ფეხბურთი

11:42 | 21.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაურ სვანაძე: “მოდუნებას არ ვაპირებთ”

ბაქოს “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სვანაძემ უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სახლში ისლანდიის “ჰაფნარფიოდურთან” მატჩამდე, azerisport.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პირველ შეხვედრაში გამარჯვების (2:1) მიუხედავად, მისი გუნდი მოდუნებას არ აპირებს.

-გუნდში განწყობა როგორია და მზადებაზე რას იტყვით?

-გუნდი თავს კარგად გრძნობს. მზადება ჩვეულებრივად მიმდინარეობს. განწყობა კარგი გვაქვს, მაგრამ იოლი თამაში არ გველის. არცთუ მარტივი მეტოქე გვყავს.

-სტუმრად გამარჯვება თქვენს შეგირდებს ხომ არ მოადუნებს?

-არავითარ შემთხვევაში. შარშან შვედეთის “ელფსბორგთან” ჩატარებული მატჩები არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც სტუმრად მოვიგეთ, მაგრამ სახლში დავმარცხდით. ის წაგება იმდენად კარგად გვახსოვს, რომ მოდუნებას არ ვაპირებთ.

-პირველი მატჩის ბედი “ინტერმა” მას მერე გარდატეხა, რაც მეტოქე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მეტოქესთან ტოლსწორად თამაში შეგიძლიათ, როდესაც მოედანზე თანაბარი შემადგენლობებით იქნებით? გაძევებამდე ხომ აგებდით.

-პირველ ტაიმში მეტოქეს უპირატესობა არ ჰქონდა. სიტუაციას პენალტამდეც ვაკონტროლებდით. გოლის გატანამდე მოწინააღმდეგეს რეალური სახიფათო მომენტი არ შეუქმნია. ყველაფერი რაც შექმნეს, სტანდარტული მდგომარეობებიდან იყო.

-როგორც პირველ რაუნდში “ლაჩისთან”, თქვენს გუნდს სახლში ნულოვანი ფრე კვლავ დააკმაყოფილებს. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი თამაში იქნება?

-შეიძლება ასე ითქვას. თუმცა, დაცვაში “ჯდომას” არ ვაპირებთ.

-რამდენად დიდია შანსი, რომ მატჩში კვლავ ნულოვანი ფრით დასრულდეს?

-ამას ვერ გეტყვით. თუმცა, საკუთარ საჯარიმო მოედანზე თუ “ჩავიკეტებით”, დიდი პრობლემები შეგვექმნება. მეტოქე სტანდარტული მდგომარეობების შესრულებისას და ასევე, მეორე სართულზე ძლიერია.

-მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის კენჭისყრამ იმედი გაგიცრუათ?

-ამის შესახებ არ ვფიქრობ. ჯერ ისლანდიური კლუბი უნდა გავიაროთ.

-ბილბაოს “ატლეტიკის” მთავარმა მწვრთნელმა “ინტერ არენის” ხელოვნური საფარის ნაკლოვანებებზე უკვე ისაუბრა...

-მათ ამის უფლება აქვთ. ჩვენ მსგავსი ფუფუნების საშუალება არ გვაქვს.

-თუმცა, თქვენ ხომ ელოდით, რომ ამ ეტაპზე ასეთ მეტოქესთან თამაში მოგიწევდათ?

-მსგავს ძლიერ მეტოქეებთან თამაში უკეთესია. უფრო მეტ თავდაჯერებასა და გამოცდილებას შევიძენთ. “ატლეტიკი” ხომ პრიმერა დივიზიონის კლუბია.

0.115109