ვიგოს “სელტას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი სანტი მინა “ვალენსიაში” განაგრძობს კარიერას. აღნიშნული ტრანსფერი “ღამურების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
19 წლის შემტევმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მინას სანაცვლოდ “სელტამ” 7 მილიონი ფუნტი მიიღო.
“ეს ჩემთვის ახდენილი ოცნებაა. დიდი კლუბის წევრი გავხდი. ვაცნობიერებ, რომ ახალგაზრდა ასაკში ადვილი არ არის და დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. მე ვაპირებ ყოველდღე ბრძოლას, რომ უკეთესი გავხდე და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ჩვენ სწორი გზით მივდივართ და ესპანეთში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ.
ვტოვებ კლუბს, რომელმაც ყველაფერი მომცა. მე ყოველთვის მემახსოვრება “სელტა” და მისი გულშემატკივრები, რომლებთანაც ყოველთვის ბედნიერი ვიყავი.
“ვალენსიას” მსოფლიოში ყველაზე ერთგული და საოცარი ქომაგი ჰყავს, რომლებიც მუდამ ამხნევებენ გუნდს. მოუთმენლად ველი “მესტალიაზე” თამაშს”, - განაცხადა “ლოს ჩეს” ახალწვეულმა.
მინაზე ისაუბრა “ვალენსიას” თავჯდომარემ ლეი ჰუნ ჩენმა.
“მინა არის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ესპანელი მოთამაშე, რომელსაც ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. ის ნამდვილად გაგვაძლიერებს. “ვალენსიას” პროექტში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს და დღეს სანტის სახით, სწორედ ასეთი მოთამაშე შეგვემატა”, - განაცხადა ჩენმა.
მინა “სელტას” აღზრდილია და ძირითად გუნდში დებიუტი 2013 წელს ჰქონდა. ამ დროის განმალობაში გალისიური კლუბის რიგებში 50 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. მან გასულ სეზონში 24 ჩატარებულ შეხვედრაში 9-ჯერ აიღო მეტოქის კარი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. გამოსარჩევია “რაიო ვალეკანოსთან” მოგებული მატჩი (6:1), რომელშიც სანტიმ პოკერი შეასრულა.
გალისიელი შემტევი ესპანეთის 18 და 19 წლამდე ნაკრებებში თამაშობდა.






