ფეხბურთი

20:17 | 29.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჭუმბურიძე: “სახელმწიფო კლუბებს 44 მილიონამდე ლარით დაეხმარა, თანხები კი არამიზნობრივად იხარჯება”
“საბურთალო” უმაღლეს ლიგაში “ბენდელაზე” ითამაშებს

“საბურთალოს” გენერალურმა მდივანმა კახა ჭუმბურიძემ, რომელიც ჯერ ბელგიაში იმყოფებოდა “გენტში” ჯინი ტაბიძის ტრანსფერის განსახორციელებლად, ხოლო შემდეგ შვეიცარიაში უეფას შტაბბინას მიაშურა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა.

კახა ჭუმბურიძე: “საბურთალოს” საფეხბურთო პოლიტიკიდან გამომდინარე, ყოველთვის გვსურს, რომ საქმიანი ურთიერთობა კვალიფიციურ და პატიოსან ადამიანებთან გვქონდეს. რამდენიმე ხნის წინ, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდის ლაშა ჯაკობიას დახმარებით, საფეხბურთო მენეჯერი როჯერ ჰენროტეი გავიცანით, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც საფრანგეთსა და ბელგიაში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში. როჯერი გამორჩეულად წესიერი ადამიანია, რომელმაც სიტყვის ფასი იცის.

ტაბიძესთან დაკავშირებით გვქონდა რამდენიმე ევროპული შემოთავაზება, მათ შორის დიუსელდორფის “ფორტუნადან”, მაგრამ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ბელგია კარგი ტრამპლინია, რათა ევროპაში კიდევ რომ უფრო გაიკაფო გზა, არჩევანი სწორედ ამ კლუბზე შევაჩერეთ. ამავდროულად, “გენტი” წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა და სამომავლოდ დიდი მიზნები აქვს. ყველა ფაქტის გათვალისწინებიდან გამომდინარე, ასე ფეხბურთელთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ.

- ვაკო ყაზაიშვილისა და გიორგი ჭანტურიას შემდეგ, ტაბიძე კიდევ ერთი საბურთალოელია, ვინც კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. როგორ ფიქრობთ, ევროპაში ფეხის მოკიდება არ გაუჭირდება?

- ახლა უკვე ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, ჯიმი გაამართლებს იმედებს და თავს კარგად წარმოაჩენს, რაც იმის გარანტია იქნება, რომ ბევრ ქართველ ახალგაზრდას ევროპისკენ გაუხსნის გზას. ტაბიძე თავდაპირველად “გენტის” დუბლებში ივარჯიშებს და ითამაშებს, თავის გამოჩენის შემთხვევაში კი, დამკვიდრების საშუალებას პირველ გუნდშიც მისცემენ.

- ფეხბურთელსა და კლუბს შორის ხელშეკრულება როდის გაფორმდება?

- “გენტის” ძირითადი გუნდი შეკრებაზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე სათამაშოდ ემზადება. კლუბის ბელგიაში დაბრუნების შემდეგ, ხელი ამ კონტრაქტსაც მოეწერება.

- უშუალოდ იყავით პროცესების მონაწილე. შეგიძლიათ გვითხრათ, ტაბიძე როგორ პირობებში იმყოფება?

- ყველაფერი აქვს შექმნილი, რომ საუკეთესო პირობებში მოემზადოს. ბელგიაში ყოფნისას შევხვდი “გენტის” გენერალურ დირექტორს მიშელ ლოუვაგის, რომელიც 25 წელიწადია ამ თანამდებობაზე მუშაობს. ისინი, ხმაურიან ტრანსფერებს არ ახორციელებენ, აქცენტი ახალგაზრდების შეძენასა და შემდეგ მათ განვითარებაზე აქვთ გაკეთებული.

- ბოლო წლებს თუ გადავავლებთ თვალს, იშვიათად რომ მსგავსი დონის კლუბში აღმოჩნდეს ფეხბურთელი. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

- ძალიან რთულია ქართველი ფეხბურთელის უცხოეთში დაბინავება. ახლა მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. რამდენიმე ევროპულ კლუბთან საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, ამ შემთხვევაშიც როგორც ზემოთ აღვნიშნე, პირადი ურთიერთობებით მოხდა ტრანსფერის განხორციელება.

- აქტუალური თემაა ფეხბურთელების კონტრაქტები. “საბურთალოში” მოთამაშეებს რამდენწლიანი ხელშეკრულებები აკავშირებთ?

- ფეხბურთელებს კლუბთან მინიმუმ 3-წლიანი ხელშეკრულებები აკავშირებთ. კერძო კლუბების არსებობა ტრანსფერების გარეშე შეუძლებელია, სხვანაირად ძალიან ძნელია კლუბის შენახვა, რადგან ეს ყველაფერი დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. მაინტერესებს, რატომ არ ხდება ისეთ კლუბებში ფეხბურთელების ხანგძლივი კონტრაქტების გაფორმება, რომლებიც სახელმწიფოს ფულით ფინანსდებიან. უმეტეს მათგანს მხოლოდ ერთწლიანი ხელშეკრულებები უფორმდებათ. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს კლუბების დაფინანსებაზე, მაგრამ შემდეგ სწორი მუშაობის გაგრძელებაცაა საჭირო, თუ გვინდა, გარკვეული შედეგები მოვიმკათ.

- როგორ ფიქრობთ, მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსებული კლუბები ფეხბურთელებს ხანგრძლივ კონტრაქტებს რატომ არ უფორმებენ?

- ვერ გეტყვით. ამ კითხვას როდესაც ვსვამ, პასუხად ამბობენ, ერთწლიანი ბიუჯეტი აქვთ და მომავალში რა იქნება არ იციან. საქმეს ასე რომ მივუდგეთ, ჩვენც არ ვიცით მომავალში რა იქნება. თუ ეკონომიკური კრიზისი შეიქმნა, ყველაზე მეტად კერძო კლუბები და ის ბიზნესმენები დაზარალდებიან, რომლებიც ქართულ ფეხბურთში ფულს დებენ.

ჩემი გათვლით, შარშან და წინა წლებში სახელმწიფო კლუბებს სისტემატურად 37-დან 44 მილიონამდე ლარით დაეხმარა, მაგრამ ვფიქრობ ეს თანხები არამიზნობრივად იხარჯება. გუბერნატორის თუ გამგებლის ხასიათზეა დამოკიდებული ფეხბურთი რამდენად უყვარს, ან არ უყვარს. თანხები იხარჯება, მაგრამ ჩვენი ფეხბურთი კვლავ პრობლემებშია.

ვფიქრობ, სახელმწიფოდან თანხები ფეხბურთის ფედერაციაში უნდა მიდიოდეს, შემდეგ კი ეს ორგანიზაცია ანაწილებდეს თანაბრად, შესაბამისად, როგორც უმაღლესისა და პირველი ლიგის კლუბებზე, ასევე ბავშვთა ფეხბურთზე (დიფერენცირებულად). ფედერაცია უნდა ინტერესდებოდეს, თუ რამდენად სწორად იხარჯება ფინანსური რესურსი და ანგარიშვალდებული უნდა იყოს მთავრობასთან.

დღევანდელ ფეხბურთში თუკი კლუბს რაიმე ფასეული უნდა ჰქონდეს, ეს ფეხბურთელის კონტრაქტია. ერთადერთი შემოსავალი სწორედ ესაა, რადგან ჩვენ, აბონემენტისა და ბილეთების რეალიზაციიდან, ასევე ტელევიზიის ტრანსლირებიდან შემოსავალი არ გვაქვს.

- როგორ ფიქრობთ, ის თანხები, რომელსაც სახელმწიფო ფეხბურთში დებს საკმარისია?

- შესაძლოა არ იყოს საკმარისი, მაგრამ რა თანხითაც ფინანსდებიან კლუბები, მაქსიმალურად ხომ უნდა გამოიყენონ? როგორც სჩანს, მენეჯმენტის კუთხითაც გვაქვს პრობლემები. ამ საკითხს აუცილებლად უნდა მიეხედოს. საფეხბურთო საზოგადოებამ უნდა იფიქროს კლუბების გაძლიერებაზე, რამეთუ ჩვენი ფეხბურთის მომავალი ძლიერი ქართული კლუბების გარეშე წარმოუდგენელია.

თუ ადამიანს კარგად ესმის ფეხბურთი, თამაშიც მარტივია. ამ პრობლემის მოგვარებაც არის შესაძლებელი, მაგრამ არ უნდა გაართულო, რადგან მერე ძალიან გაჭირდება მდგომარეობის გამოსწორება. შეგვიძლია ყველაფერი მარტივად გადავწყვიტოთ. მთავარია, კეთილი ნება იყოს. იმედი მაქვს, მალე ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს ურთიერთშეთანხმებით, პრობლემები მოგვარდება.

- ამავდროულად, ნიონშიც იმყოფებოდით. თქვენი ვიზიტი რას ემსახურებოდა?

- სექტემბერში “საბურთალო” ევროპის ჩემპიონთა ლიგის 19-წლამდელთა ტურნირზე იასპარეზებს, აქედან გამომდინარე რამდენიმე დეტალის დასაზუსტებლად ვიყავი. უეფაში დავით პეტრიაშვილი დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობს, საქართველო თუ რაიმე სიკეთეს იღებს უეფას მხრიდან, (სუპერთასი თბილისში, ელიტრაუნდის მასპინძლობა, უეფას სერთიფიკატი საფეხბურთო მენეჯმენტში, ბავშვთა აკადემიის გახსნა და ა.შ.) ამაში ლომის წვლილი სწორედ პეტრიაშვილს მიუძღვის. მისი პიროვნებიდან გამომდინარე, იგი ყოველთვის ერიდება თავის წარმოჩენას, მაგრამ ძალიან მიკვირს, რომ მის დამსახურებაზე არავინ საუბრობს. საქართველოსთვის დიდი ფუფუნებაა, რომ ჰყავდეს ასეთი ადამიანი ევროპის ფეხბურთის მმართველ ორგანოში.

- “საბურთალო” საშინაო მატჩებს სად ჩაატარებს?

- “ბენდელას” სტადიონზე, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

fcsaburtalo.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117927