ბლოგი

14:45 | 5.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ცხინვალმა" ისტორია ევროპაში დაწერა

ჩვენი ქომაგებისათვის ყველა ქართული საფეხბურთო კლუბის წარმატება მნიშვნელოვანია და სასიხარულო. მით უმეტეს, თუკი ეს გუნდები იგებენ და ერთ ნაბიჯს დგამენ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ "ცხინვალმა" ვერ მოიგო და რუმინეთში გამართულ დაძაბულ შეხვედრაში ფრესაც დიდი წვალებით მიაღწია, მაინც ვფიქრობ, რომ ცხინვალელების მატჩი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სხვა ყველა ქართული კლუბის ერთად.

ერთი წლის წინ, ევროპულ ტურნირზე “ცხინვალამდე” გასული იყო საფეხბურთო კლუბი “გაგრა” და ეს ის შემთხვევებია, როდესაც სპორტისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა არათუ წარმოუდგენელი, ალბათ ღიმილისმომგვრელიც კია. არამხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს იმას, რომ ევროპის საფეხბურთო რუკაზე ქალაქი ცხინვალი მხოლოდ ერთი საფეხბურთო კლუბით ფიქსირდება და ისიც საქართველოს სახელით გამოდის. იმედია ასე იქნება იქამდე, სანამ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება მოხდება, რადგან ჩვენი ქვეყნისათვის ეს სულაც არაა უმნიშვნელო ბერკეტი და კონფლიქტური ფსევდორესპუბლიკების არაღიარების საქმეში თავისი დიდი როლიც აკისრია.

შარშან, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია და დონეცკ-ლუგანსკის ოლქების ოკუპაცია მოახდინა, პირველ ყოვლისა დაისვა კითხვები, თუ რა ეშველებოდათ რუსეთის მიერ დაპყრობილი ქალაქების საფეხბურთო კლუბებს. რუსეთის საფეხბურთო ჩინოსნები ადგილობრივ ქომაგებს ამშვიდებდნენ და არწმუნებდნენ, რომ ისინი ძველებურად გააგრძელებდნენ ფუნქციონირებას, ოღონდ უკრაინის ნაცვლად რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გადაპორტირდებოდნენ.

საბედნიეროდ რუსებმა ეს ვერ შეძლეს, რადგან უეფამ უარი თქვა საკუთარი პრინციპების გადახედვაზე და საკმაოდ დიდი ქალაქების: სევასტოპოლის, სიმფეროპოლის, ლუგანსკისა და დონეცკის საფეხბურო კლუბების ქომაგები მიხვდნენ, რომ მათ ქალაქებში ფეხბურთო დასამარდა, რადგან უკრაინა მათ დამოუკიდებლობას ან რუსეთთან მიერთებას არასოდეს აღიარებს, უეფა კი არ დაუშვებს სეპარატისტების რუსეთის ჩემპიონატში გამოსვლას.

სწორედ ამ სიტუაციის ფოზე, "ცხინვალი" გამორჩეულად დიდ საქმეს აკეთებს და შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ლიგაზე თუნდაც ამ კლუბისა და ქალაქის დასახელება უფრო მრავლისმეტყველია, ვიდრე დაფიქსირებული შედეგები. თუმცა, არც შედეგები დაეწუნებათ ცხინვალელებს. მიუხედავად იმისა, რომ რუმინელებმა ჩვენი გუნდის კარზე არაერთი შეტევა განახორციელეს და ობიექტურები რომ ვიყოთ წაგებას რაღაც საოცარი იღბლით ვართ გადარჩენილი, 1:1 მაინც ის შედეგია, რომელიც მომავლის იმედებს იძლეა. საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული არცთუ გამორჩეული კლუბი "ცხინვალი" სწორედ ახლა ამბობს თავის ისტორიაში ყველაზე ხმამაღალ სიტყვას და რაოდენ სასიამოვნოა, რომ ის ამას საქართველოს დროშის ქვეშ აკეთებს.

"ცხინვალთან" დაკავშირებით ამ დღეებში ასევე მოვისმინე მშიშრულ-ირონიული მონოლოგები, რომ ცხინვალის კლუბის ევროტურნირზე მონაწილეობა რუსეთს გააღიზიანებს და მისთანანი. იმედია "ცხინვალის" ფეხბურთელები და ხელმძღვანელობა არასოდეს დაუგდებს ყურს ასეთ გამოხდომებს და თავიანთ საქმეს პროფესიონალურად და იმის რწმენით გააკეთებენ, რომ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც “ცხინვალი" მშობლიურ ცხინვალში ითამაშებს. ამის ყველას უნდა გვჯეროდეს!

0.111408