბორუსიამ” ჰიონესის სიტყვები კარგად “შეისმინა”. თუკი წინა სეზონში იურგენ კლოპის გუნდმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, 2012-13-ის გათამაშება ტრიუმფულად ჩაატარა. დორტმუნდელები მადრიდის “რეალთან”, “მანჩესტერ სიტისა” და “აიაქსთან” ერთად “სიკვდილის ჯგუფში” მოხვდნენ. “ბორუსიამ” დამაჯერებლად, მაღალ დონეზე ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის საწყისი ეტაპი. კლოპის გუნდმა ორივე მატჩი მოუგო ამსტერდამელებს, საკუთარ “სიგნალ იდუნა პარკზე” “რეალსაც” მოუგო და “სიტისაც”, მადრიდსა და მანჩესტერში შეხვედრები კი ფრედ დაასრულა და მიმოსვლითი სტადია პირველ საფეხურზე დაასრულა. მერვედფინალში დორტმუნდელები იოლად გაუსწორდნენ მირჩა ლუჩესკუს “შახტარს”, მეოთხედფინალში, “მალაგას” წინააღმდეგ კი ევროსეზონის ყველაზე დრამატული ორთაბრძოლა გამოუვიდათ. გასვლაზე “ბორუსია” უგოლოდ დაშორდა სამხრეთესპანელებს, “სიგნალ იდუნა პარკზე” ჩატარებულ საპასუხო მატჩში მასპინძლები 90-ე წუთისთვის 1:2 მარცხდებოდნენ, თუმცა ბოლომდე იბრძოლეს და მსაჯის მიერ წამატებულ დროში, 2 წუთის ინტერვალით როისმა და სანტანამ ორჯერ გამოიჩინეს თავი.

არანაკლებ დრამატული გამოდგა ნახევარფინალში “რეალთან” გამართული ორი მატჩი. დორტმუნდში, პირველ ტაიმში გოლები რობერტ ლევანდოვსკიმ და კრიშტიანუ რონალდუმ გაცვალეს, შესვენების შემდეგ კი ბურთები მხოლოდ “ბორუსიას” პოლონელ ფორვარდს გაჰქონდა. ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთადერთია, რომელმაც ნახევარფინალურ პაექრობაში პოკერი გაახერხა, დორტმუნდელებმა კი 4:1 იმარჯვეს და ერთი შეხედვით, ფინალში გასვლის საკითხიც გადაჭრეს. “სანტიაგო ბერნაბეუზე” 30 აპრილს ჩატარებულ შეხვედრაში თავდაპირველად ყველაფერი კლოპის გუნდის სასიკეთოდ მიდიოდა, მაგრამ 83-ე და 88-ე წუთებზე ქარიმ ბენზემამ და სერხიო რამოსმა ორჯერ აიღეს სტუმართა კარი და ინგლისელი რეფერის ჰოვარდ ვების საფინალო ნიშნამდეც გვარიანაც ანერვიულეს დორტმუნდელები. საბოლოოდ “სამეფო კლუბმა” მესამე ბურთი ვეღარ გაიტანა და ლონდონის “უემბლიზე” გერმანული ფინალიც ვიხილეთ. გადამწყვეტ მატჩში ბედმა უფრო მეტად მიუნხენელებს გაუმართლა - 89-ე წუთზე არიენ რობენმა მეორე გოლი გაიტანა და დორტმუნდელებს ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგების შანსი მოუსპო.

ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში იურგენ კლოპის გუნდი კვლავ რთულ ჯგუფში მოხვდა. “ბორუსია” კვლავ პირველ პოზიციაზე გავიდა, ოღონდ ამჯერად ჩრდილოლონდონის “არსენალსა” და სამხრეთიტალიის “ნაპოლისთან” ერთად თანაბარი ქულები დააგროვა (სამივე გუნდს 4 მოგება და 2 მარცხი ჰქონდათ) და მეტოქეებს ურთიერთშეხვედრებში გატანილ-გაშვებული ბურთებით აჯობა. დორტმუნდელებმა მერვედფინალის ბარიერი უპრობლემოდ დაძლიეს, მეოთხედფინალში კი მადრიდის “რეალს” კიდევ ერთხელ გადაეყარნენ. გუნდებმა ამჯერად როლები გაცვალეს. “სანტიაგო ბერნაბეუზე” ბეილის, ისკოსა და რონალდუს გოლებით კასტილიელებმა 3:0 იმარჯვეს და “თავიც ქუდში დაიგულეს”, მაგრამ საპასუხო მეოთხედფინალის პირველსავე ტაიმში “ბორუსიამ” ორი ბურთი გაქვითა (ორივეჯერ თავი მარკო როისმა გამოიჩინა), მაგრამ მესამე გოლის გატანა არ მოხერხდა...

გასული ბუნდესლიგა “ბორუსიამ” ცუდად დაიწყო. ამას თავისი ობიექტური მიზეზი აქვს. გუნდთან ერთად იურგენ კლოპმა სრულფასოვანი წინასასეზონო მზადების ჩატარება ვერ მოახერხა. ერიკ დურმმა, კევინ გროსკროიცმა, რომან ვაინდენფელერმა, ახალწვეულმა მატიას გინტერმა და მატს ჰუმელსმა ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის გამო მოსამზადებელი პერიოდის დიდი ნაწილი გამოტოვეს და ბუნდესლიგის სტარტს შედარებით მოუმზადებლები შეხვდნენ. გუნდთან ადაპტაციის გავლა ვერ მოასწრეს ფორვარდებმა ადრიან რამოსმა, ჯი დონ-ვონმა და ჩირო იმობილემ.

გასული წლის ივნისში სერიოზული დაზიანება მიიღო მარკო როისმა, რის გამოც ბრაზილიაში ჩატარებული ბატალიების გამოტოვება მოუხდა. საბოლოოდ დორტმუნედელებმა ბუნდესლიგა მეშვიდე პოზიციაზე დაასრულეს, იურგენ კლოპმა კი მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

დღეს დორტმუნდის “ბორუსია” ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაებმება. ავსტრიის “ვოლფსბერგერის” წინააღმდეგ სათამაშოდ გუნდს ახალი დამრიგებელი ტომას ტუხელი გაიყვანს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135037