რაგბი

15:47 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მგელაძე ქართულ რაგბიზე

რუსთავის “ხარებმა” შარშანდელის მსგავსად ახალი სეზონისთვის მზადება ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ გუნდი ჩემპიონატამდე თითქმის სამი თვით ადრე, 11 ივნისს შეკრიბა.

“მსოფლიო სპორტი” გამოცდილ სპეციალისტს განვლილ სეზონზე, გუნდში განხორციელებულ ცვლილებებზე, სამომავლო მიზნებზე და ზოგადად ქართულ რაგბიში შექმნილ მდგომარეობაზე ესაუბრა.

ლევან მგელაძე: როდესაც “ხარებში” მიმიწვიეს, კლუბის ხელმძღვანელობამ მიზნად პლეი ოფში შესვლა და გუნდის იმ ხერხემლის შექმნა დამისახა, რომელიც მომავალ ჩემპიონატებში ითამაშებდა. ეს ამოცანა წარმატებით შევასრულეთ. რიგი თამაშები მაღალ დონეზე ჩავატარეთ, მაგრამ გამოუცდელობის გამო, რამდენიმე მოსაგები თამაში წავაგეთ. პირველი წრე მეორე ადგილზე დავასრულეთ, მაგრამ გუნდმა ფსიქოლოგიურ დატვირთვას ვერ გაუძლო. მორაგბეები ტრიბუნებზე მოსულ გულშემატკივრებს უფრო მეტს უყურებდნენ, ვიდრე თამაშს და სტადიონმა დისკვალიფიკაციაც მიიღო. საშინაო თამაშები უფრო მეტი წავაგეთ, ვიდრე გასვლითი შეხვედრები, არადა, წესით პირიქით უნდა ყოფილიყო.

ძალიან კარგად იმუშავეს ჭაბუკთა “ა” ლიგის მწვრთნელებმა მათგან ჩვენ რამდენიმე მოთამაშე მივიღეთ, ექვს მორაგბეს კი, პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. საერთო ჯამში სეზონს დადებითად ვაფასენ, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ შეგვეძლო უკეთესი შედეგი გვქონოდა. და მაინც, საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა და იგივე “ლოკომოტივმაც” დამსახურებულად მოგვიგო. ჯერ კიდევ რეგულარული პირველობის მსვლელობისას ვთქვი, რომ ფინალს “ლელო” და “ლოკომოტივი” გაითამაშებდნენ და საბოლოოდ ასე მოხდა. ერთადერთი “ჯიქებმა” ითამაშა თავის შესაძლებლობაზე სუსტად.

- ახსენეთ და მართლაც ასე იყო, პირველი წრე “ხარებმა” მაღალ დონეზე ჩაატარა, რამდენიმე კარგი თამაში მოიგო და რატომ ვერ მოახერხა გუნდმა პოზიციების შენარჩუნება? ან იმავე “ყოჩებმა”, რომელმაც თავიდან საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა, რატომ ვერ შეძლო პოზიციების შენარჩუნება?

- ლიდერის წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებული მონდომებით თამაშობს. ჩემპიონის, ან ლიდერის დამარცხება, ყოველთვის უფრო პრესტიჟულად ითვლება, ვიდრე რიგითი გამარჯვება, არადა ქულები ერთნაირად იწერება. “ყოჩებზე” თუ ვისაუბრებთ, მათ მეორე წრეში ახალი ვარიანტების გამოცდა დაიწყეს და ამან არ გაამართლა, თუმცა, ფინალში მას უნდა ეთამაშა, მაგრამ “ლელოსთან” ბურთის აუტში გადაგდების ნაცვლად შეუტია, დაჯარიმდა და სწორედ ამ ჯარიმით დამარცხდა. ჩვენ შემთხვევაში ტრავმებმა და დისკვალიფიკაციამ იჩინა თავი. რამდენიმე მორაგბეზე მე ჩავთვალე, რომ კარგად იყო მომზადებული, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ზემოთნახსენებ დებიუტანტებს სამომავლოდ კარგი პერსპექტივა აქვთ, მაგრამ კონკრეტულ თამაშებში გამოცდილება არ ეყოთ.

- ახლა სატრანსფერო პერიოდია და რა ცვლილებები იქნება “ხარებში”?

- 20-წლამდელთა ნაკრების ბურჯი გიორგი მელიქიძე “სტად ფრანსეში” წავიდა და ეს ჩვენთვის უდიდესი დანაკლისი იქნება. ის არა მხოლოდ “ხარებს”, არამედ მთლიან ჩემპიონატს დააკლდება. ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ, საქართველოს ჩემპიონატი ქუჩის პირველობას დაემსგავსება. ფაქტობრივად, ყველა კარგი მოთამაშე, რომელიც 18-20 წლისაა, უცხოელებს მიჰყავთ. ჩვენ მათ ვერ ვაკავებთ, რომ განვითარებაში ხელი არ შევუშალოთ და რეალურად, არც არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია საამისოდ. ცუდია, რომ მსგავს შემთხვევებში ამ მორაგბეების აღმზრდელი კლუბები არანაირ კომპენსაციას არ იღებენ. აქედან გამომდინარე პრობლემები, ყველაზე კარგად ჩელენჯ ქაფის შესარჩევ ეტაპზე, იტალიელებთან მატჩში გამოჩნდა, სადაც მიწოლა წავაგეთ. ჩვენ რომ ოდნავ უკეთესი პირველი ხაზი გვყოლოდა, ლევან მაისაშვილი მაგ თამაშს მოიგებდა. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენ ევროთასებში ჩართვაზე უარი არ უნდა ვთქვათ.

- რადგან ევროთასები ახსენეთ, რაგბის კავშირის პოზიცია გეცოდინებათ, რომ ისინი ხელოვნურად თავკომბალა გუნდის შექმნას ეწინააღმდეგებიან, სათითაოდ კლუბებს, ამისათვის არც ფინანსური და არც სპორტული რესურსი ჰყოფნით. გამოსავალს რაში ხედავთ?

- რაგბის კავშირის პოზიციაა, არ უნდა შეიქმნას “არმიას” მსგავსი მონსტრი გუნდები, რომელსაც ყველა გამორჩეული მოთამაშე თავისთან მიჰყავს და სხვა გუნდებს შლის, მაგრამ მე ცოტა განსხვავებულად ვფიქრობ. გაჩნდეს “არმიას” მსგავსი გუნდი, ისიც ხომ მხოლოდ ერთხელ გახდა ჩემპიონი? ამ პერიოდში “ლელომ” და “აიამ” მოუმატეს თამაშს, “ლოკომოტივმაც” აჯობა. დიახ, ბოლო ადგილზე მყოფ გუნდებს ასეთი მონსტრი 80-100 ქულის სხვაობებით დაამარცხებს, მაგრამ მას კონკურენტები აუცილებლად ეყოლება. აბა წლევანდელი ჩემპიონატი ჯობდა? სადაც ბოლოსწინა ადგილოსანი ლიდერს ამარცხებდა? კანონზომიერება დაცული უნდა იყოს და ევროთასებზე გამსვლელი გუნდები დანარჩენებს უნდა უგებდნენ. ჩვენთან სხვა რამეა პრობლემა. ევროთასებზე მონაწილეობის ფულს რაგბის კავშირი არ უნდა იხდიდეს და ეს ხარჯი სრულად კლუბმა უნდა გაწიოს. სხვა ქვეყნის ფედერაცია არასდროს გადაიხდის კლუბის მონაწილეობის ფულს.

- ფაქტია, რომ კლუბებს ამის ფინანსები არ გააჩნიათ და როგორ უნდა დააინტერესონ სპონსორები, რომ სამომავლოდ ევროთასებზე მონაწილეობის შანსი გვქონდეს?

- კლუბს სპონსორისთვის ერთადერთი რეკლამის გაკეთება შეუძლია, თორემ სხვა მხრივ მას უბრალოდ ფული უნდა აჩუქონ. ადრე ტელევიზიით შუქდებოდა თამაშები და სპონსორის სახელი გაიჟღერდა, ახლა მსგავსი არაფერი ხდება და ხშირად თავგადაკლული გულშემატკივრებიც ვერ იგებენ ანგარიშს. თამაშებიც ისეთ დროს უნდა დაინიშნოს, რომ გულშემატკივარი მივიდეს და მხოლოდ ასეა შესაძლებელი სპონსორის მოზიდვა. წინა წლებთან შედარებით, რაგბი პოპულარული გახდა, მაგრამ მეტი პოპულარულობაა საჭირო. გასული სეზონის დასაწყისში, “ბათუმთან” მატჩზე ტრიბუნებზე 2500 მაყურებელი იყო მოსული, მაგრამ მერე სტადიონი დაისაჯა, “ჯიქებთან” ცარიელი ტრიბუნების წინაშე ვითამაშეთ და უკვე უშუალო კონკურენტებთან, “ლელოსთან” და “ყოჩებთან” თამაშს 500 და 300 გულშემატკივარი დაესწრო. ჩვენ თვითონაც აღარ გვინდოდა მაყურებელი, რადგან ნებისმიერი ინციდენტის შემთხვევაში, იყო საშიშროება უმაღლესი ლიგიდან დავექვეითებინეთ.

- ზემოთ მელიქიძეზე ვისაუბრეთ და კიდევ რა ცვლილებები იქნება “ხარებში”?

- გუნდიდან წასვლის სურვილი 13-მა მორაგბემ გამოთქვა და შვიდ მათგანზე ზუსტად ვიცი, რომ მომავალ სეზონს ისინი ჩვენთან არ შეხვდებიან. ესენი ის წლოვანი მორაგბეები არიან, რომლებიც პირველ გუნდში ვერ ხვდებოდნენ. დუბლშემადგენლობაში მათ თამაშს სჯობს ჭაბუკთა ლიგის დასრულების შემდეგ, ამ ახალგაზრდა ბიჭებს დუბლებში თამაშის საშუალება მივცეთ. ასეთი 12-13 მორაგბეა. “ხარებისთვის” ყველაზე დიდი დანაკლისი ვაჟა ხუციშვილი იქნება, რომელიც “ლოკომოტივში” გადადის.

ჩვენთან ერთი პრობლემაა. გუნდებს მორაგბეების აყვანა უნდათ, მაგრამ კლუბებისთვის ფულის გადახდა არა. ჩვენ ასე არ ვიქცევით და ახალი მორაგბე რომ აგვყავს, მის კლუბს რაღაც თანხას აუცილებლად ვურიცხავთ. მოკლედ, ტრანსფერის კანონი მოსაწესრიგებელია. ვაჟას ჩვენთან კონტრაქტი აქვს და ამიტომ, “ლოკომოტივს” გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს. ჩვენ მის შემცვლელად უკვე დავიმატეთ “არმაზიდან” გიორგი მისრიაშვილი და სხვათა შორის თანხა გადავიხადეთ. “თიბისიდან” დავიმატეთ უჩა მჭედლიძე. დანარჩენი შევსება ჩვენი ჭაბუკთა გუნდიდან გვექნება.

- რა ჯდება ქართულ კლუბებს შორის ტრანსფერი?

- მაქსიმუმი 25 ათასი ლარია, რომლის გადახდის შემთხვევაში, კლუბს არა აქვს უფლება, რომ მოთამაშე სხვა გუნდში არ გაუშვას. ძალიან ცუდია, რომ ქართული კლუბებიდან საფრანგეთში მორაგბეები ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე მიდიან. ბექა გორგაძე “მონ დე მარსანში” ისე წავიდა, ჩვენ არაფერი მიგვიღია, ახლა ის უკვე ეროვნულ ნაკრებში მოხვდა, “კლერმონს” უნდა მისი გადაყვანა და “მონ დე მარსანი” 60 ათას ევროს ითხოვს. ახლაც გვყავს ერთი ძალიან კარგი ბიჭი, აქუბარდია თორნიკე და სულ მეშენია მისი თამაშის, რადგან ზუსტად ვიცი ეგრევე დავკარგავთ. მისი სიმაღლე 198 სანტიმეტრია, მაგრამ როგორც კი მოედანზე გავიყვანთ, ეგრევე ვინმე წაიყვანს და ჩვენ კაპიკსაც ვერ მივიღებთ.

- აქედან გამოსავალი გრძელვადიანი კონტრაქტი ხომ არ იქნება?

- ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი კონტრაქტები, მაგრამ ფული რომ მოითხოვო მთელი რიგი დგება, რომლებიც გეხვეწებიან ბიჭს კარიერა არ გაუფუჭო. შედეგად, საქართველოს ჩემპიონატი ზარალდება.

- დავუბრუნდეთ ისევ “ხარებს”. გასულ ჩემპიონატში თქვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფეხით თამაში იყო და როგორ აპირებთ ამის გამოსწორებას?

- უახლოეს პერიოდზე სამმეოთხედელებზე გადავართვები და ამ პრობლემის გამოსწორებაზე ვიმუშავებ. საწყის ეტაპზე საჭიროდ ჩათვალე, რომ შერკინებას ტონუსი არ დაეკარგა. გასულ ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო შერკინება გვყავდა და თუ ამ დონეს შევინარჩუნებთ, ხაზიც ბევრად უკეთ ითამაშებს. მჭედლიძეც ამ პრობლემის მოსაგვარებლად დავიმატეთ. სწორედ ფეხით თამაშის გამო, ოთხი თამაში წავაგეთ მცირე სხვაობით - “არმაზთან”, “აიასთან”, “ბათუმთან” და “ლოკომოტივთან”, არადა, ამ ოთხ თამაშში 15 ჯარიმა და 4 გარდასახვა ვერ გამოვიყენეთ. კარში დამრტყმელი რომ არ გივარგა, მწვრთნელიც ირევი და იძულებული ხარ ლელოზე ითამაშო. მოწინააღმდეგეც თამამდება და ჯარიმის აღების აღარ ეშინია. ძალიან ბევრი ჯარიმა უბრალოდ აუტში ვერ გადავიტანეთ.

- როგორ მოემზადება “ხარები” მომავალი სეზონისთვის?

- მზადება 11 ივნისს დავიწყეთ, მაგრამ თბილისი-რუსთავის ესტაკადა რომ შენდება, გზაში პრობლემები იქმნება, 10-დღიანი შესვენება ავიღეთ და ვარჯიში 1 ივლისიდან გავაგრძელეთ. ფინანსებიდან გამომდინარე მხოლოდ რუსთავში ვივარჯიშებთ, სადაც სავარჯიშოდ ძალიან კარგი პირობებია. თუ თბილისურ კლუბებს დრო შეზღუდული აქვთ, იმიტომ, რომ მერე მოედანზე სხვა გუნდი უნდა შევიდეს, ჩვენ მსგავსი პრობლემა არ გვაქვს და როცა გვინდა და რამდენ ხანსაც გვინდა, იმდენს ვივარჯიშებთ.

- რადგან ქართული კლუბები ევროთასებზე არ თამაშობენ, რაგბის კავშირი ქართული კლუბებისთვის უცხოური შეკრებების მოწყობას, ან გუნდების ჩამოყვანას გეგმავდა და თუ არის რაიმე სიახლე ამასთან დაკავშირებით?

- არაფერი. ახლა ყველაფერი გადართულია საქართველოს ნაკრების მსოფლიო თასზე წარმატებულ გამოსვლაზე და სულ რომ არსად გავიდეთ და არც არავინ ჩამოვიდეს, უმთავრესი სწორედ ესაა. გვაქვს რეალური შანსი, რომ 12 გუნდში მოვხვდეთ და ამისათვის ყველამ ყველაფერი უნდა გავიღოთ.

- ნაკრები ახსენეთ და ახლახანს თბილისის თასი დასრულდა. როგორ შეაფასებთ ამ ტურნირს?

- თბილისის თასზე ძალიან ცუდად ვითამაშეთ. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აქვს თავისი ნიშა და მუდამ ამ დონეზე უნდა ითამაშოს. ამოწმებენ მოთამაშებს ამ შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელია - ეროვნული ნაკრები ყოველთვის კარგად უნდა გამოვიდეს და დანარჩენისთვისაა “მზარდი” ნაკრები, სადაც ვეტერანები არ უნდა თამაშობდნენ. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ თითზე ჩამოსათვლელი თამაშები ექსპერიმენტებისთვის გამოვიყენოთ. ვინც მსოფლიო თასზე უნდა ითამაშონ, იმათ ხომ უნდათ შეთამაშება? ვასწრებთ ამ ყველაფერს? კარგია, ამდენი ახალგაზრდები რომ მოდიან, მაგრამ ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მოთამაშეებისგან სათანადო მონდომება ვერ დავინახე, არადა, როდესაც შანსი გეძლევა, ის უნდა გამოიყენო. საქართველოს ნაკრების მაისურის ჩაცმა პრესტიჟულია და მას დაფასება უნდა. მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ვეტერანებს, რომლებმაც პირველებმა მოირგეს ნაკრების მაისური, იმათ, ვინც საფრანგეთში წავიდნენ და ნაკრების თამაშებზე საკუთარი ფულით დადიოდნენ და დღევანდელ ვარსკვლავებსაც, რომელმაც გუნდი სხვა დონეზე გაიყვანეს.

- სექტემბერ-ოქტომბერში ინგლისიდან რა შედეგს ელოდებით?

- აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება როგორ ჩაივლის მოსამზადებელი პერიოდი. საქართველოს რაგბის კავშირმა გუნდს იდეალური პირობები შეუქმნა. ვთვლი, რომ ორი თამაშის მოგება და იაპონიაში ავტომატურად მოხვედრა, ძალიან კარგი შედეგი იქნება. ნამიბიას აუცილებლად უნდა მოვუგოთ და ტონგასთან შანსები აბსოლუტურად თანაბარია. კი წავაგეთ ამ გუნდთან თბილისში, მაგრამ შესაძლოა გამიზნულად, იმ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს თავისი თამაში არ უჩვენებია. მჯერა, ინგლისში ტონგასთან უფრო შემტევ რაგბის ვითამაშებთ.

- და ბოლოს, რამის თქმა ხომ არ გინდათ გულშემატკივრისთვის?

- ვისარგებლებ შემთხვევით და ერთ გულისტკივილს ვიტყვი. არის რაღაცეები, რასაც ვალის მოსახდელად ვაკეთებთ და ეს ყველაზე მეტად არ მომწონს. ბევრი ფიქრობს, რომ დუბლშემადგენლობის ჩემპიონატი ხარჯის მეტი არაფერია, მაგრამ მე მიაჩნია, რომ ის უნდა ჩატარდეს. ჭაბუკთა ლიგებიდან დაწინაურებულმა ბიჭებმა, ჯერ სწორედ ეს ლიგა უნდა გაიარონ, მაგრამ კავშირის და კლუბების მხრიდან, ამ გათამაშების მიმართ ძალიან ცუდი მიდგომაა. იყო შემთხვევები, როდესაც გუნდი არასრული შემადგენლობით ჩამოსულა, 15 კაციც კი არ ჰყავდა და იმიტომ ვითამაშეთ, ფულადი ჯარიმა რომ არ გადაეხადა. კავშირი ამ თამაშებისთვის მხოლოდ ერთ, მთავარ მსაჯს უშვებს და ესეც არასერიოზულია. ჩემი აზრია, რომ ასეთ სიტუაციაში დუბლშემადგენლობაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყოს და ვინც თანახმა იქნება, ყველამ პატიოსნად ითამაშოს, ნორმალური შემადგენლობით და ფორმით. ეს ერთ-ერთი ხერხემალია ჩემპიონატის გასაძლიერებლად.

მეორე, რაც არ მომწონს, გამგეობის სხდომებია. არიან მისი წევრები, რომლებიც გამგეობას საერთოდ არ ესწრებიან. ის ისეც ჩატარებულა, რომ ჩემთვის არავის შეუტყობინებია. შეიძლება ერთ დღეში ორი გამგეობა ჩატარდეს? მე მომივიდა წერილი, რომ ვითომ გამგეობას რაღაც გამორჩა და ღამის 12 საათზე კიდევ ჩატარდა გამგეობა. ეს არასერიოზულია. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსოფლიო თასის პერიოდში საქართველოს ჩემპიონატი არ შეწყდებოდა, მაგრამ კალენდარი რომ დამტკიცდა, ჩემპიონატში მაინც უშველებელი პაუზაა, არადა, სწორედ ასეთმა პაუზებმა დაანგრიეს გასული ჩემპიონატი. ვფიქრობ, თავის დროზე ცუდი ვქენით თასის გათამაშება რომ გავაუქმეთ და ამ პაუზების დროს თამაშების ჩატარება შეიძლებოდა. ბოლო-ბოლო ამხანაგური თამაშების მაგივრობას მაინც შეასრულებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110704