ბლოგი

14:42 | 26.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რივერ პლეიტი” - ლოცვით, იმედით და ნიჭით

ღამეა. მშვიდი, უშფოთველი თუ დარდიანი ძილით სძინავთ ქალაქებსა და სოფლებს, დაბებსა და დევნილთა ჩასახლებებს, ღარიბებსა და მდიდრებს. სძინავს ბუენოს აირესის დიდ ნაწილს უცნაურად ბოღმიანი ძილით და ალაგ-ალაგ თუ გაისმის ბარებიდან გამომავალი ტანგოს ჰანგები, რომელსაც მთვრალი ჯეელების ჩახლეჩილი ხმები ენაცვლება. არ სძინავს ბუენოს აირესის მხოლოდ ერთ უბანს, სადაც სახლების წინ დადგმულ ძელსკამებზე, ტროტუარებზე და შუა გზაზეც კი უამრავი ადამიანი ჩამომჯდარა, ზოგი ფეხზე დგას, ზოგი მოქანცული ქანაობს და ყველანი ერთად ლოცულობენ სასწაულისთვის, რომელიც სულ მალე უნდა მოხდეს.

ჩართულია ძველი რადიომიმღებები და ავტომობილების ციცქნა ტელევიზორები, გახსნილია გულები და ლუდის ბოთლები. სულ ცოტაც და დიდი ხნის ოცნება ახდება. ცოტაც და ის მოხდება, რისთვისაც ღირს ცხოვრება და და ამდენწლიანი მოლოდინი. “რივერ პლეიტი” ლიბერტადორესის თასის ფინალში! ეს სასწაულია! მით უმეტეს ამდენი უბედურებისა და ვაგლახის შემდეგ!

“რივერ პლეიტის” ახალგაზრდა მწვრთნელის, მარსელო გალიარდოს ხუჭუჭი თმა და დაწითლებული თავპირი ჯერ კიდევ 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგონებებს მოჰყვება თან, როდესაც ჯერაც უწვერულვაშო ყმაწვილმა გალიარდომ ინგლისის ნაკრებთან დანიშნულ თერთმერმეტრიანების სერიაში თავისი გოლი გაიტანა და ისე აბღავლდა, როგორც სანტაფელი ფერმერის შვილი მისი საყვარელი ხბოს დაკვლის წინ. მერე იყო ფრანგული თავგადასავლები ცოტა ლოთობითა და ბევრი ქალებით მოსილი, მერე იყო შეერთებული შტატები და ბოლოს იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო _ არგენტინა!

ბუენოს აირესის ქუჩებში მოზეიმე “რივერ პლეიტის” ქომაგებმა შესანიშნავად უწყიან ამ კლუბის წარსულის უმცირესი დეტალებიც კი და აბა რა დაავიწყებთ უახლოეს წარსულს, როდესაც “რივერი” ისე დაეცა, რომ რანგით მეორე ლიგაში ამოჰყო თავი და ამ ვაგლახს მოსისხლე “ბოკა ხუნიორსის” ქომაგთა აურაცხელი ქალიკი და დაცინვა ახლდა თან. უბედურება კიდევ ასატანია, თუკი ეს ამბავი შენმა მტერმა არ იცის. მტერმა თუ იცის, სწორედ მაშინაა უბედურება მწარე და მსუსხავი. ამ ოხერ “ბოკას” გულშემატივრებს კი აბა სად დაემალები?

და მერე მოხდა სასწაული, რომელსაც “რივერ პლეიტის” ყველაზე გადარეული და შერყეული ქომაგიც კი რომ ძალიან რთულად წარმოიდგენდა. 39 წლის მარსელო დავიდ გალიარდოს ნიჭითა და მეოხებით კლუბმა ჯერ არგენტინაში დაიბრუნა დაკარგული პოზიციები და ახლა უკვე კონტინენტის უპირველესი საკლუბო ტურნირის ფინალშიც გავიდა, საიდანაც ჩემპიონობა როგორც იტყვიან ერთი ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ მოდით მაინც ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და “რივერ პლეიტის” რიგით ქომაგებთან ერთად ჩვენც დავტკბეთ შესანიშნავი თამაშით მიღწეული ამ შედეგებით, რომელიც ერთ და ორ დღეში არ დამდგარა.

სანამ ბუენოს აირესის ნახევარი ლოცულობს და კიდით-კიდემდე ყველა წმინდანს შესთხოვს კიდევ ერთხელ “გაიხსნას ცა” და “რივერ პლეიტმა” ლიბერატადორესის თასი აიღოს, მანამდე ამ კლუბის ოდინდელი მოსისხლე, დიადი “ხუნიორსელი” დიეგო მარადონა ამ სიტყვებს ამბობს: ”ღმერთი მხოლოდ ძლიერებს სწყალობს და თუკი წელს “რივერმა” თასი ვერ აიღო, მე ვიტყვი, რომ ღმერთს სამართლიანობა მიავიწყდა” _ ამბობს მარადონა და თავის “ღმერთის ხელით” სიგარას უკიდებს. გაგიკვირდებათ და ხანდახან მარადონაც კი მართალია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150068