კალათბურთი

1:12 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

არც ანტიჩი, არც მაკკალები
მაკედონიამ ევრობასკეტისთვის მზადება დაიწყო

მაკედონიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა, ტურნირისთვის მზადება დაიწყო, თუმცა, შეკრებაზე არც პერო ანტიჩი გამოჩენილა და არც – ბო მაკკალები.

მოგეხსენებათ, ეს კალათბურთელები მაკედონიელთა აღიარებულ ლიდერებად ითვლებიან და გუნდისთვის ტრიუმფალურ 2011 წლის ევრობასკეტზე დიდებულად გამოიყურებოდნენ, ახლა კი, როგორც სჩანს, ნაკრებში თამაშს აღარ აპირებენ.

აღნიშნულს მაკედონიის კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობა გვაფიქრებინებს, რომლის თანახმადაც შეკრებაზე მწვრთნელის მიერ გამოძახებული 16-ვე კალათბურთელი გამოცხადდა.

ესენი კი ვლატკო ილიევსკი, ალეკსანდარ კოსტოვსკი, ანდრეი მაგდევსკი, ვოიდან სტოიანოვსკი, დამიან სტოიანოვსკი, დარკო სოკოლოვი, ივიცა დიმჩევსკი, მარკო სიმონოვსკი, ვლადიმირ ბრჩკოვი, სტოიან გუროვსკი, მარიან იანევსკი, ბოიან ტრაიკოვსკი, პრედრაგ სამარძისკი, ბოიან კრსტევსკი, ლუბომირ მლადენოვსკი და კირილ ნიკოლოვსკი არიან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მაკედონიის კალათბურთის ფედერაციამ ფინანსური უთანხმოების გამო, სერბ ალეკსანდარ ჯიკიჩს კონტრაქტი გაუწყვიტა, მთავარ მწვრთნელად კი მარიან სრბინოვსკი დანიშნა.

ეს უკანასკნელი გასული წლების განმავლობაში, ასისტენტ მწვრთნელად მუშაობდა, ახლა კი, დააწინაურეს. ცნობილი გახდა ისიც, რომ სრბინოვსკის დახმარებას მაკედონიის 21-წლამდელთა გუნდის დამრიგებელი მარინ დოკუზოვსკი გაუწევს.

მაკედონიის ეროვნული ნაკრები ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით სკოპიეს “იანე სანდანსკიში” შეიკრიბა, სადაც 6 აგვისტომდე მოემზადება. ამის შემდეგ გუნდი ოჰრიდს მიაშურებს და ტრადიციულ “მაკედონიის თასზე” უკრაინას და ისრაელს გაეჯიბრება.

10 აგვისტოს ისრაელთან კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი, 14-ში კი ვენესუელასთან თამაშია. ამას გარდა, მაკედონიელები საერთაშორისო ტურნირებზე არიან მიწვეულნი ლიტვაში, ესპანეთსა და ლატვიაში.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში მაკედონიელები ქართველთა გარდა, მასპინძელ ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვენიას და ჰოლანდიას ეთამაშებიან. ისიც ვთქვათ, რომ ქართულ-მაკედონიური დაპირისპირება ზაგრებში 9 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი.

0.136734