ჯიჯი ბუფონი მამა კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე მესამედ გახდება და როგორც იტალიის “ყვითელი” მედია გვამცნობს, ბუფონის მომავალი ბავშვის დედა და ახალი გულისსწორი, პოპულარული აპენინელი ტელეწამყვანი, ილარი დამიკო ამ ფაქტით ნამეტნავადაა აღფრთოვანებული და თავის სიხარულს ყველას უზიარებს.
ჯიჯი და ილარი ამჟამად გაუბედურებული საბერძნეთის ულამაზეს კუნძულებზე ისვენებენ და ბუფონის სატრფოს ჩამგვალებულ მუცელს ვინც კი არ იზარებს ყველა უცქერის. ილარი დამიკო კი იძახის, რომ დარწმუნებული ვარ ბიჭი მეყოლება და თუ ეს ასე მოხდება, იმისაც მჯერა, რომ იტალიას ახალ დიდ გოლკიპერს გავუზრდიო.
როგორც უკვე იცით, ჯანლუიჯი ბუფონს თავის პირველ ცოლთან, ცნობილ ჩეხ მოდელ ალიონა სერედოვასთან უკვე ყავს ორი ვაჟიშვილი: დევიდი და ლუისი და არაა გამორიცხული, რომ მამას ამჯერად ქალიშვილის ყოლა უნდოდეს, მაგრამ აბა თქვენ ერთი ილარი დამიკოს კითხეთ...







