ბლოგი

17:33 | 12.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლეო მესი და ბენიტო მუსოლინი

ჰიტლერის თანადგომისა და მხარზე ხელის ტყაპუნის მიუხედავად, ბენიტო მუსოლინიმ, იგივე “დუჩემ” შესანიშნავად იცოდა, რომ იტალიის მაშინდელ ფაშისტურ არმიას დიდი წინააღმდეგობა შეხვდებოდა საბერძნეთში და ბერძნები ასე ადვილად არ შეუშვებდნენ მის ჯარს ქვეყნის სიღრმეში. მუსოლინის მრავალრიცხოვანი მრჩევლებიც ურჩევდნენ ომის დაწყებამდე ჯარის გაძლიერებას, რადგან არსებული რესურსებით მოტივირებული (სამშობლოს როდესაც იცავ მოტივაცია ყოველთვის მაღალი გაქვს) მოწინააღმდეგე არაფერს დათმობდა. ბენიტომ კი გაიცინა და თავის გენერლებს სიცილით უთხრა: ”მაშ თქვენ გგონიათ ვერ ჩავალ ათენამდე? ეს თუ ასე იქნება მაშინ საერთოდ ერთ ნაბიჯსაც კი გავადგამთ იტალიიდან?”. იტალიელი ფაშისტები იმ ომში სასტიკად დამარცხდნენ, მუსოლინის ის სიჯიუტე და თავქარიანობა კი იმდენად ძვირი დაუჯდა, რომ საკუთარ ქვეყანაში დაკარგა ნდობა და იტალიელები მიხვდნენ, რომ მყვირალა ”დუჩეს” როხროხის უკან ერთი ბაქია და არაფრის მაქნისი კაცი იმალებოდა. ხალხს დამარცხებული და თავისნათქვამა ლიდერები არ უყვარს. მით უმეტეს ისეთი ლიდერები, რომლების გადამწყვეტ ბრძოლებში ერთმანეთის მიყოლებით მარცხდებიან.

თუკი ვინმეს მოუბრუნდება ენა და იტყვის, რომ ჩილეს ნაკრები კოპა ამერიკის ჩემპიონი უღირსად გახდა, მან ისიც უნდა განმარტოს იყო თუ არა არგენტინა ჩემპიონობის ღირსი და რა უფრო ფასეული ანტი-არგუმენტია _ მასპინძლობის თანმდევი ირიბი გამართლებები თუ ის, რომ მსოფლიო გრანდი გქვია და ამდენი წელია ერთი ჟანგიანი ოქროს მედალიც კი სანატრელი გაგიხდა.

ლეო მესი უთქმელი კაცია და მის პიროვნულ თვისებებში არ ზის წუწუნი და სხვისთვის თავისი გაშტერების გადაბრალება. მესის ამ თვისებებზე ბევრს დაუწერია და ალბათ არც ღირს აქ შეჩერება, მაგრამ სიკეთე, სიქველე, თავმდაბლობა, ჯიგრობა, ხელგაშლილობა, სიკისკისე და კარგი სიტყვა-პასუხი დიდი ბოდიში მიმითხოვია და არც ჩემპიონობისთვის კმარა და არც იმისათვის, რომ გაამართლო ის იმედები, რასაც შენზე მთელი საფეხბურთო სამყარო და პირველ ყოვლისა შენი სამშობლო ამყარებს. გადამწყვეტ მომენტში მთვრალი რუსივით ბარბაცი და დოინჯის წელზე შემორტყმა კი ის უბედურებაა, რაც წესით მესისთანა დიდ ვარსკვლავებს არ უნდა სჭირდეთ, მაგრამ რეალობა ისაა რაც არის და არა ის, რაც ჩვენ გვინდა რომ იყოს.

რა თქმა უნდა ლეო მესი არ ყოფილა არგენტინის ნაკრების ეს უკვე მერამდენედ ფინალში დამარცხების ერთადერთი მიზეზი. “ალბისელესტეში” არაერთი ფეხბურთელი იყო, რომლებმაც კოპა ამერიკაზე მესიზე ბევრად ცუდად იბურთავეს და თუკი მარგი ქმედების კოეფიციენტებს დავაჯამებთ, შესაძლებელია თავის გუნდში მესი მართლაც საუკეთესოდ წარმოჩინდეს, მაგრამ იყო საუკეთესო, ეს არ ნიშნავს რომ იყო პირველი და თუკი გინდა იყო პირველი, ერთხელ მაინც უნდა შეძლო, რომ გადაახტე საკუთარ თავს და ერთ ტურნირზე მაინც გააჩემპიონო შენი ქვეყნის უმთავრესი ნაკრები. ბევრმა ეს ვერ შეძლო და მათ სახელებს არასოდეს მოიხსენიებენ ზიდანის, მარადონას, პელესა და ბეკენბაურის გვერდით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იულიუს კეისარი რომ იყო, ომი უნდა მოიგო და არა ბრძოლები.

კეისარი და ბენიტო მუსოლინი წარსულში დარჩნენ, ლეო მესი კი ჩვენი თანამედროვეა და სულ მალე ალბათ თბილისშიც გააგორებს ბურთს. ჩამოვა, გახედავს მთაწმინდის მთას, ბებერ კავკასიონს, მერე გამოვა მინდორზე და შეიძლება კიდევ ერთი საკლუბო ტიტულით გაამდიდროს საკუთარი ბიოგრაფია, მაგრამ მესიმ ისიც უნდა იცოდეს, რომ სანაკრებო დონეზე მისი გაშტერებები გულშემატკივრებს არასოდეს დაავიწყდებათ, რადგან ნაკრები და სამშობლო (თუნდაც ეს სამშობლო ფაშისტური იტალია ან პუტჩისტური არგენტინა იყოს) უპირველესია და იმედია ასე იქნება ყოველთვის!

0.130934