ფეხბურთი

13:20 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქეების წარდგენა: უელსი - ოპტიმისტური წარსული

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გარკვეულია. უელსი, სერბეთი, ავსტრია, ირლანდია და მოლდოვა - სწორედ ამ გუნდებთან მოუწევთ შეჭიდება "ჯვაროსნებს" მომავალი წლის შემოდგომიდან.

წარმოგიდგენთ ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდის მეტოქეების წარდგენას. დავიწყოთ უელსის ნაკრებით.

საწყისი

უელსის ნაკრებმა პირველი მატჩი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, 1876 წელს ჩაატარა. მაშინ ბრიტანულ დერბიში შოტლანდიელებთან 0:4 დამარცხდნენ. იმავე სქოთებთან აღინიშნება უელსელთა ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი - 1878 წლის 23 მარტს, - 0:9.

ფინალური ეტაპი

უელსის ნაკრებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ერთადერთხელ უთამაშია და ისიც, შორეულ 1958 წელს. შვედეთში ჩატარებულ მუნდიალზე უელსმა 4 მატჩი ჩაატარა და 3 ფრედ დაასრულა, ერთიც წააგო.

დანარჩენ შემთხვევებში მათთვის ფინალური ეტაპი ამ დრომდე მიუწვდომელია.

ამასთან ბოლოს ყველაზე ახლოს 2004 წელს იყვნენ. მაშინ ევრო პირველობის შესარჩევ ციკლს მარკ ჰიუზის გუნდი კარგა ხანს ლიდერობდა, მაგრამ იტალიასთან წაგებით (0:4), გუნდმა პლეი-ოფში გადაინაცვლა. იქ კი, მოსკოვში რუსეთთან ნულოვან ფრედ კი მიაღწია, თუმცა კარდიფში 0:1 წააგო და პორტუგალიის საგზურს დაემშვიდობა.

ახლა

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურთან კი კრის კოულმენის გუნდი ერთ ნაბიჯშია. "დრაკონები" თავიანთ შესარჩევ ჯგუფს 6 ტურის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობენ და თუ უკან მყოფ გუნდებს გადავხედავთ, იმას გავითვალისწინებთ, რომ ფინალურ ეტაპზე ორი გუნდი გადის (მესამე პლეი-ოფში), ადვილი მისახვედრი იქნება, რომ ერთი წლის თავზე საფრანგეთში დიდი ალბათობით უელსს ვიხილავთ.

წარსული

უელსის ფეხბურთს ცალკეული ვარსკვლავები თითქმის ყველა პერიოდში ჰყავდა. ნევილ საუთჰოლი, მარკ ჰიუზი, რაიან გიგზი, კრეიგ ბელამი და აწ გარდაცვლილი გარი სპიდი. ეს ფეხბურთელები თითქმის ერთი თაობის არიან, თუმცა მათთა ერთად უელსმა დიდ წარმატებას ვერ მიაღწია.

ახლანდელი გუნდი

უელსის ნაკრებს სათავეში 2012 წლიდან კრის კოულმენი უდგას. ფეხბურთელთა ძირითადი ბირთვი კი გასაკვირი არაა, რომ ინგლისურ კლუბებს წარმოადგენენ. გუნდის კაპიტანი "სუონს სიტის" 30 წლის მცველი ეშლი უილიამსია, რომელსაც ნაკრებში 51-ჯერ უთამაშია. თუმცა "დრაკონთა" ლიდერებად მაინც მადრიდის "რეალის" ძვირადღირებული შემტევი გარეთ ბეილი და ლონდონის "არსენალის" შუახაზელი აარონ რემზი მიიჩნევიან. მათ თამაშზე დიდადაა დამოკიდებული ნაკრების წარმატება თუ წარუმატებლობა.

ჩვენთან

უელსისა და საქართველოს ნაკრებებს აქამდე სამჯერ უთამაშიათ. ორჯერ ოფიციალურად, ერთხელ - ამხანაგურად. ბრიტანული გუნდი იმ იშვიათთაგანია, რომელთანაც "ჯვაროსნებს" დადებით და თანაც 100%-იანი ბალანსი გააჩნია. უელსელებს 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორჯერ ვაჯობეთ; თბილისში 5:0, კარდფიში - 1:0. ბოლოს კი 2008 წელს სპარინგში ჰექტორ რაულ კუპერის ნაკრებმა 2:1 გაიმარჯვა.

საქართველო - უელსი 5:0 (ევრო 1996-ის შესარჩევი)

16 ნოემბერი, 1994 წელი, თბილისი, ეროვნული სტადიონი, 55.000

გოლები: ქეცბაია (31, 49), ქინქლაძე (41), გოგრიჭიანი (59), შოთა არველაძე (67)

უელსი - საქართველო 0:1 (ევრო 1996-ის შესარჩევი)

7 ივნისი, 1995, კარდიფი, "არმზ პარკი", 9.000

გოლი: ქინქლაძე (73)

უელსი - საქართველო 1:2 (ამხანაგური მატჩი)

20 აგვისტო, 2008, სუონსი, "ლიბერთი სთედიუმი", 7.000

გოლები: კუმესი (16), ყენია (66), გოცირიძე (90)

მატჩების განრიგი უელსის წინააღმდეგ:

უელსი - საქართველო, 2016 წლის 9 ოქტომბერი

საქართველო - ეულსი, 2017 წლის 6 ოქტომბერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11477