სხვა

15:05 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი სანიაკუსთან ახლოსაა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მე-6 გამარჯვება იზეიმა და თანაბარი ბალანსი გაუხდა. შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა მაისის სუპერტურნირი “მძიმედ” დაიწყო, ახლა კი, კაჩი-კოშიმდე ცოტაღა აშორებს.

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ბაშოს მე-12 დღეს ქართველმა სეკიტორმა აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოიონოშიმა უვატედაშინაგეთი დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ თავად ტოჩინოშინი დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით ირჯება და დადებითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, სანიაკუს (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) წევრი გახდება.

ლევანს მიზნის მისაღწევად დარჩენილი 3 შერკინებიდან მინიმუმ ორის მოგება სჭირდება, მისი შემდეგი მეტოქე კი დასავლეთის მე-5 მაეგაშირა – მონღოლი ტამავაში იქნება, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 5:3 ამარცხებს.

მდგომარეობა გაირთულა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელსაც 5 მოგების წილ 7 მარცხი მოუგროვდა. აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ქართველ გოლიათს აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ტაკარაფუჯი დოჰიოს კიდესთან ჰქონდა მიმწყვდეული, თუმცა, ბოლო მიძალება ვეღარ განახორციელა და კონტრშეტევაზე ცუკიოტოშით წააგო.

გაგამარუს მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-14 მაეგაშირა კიოკუტენჰო იქნება, რომელთანაც ქართველი სეკიტორი ურთიერთშეხვედრებში 5:7 მარცხდება. იოლი გამოსათვლელია, რომ თეიმურაზს წაფორხილების უფლება აღარ აქვს. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად, ჯუღელს დარჩენილი სამივე შერკინების მოგება მართებს.

გასული დღე იშვიათი გამოდგა იმ მხრივ, რომ მარცხი განიცადა ორივე იოკოძუნამ. ჰაკუჰომ ოძეკი გოეიდოსთან წააგო, ხოლო ჰარუმაფუჯის სეკივაკე მიოგირიუს აჯობა. ამ ფონზე, ერთპიროვნულად გალიდერების შანსი გაანიავა ბრაზილიელმა მე-11 მაეგაშირა კაისეიმ, რომელმაც დასავლეთის მე-6 მაეგაშირა აოიამასთან წაიფორხილა.

ახლა, ჰაკუჰო და კაისეი 10-10 მოგებით ლიდერობენ, ოძეკი კისენოსატოს, სეკივაკე ტერუნოფუჯის და რიგით მაეგაშირებს – ოკინოუმის, ტაკაიასუს, იკიოის და იოშიკაძეს კი 9-9 გამარჯვება გააჩნიათ.

ნაცუ ბაშოს მე-12 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 5:48-დან, ტოჩინოშინის – 6:30-დან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114279