ბლოგი

10:57 | 28.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრობლემები კოპაზე

კოპა ამერიკის გათამაშების დაწყების პირველივე დღიდანვე არ წყდება მითქმა-მოთქმა და სკანდალები, რაც ამ გათამაშებას ყოველთვის თან ახლდა ხოლმე. პირველ რიგში ჯერ კიდევ გაურკვეველია ფინანსური პრემიების საკითხი და საქმე იქითკენ მიდის, რომ შესაძლებელია ტურნირის გამარჯვებული, ფინალისტი და მესამეადგილოსანი გუნდები (სულ 10 მილიონ ამერიკულ დოლარზეა საუბარი) პრემიალური თანხის გარეშე დარჩნენ. საქმე იმაშია, რომ კოპა ამერიკის სპონსორი ფირმა ფიფასთან დაკავშირებულ ცნობილ სკანდალში გახვეული აღმოჩნდა, რასაც მისი ანგარიშების დაყადაღება მოჰყვა. ანგარიშებდაყადაღებული ფირმა კი არაფრის გადამხდელი რომ არაა – ეს უცხადესი ფაქტია.

გარდა ფინანსური საკითხებისა, ბევრ ქომაგში დიდ ეჭვებსა და კითხვებს ბადებს ის ფაქტი, რომ ტურნირის მასპინძელი ქვეყნის, ჩილეს საფეხბურთო ნაკრები საეჭვოდ სუსტ გუნდებს ხვდება და საქმე ისე კოხტადაა ჩაგვირისტებული, რომ ჩილელები ფინალამდე ტურნირის ყველაზე ძლიერ გუნდებს: არგენტინას, ბრაზილიას და კოლუმბიას არ შეხვდებიან. ჩილელები ამ ფაქტს უბრალოდ იღბალს მიაწერენ, მაგრამ ეშმაკსა და ეჭვებს არ სძინავთ და იმასაც ნათლად ვხედავთ, რომ ერთბაშად ამდენი დამთხვევა ბუნებაში ძალიან იშვიათი ამბავია.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ბრაზილიის ნაკრებისა და თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ნეიმარის დისკვალიფიკაციაც, რამაც შესაძლებელია მთლიანად განსაზღვროს არამხოლოდ ბრაზილიელთა, არამედ მთლიანად კოპა ამერიკის გამარჯვებულის ბედიც. ნეიმარი რასაკვირველია არასპორტულად და საძაგლად მოიქცა, რაც განმეორებების კადრებზეც მშვენივრადაა ასახული, მაგრამ ბრაზილიის მეტოქე გუნდების ქომაგებიც კი აღიარებენ, რომ ნეიმარის მთლიანად ტურნირიდან მოკვეთა გადაჭარბებულად დიდი სასჯელია და უნეიმარი კოპა ამერიკა არავისთვის არაა სასიხარულო, ვისაც ფეხბურთი უფრო აინტერესებს, ვიდრე არაფრისმომცემი ინტრიგები.

რაც თავი მახსოვს, კოპა ამერიკა კოველთვის დიდი სკანდალების წყარო იყო ხოლმე და ამ სკანდალების გამო არაერთხელ დამდგარა ეს ტურნირი ჩაშლის საფრთხის წიანშე. იყო შემთხვვები, როდესაც მასპინძელ ქვეყნებს უსახსრობის გამო ბოლო მომენტში უარი უთქვამთ კოპა ამერიკის მასპინძლობაზე და თათარიახნად ნაპოვნი ახალი მასპინძლები კი ბუნებრივია ვერ ახერხებდნენ გათამაშების ნორმალურად ორგანიზებას. ამჟამად ჩილეს მთავრობამ კეთილი ნება გამოიჩინა და ტურნირის მთავარი სპონსორის ანგარიშების დაყადაღების გამო, თავად გაიღო კოპა ამერიკაში მონაწილე 12 ნაკრების დაბინავება-კვების ხარჯები, რაც უდავოდ ღირსეული და სწორი ნაბიჯია, მაგრამ ლათინურ ამერიკაში იმასაც ამბობენ, რომ ჩილეს ამ ხარჯების “ამოღება” მათი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების ჩემპიონობით უნდა და არაფერს დაერიდება ამ მიზნის მისაღწევად. კაცმა რომ ცოტა “ირიბი” თვალით შეხედოს, არც ეს ეჭვებია რეალობას ძალიან მოწყვეტილი.

როგორც ჩანს ასეთი პრობლემები სამხრეთ ამერიკის უპირველეს საფეხბურთო ტურნირს დაარსებიდან დაებედა და მათი მოგვარების გზები ჯერჯერობით ისეთივე ბუნდოვანია, როგორც ყოველთვის იყო. კორუფციის მაღალი დონით ცნობილ ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში ბოლო პერიოდში ნამდვილად დაიწყო კორუფციული მანკიერებების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ განსაკუთრებულ შედეგებს ჯერ არსადEელიან და ამით ლათინომერკული ფეხბურთიც ძალიან ზარალდება. როგორც საქართველოში, იქაც ბევრს საუბრობენ არსებულ პრობლემებზე, სახავენ პრობლემების მოგვარების ათასგვარ გზებს, მაგრამ რეალური საქმე კი მაინც არ კეთდება.

0.113991