ფეხბურთი

15:01 | 26.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეტალონი, განსაკუთრებული, განსხვავებული...

საფეხბურთო ისტორიაში არის შემთხვევები, როცა ერთიდაიმავე გვარის მქონე წარმატებულ ფეხბურთელებს შეხვდებით. ზოგიერთ ჯერზე ისინი ძმები არიან, ზოგჯერ ნათესავები, ზოგჯერ კი უბრალოდ მოგვარეები.

ჩეზარე მალდინი თავისი თაობის გამორჩეული მცველი იყო და "მილანთან" ერთად ჩემპიონთა თასიც მოუგია. უფროს მალდინის საფეხბურთო ინტელექტის მხრივ არაფერი დაეწუნებოდა, მაგრამ როგორც იტყვიან ხოლმე, ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო.

სწორედ ასე დაემართა პატივცემულ ჩეზარეს. 1968 წლის 26 ივნისს, მას ვაჟი ეყოლა, რომელსაც პაოლო დაარქვა. მაშინ, ალბათ, უფროსი მალდინი ბიჭის მომავალ ფეხბურთელობას წარმოიდგენდა, მაგრამ იმის განჭვრეტა ნამდვილად გაუჭირდებოდა, რომ პატარა პაოლო მომავალში მსოფლიო ფეხბურთში წარუშლელ კვალს დატოვებდა.

მამამ შვილი საფეხბურთო არჩევანის წინაშე არ დააყენა. უბრალოდ, პაოლოს თავად უნდა აერჩია რომელ საფეხბურთო სკოლას მიაშურებდა - "ინტერისას" თუ მამის "მილანის".

არადა, ბავშვობაში პაოლოს ფავორიტი გუნდი ტურინის "იუვენტუსი" იყო, რაშიც ლეგენდარული ფეხბურთელი მოვიანებით გამოტყდა. საბოლოოდ, პაოლომ "ნერაძურის" "როსონერი" არჩია. როგორც შემდგომ გაირკვა, არც შემცდარა.

მისი პროფესიონალური დებიუტი იტალიის სერია A-ში შედგა, თანაც ძლიერ სერია A-ში. ნილს ლიდჰოლმს ("მილანის" მაშინდელი თავკაცი) 1985 წლის 20 იანვარს, 16 წლის ბიჭის მოედანზე შეშვება "უდინეზესთან" მატჩისას დაშავებული სერჯო ბატისტინის ნაცვლად მოუხდა. სწორედ იმ დღეს, იმ წუთას დაიწყო პაოლო მალდინის, როგორც ლეგენდის აღმოცენება.

პაოლო მალდინი იმ იშვიათთაგანი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერის გრძელი, 25-წლიანი გზა მხოლოდ ერთ ბაზაზე, ერთ სტადიონზე განვლო. თუმცა, გზის გავლაცაა დ გავლაც! მალდინი "მილანის" ბუმბერაზ ისტორიაში ყველაზე ბუმბერაზ ფეხბურთელად მიიჩნევა და არამხოლოდ "მილანის". ალბათ, თანამედროვე ფეხბურთშიც პაოლოს დარი ფეხბურთელის მოძიება სანთლითაც გაგვიჭირდება. მალდინი დიდი ფეხბურთელი მწვანე მინდორზე იყო, ამას კი იგი დიდ ადამიანობას მოედნის მიღმა, ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც უთავსებდა და უთავსებს.

25 წლიანი კარიერის განმავლობაში მან 902 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, მოიგო 26 გუნდური ჯილდო, 8-ჯერ (!) ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. აქედან 5-ჯერ ოქროს მედალიც დაისაკუთრა (ორჯერ კაპიტნის რანგში). - ეს მისი "მილანური" მონაგარია.

მალდინის "მილანის" რიგებში თამაში სხვადასხვა დროს ისეთ გენიალურ მცველებთან ერთად მოუწია, როგორებიც ფრანკო ბარეზი, ალესანდრო კოსტაკურტა, ალესანდრო ნესტა იყვნენ. შეიძლება ითქვას, მალდინი მათგან სწავლობდა, ისინი მალდინისგან სწავლობდნენ...

პაოლოს იტალიური ფეხბურთის მატიანეში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ვერ შეხვდებით ისეთ ადამიანს, ვინც მის გენიოსობაზე არ საუბრობდეს, არ აღნიშნავდეს მალდინის, როგორც ცალკე მდგომ პიროვნებას.

ბედის ირონიით, ფეხბურთელს, რომელმაც კლუბში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, თანაც არაერთხელ, კარიერის დასრულება ისე მოუწია, რომ სანაკრებო დონეზე ვერაფერს შესწვდა. არადა, მალდინიმ "სკუადრა აძურას" რიგებში 14 წლის განმავლობაში 126 თამაში ჩაატარა, რაც ერთი ხანობა სარეკორდო მაჩვენებლი იყო (შემდგომ მას ფაბიო კანავარომ და ჯიჯი ბუფონმა გადაასწრეს).

იმავე ბედის ირონიით, მალდინიმ იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ყველა სინჯის მედალი ირგუნა გარდა მთავრისა - ოქროსი! 1988 წელს იგი ევროფორუმის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო იმავე ხარისხის მედალი ორი წლის შემდგომ მუნდიალზეც მოიპოვა. ვერცხლის მედალს კი იგი ჯერ მსოფლიო პირველობაზე 1994 წელს დაეუფლა, ხოლო შემდგომ ევროპირველობაზე 2000 წელს...

ბელგია-ჰოლანდიაში გამართულ ტურნირზე მალდინის ოცნების ახდენამდე სულ რაღაც 10 წამი დააკლდა, თუმცა, თუმცა ფეხბურთი მსაჯის საფინალო სასტვენამდე გრძელდება... საფრანგეთთან წაგებული ფინალის შემდგომ, როგორც თვითონ პაოლომ თქვა, როცა დაინახა, რომ დავიდ ტრეზეგს დარტყმული ბურთი ბადეს შეეხო, თვალთ დაუბნელდა, კარგა ხანს ფეხბურთის გაგონება არ სურდა და იმ პერიოდში დიდი ფეხბურთიდან წასვლაზეც ფიქრობდა... საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და ჩვენ მისი თამაშის ხილვის შესაძლებლობა კიდევ ლამის ერთი ათეული წელიწადი მოგვეცა.

1994 წელს ბრაზილიასთან წაგებულ ფინალზე კი მას სხვა შეხედულება აქვს - მისი თქმით, მაშინ არიგო საკის გუნდმა მაქსიმუმი გამოადნო და ვერცხლის მედლებს დაეუფლა, აი 1990 წელს კი სამშობლოში დაკარგული ჩემპიონობა მას ცუდად ახსენდება, რადგან იტალიაში ყველა თავისი ქვეყნის ჩემპიონობას ელოდა. ამის შესახებ მალდინის ერთი ახსნა აქვს:

"ჩვენ, ყველა თამაში რომში რომ ჩაგვეტარებინა, აუცილებლად ჩემპიონები გავხდებოდით, მაგრამ ნეაპოლი მარადონას ქალაქი იყო" - იტყვის მოგვიანებით მალდინი.

ნახევარფინალი მალდინის "სკუადრა აძურამ" სწორედ მარადონას არგენტინასთან დათმო, სწორედ ნეაპოლში და საბოლოოდ, მხოლოდ ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა.

2002 წლის მუნდიალის წინ კი 34 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ კორეა-იაპონიის ტურნირის შემდეგ ნაკრებიდან წავიდოდა. ბუნებრივია, კაპიტანს ოცნების ასრულება უნდოდა, თანაც იტალია აზიაში გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსით ჩადიოდა. "აძურას" ღირსებას იმ პერიოდის გამორჩეული მოთამაშეები, ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, ალესანდრო ნესტა, ალესანდრო დელ პიერო, ფილიპო ინძაგი, ფრანჩესკო ტოტი, კრისტიან ვიერი და სხვანი იცავდნენ. მათი წინამძღოლი კი თვით პაოლო მალდინი იყო.

მაგრამ, მაგრამ უძლიერესი იტალია ვიღაცების დაკვეთებს და ჩაკვეთებს შეეწირა - მერვედფინალში იტალია მსაჯებმა აშკარად დაჩაგრეს, ხოლო დამატებითი დროის მიწურულს სამხრეთ კორეელი, ვინმე ან ჯუნ ჰვანი პაოლოზე მაღლა ახტა და... მალდინის სანაკრებო კარიერაც და მსოფლიოს ჩემპიონობაზე ოცნებაც იქ დასრულდა...

ისიც ბედის ირონიააა, რომ მალდინიმ ზედიზედ ოთხ მუნდიალზე ითამაშა, ხოლო აპენინელებმა ძირითად დროში ამ ზემოხსენებულ მუნდიალებზე მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს და ისიც ჯგუფურ ეტაპზე (1994 წელს, ირლანდიასთან), თუმცა, თუმცა იტალიამ ვერ იჩემპიონა... იმავე ბედის უკუღმართობით, იტალია ჩემპიონის ტიტულს პირველივე მუნდიალზე შეწვდა, რომლის დროსაც მალდინის სანაკრებო კარიერა უკვე დასრულებული ჰქონდა... არადა, მას ბევრჯერ სთხოვდნენ მწვრთნელები, რომ ლურჯ მაისურს დაბრუნებოდა, მაგრამ ამაყმა ლომბარდიელმა სიტყვა აღარ გადათქვა, გზა ახალგაზრდებს დაუთმო...

მიუხედავად ამისა, ერთი რამ ფაქტია, რომ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონის ტიტულის არქონა მის სიდიადეს ოდნავადაც ვერ გადასწონის, ალბათ, პირიქით, ბევრისთვის თვითონ მალდინის სახელი გადასწონის ორივე შეჯიბრებას ერთად აღებულს...

პაოლო მალდინი ეტალონი იყო იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მცველი, როგორ უნდა ითამაშოს ფეხბურთელმა მოედანზე, როგორი უნდა იყოს გუნდის კაპიტანი. მალდინის ეს ყველაფერი არასდროს ეშლებოდა. ლეგენდარულ ბრაზილიელ თავდამსხმელ რონალდოს "მილანში" მის გვერდით თამაში მოუწია, თუმცა მანამდე ისინი ერთმანეთის პირისპირ არაერთხელ წარმსდგარან - რონალდოს, როცა ჟურნალისტებმა მისთვის ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგის დასახელება სთხოვეს, გენიოსი არც დაფიქრებულა - გამოსარჩევია, რომ მალდინიც იმავეს ფიქრობს, მისთვისაც ყველაზე უხერხული მეტოქე სწორედ ბრაზილიელი იყო...

დღეს პაოლო მალდინი 47 წლის გახდა. პაოლო მალდინი კი ის ფეხბურთელია, რომლის თამაშების ნახვაზე თაობების არათუ გაზრდა, არამედ აღზრდაც შეიძლება. ულაპარაკოდ, უდავოდ!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.204181