სხვა

16:41 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სპეციალურად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ვერცხლის მონეტა მოიჭრა

პირველად საქართველოს ისტორიაში 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე თბილისში გაიმართება გრანდიზოული სპორტული ღონისძიება - ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.

„თბილისი 2015“-ის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა საკოლექციო დანიშნულების 10 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის გამოშვება. მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში (Мennica Polska) იჭრება.

მონეტის მოჭრის პროცესს ვარშავაში დაესწრნენ „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი და ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი.

15.50 გრამიანი მონეტა დამზადებული იქნება 925 ვერცხლის სინჯით.

მონეტის ესკიზის ავტორია მხატვარ-დიზაინერი მამუკა გონგაძე.
მონეტების დიზაინის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფესტივალის ემბლემა და სპორტის ოლიმპიური სახეობების ამსახველი პიქტოგრამები.
ოლიმპიური ფესტივალის ლოგო მონეტებზე დატანილი იქნება ფერში, საღებავების გამოყენებით.

მონეტების რევერსზე გამოსახულია ევროპის რუქა, ოლიმპიური კომიტეტის ლოგო და ეროვნული ვალუტის ამსახველი სიმბოლო.

მონეტები რეალიზაციაში გავა სამათასიანი ტირაჟით და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება საწარმოდან მზა მონეტების მიღებისთანავე, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის სალაროში და ეროვნულ ბანკთან არსებულ ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ონლაინ მაღაზიიის მეშვეობით www.moneymuseum.nbg.gov.ge

ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ მნიშვნელოვან სპორტულ ასპარეზზე ჩვენი სახელმწიფოსა და ქართული სპორტის საზღვრებს გარეთ წარმოჩენას. ამასთან, მონეტები კარგი სასაჩუქრე და სამახსოვრო ნივთი იქნება, როგორც სპორტის მოყვარულებისათვის ისე ქალაქის ვიზიტორთათვის.

„თბილისი 2015“-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110429