ავტოსპორტი

20:08 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

„ზაუბერი“ ნასრს და ერიქსონს მომავალ სეზონშიც დაიტოვებს

უნგრეთის დიდი პრიზის რბოლის წინ, „ზაუბერმა“ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონისთვისაც ფელიპე ნასრს და მარკუს ერიქსონს დაიტოვებს. არადა, მანამდე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ 22 წლის ნასრის წაყვანა „უილიამსს“ სურს, რომელიც ბრაზილიელი პილოტით, ვალტერი ბოტასს ჩაანაცვლებს. თავის მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოტასის კონტაქტი „ფერარიმ“ გამოისყიდა, რომელსაც კიმი რაიკონენის შეცვლა სურს.

„მარკუსთან და ფელიპესთან კონტრაქტებს ვაგრძელებთ. სეზონის შუაწელშივე დავრწმუნდით იმაში, რომ ორივე პილოტი და გუნდი სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ორივემ სოლიდური შესაძლებლობები გამოავლინა, გამოცდილება მიიღო ძალიან სწრაფად ისწავლა ბევრი რამ. ჩვენ კმაყოფილი ვართ მათი გამოსვლებით“, - განაცხადა „ზაუბერის“ შეფმა მონიშა კალტენბორნმა.

ნასრი „უილიამსის“ ყოფილი სარეზერვო პილოტია. მან ფ1-ში თავისი სადებიუტო სეზონი შესანიშნავად დაიწყო - ავსტრალიაში მეხუთე ადგილი დაიკავა. განვლილი 10 რბოლიდან კი სამში ქულების აღება შეძლო. და რაც მთავარია, „ზაუბერთან“ კონტრაქტის გაგრძელებით თავადაც კმაყოფილია. ერიქსონი 24 წლისაა და ფ1-ში მისი დებიუტი შარშან შედგა „კატერჰემის“ შემადგენლობაში. თავისი პირველი ქულები კი ასევე ავსტრალიაში, ამ სეზონის პირველ რბოლაში მოიპოვა, რომელიც მერვე ადგილზე დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ნასრსაც და ერიკსონსაც სპონსორები უმაგრებენ ზურგს, რომლებიც „ზაუბერის“ ბიუჯეტს არაერთი მილიონი დოლარით ავსებენ. ამის მიუხედავად, შვეიცარიული გუნდი მუდმივად ფინანსების უკმარისობას განიცდის, რაც განვითარებაში უშლის ხელს.

ამ ეტაპზე, ფორმულა ერთის პილოტების სატრანსფერო ბაზარი, პირველ რიგში, კიმი რაიკონენის „ფერარიში“ დარჩენაზეა დამოკიდებული. გავრცელებული ინფორმაცია მარანელოელთა მიერ ბოტასის კონტრაქტის „უილიამსისგან“ გამოსყიდვაზე, ჯერ არაოფიციალურია. და თუ ბოტასი რიკონენს შეცვლის, მაშინ „უილიამსში“ ვაკანსია გაჩნდება, რომლის შევსებაზეც რამდენიმე პილოტის კანდიდატურა სახელდება. მათ შორის იყო ნასრიც.

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115694