რაგბი

11:28 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზურა ამონაშვილი: “ვეთამაშებით ორგანიზებულ და დისციპლინირებულ გუნდს”

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის “ალაფის” ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშის მოგების შემდეგ, ქართული რაგბის ისტორიაში პირველად მოიპოვა ფინალში თამაშის უფლება და თუ გადამწყვეტ მატჩში კანადის დამარცხებაც მოახერხა, გაისად 12-გუნდა ელიტაში ითამაშებს.

ჯგუფის დასკვნით მატჩში “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” პორტუგალია 19:11 დაამარცხეს, რის შემდეგაც გუნდის კაპიტანმა ბადრი ალხაზაშვილმა “მსოფლიო სპორტის” ჟურნალისტს განუცხადა:

“ფინალში გასვლით ბედნიერები ვართ. პორტუგალიამ ძლიერად ითამაშა და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო კარგი და კორექტული თამაშისათვის”.

ამ ინტერვიუს დროს ჯერ არ იყო გარკვეული მეორე ფინალისტის ვინაობა და შესაბამისად, შემდეგი კითხვა იყო ვინ ერჩივნა საქართველოს ნაკრებს მოწინააღმდეგედ - ტონგა თუ კანადა, რაზეც ალხაზიშვილმა უპასუხა, რომ მოწინააღმდეგეს მნიშვნელობა არ ჰქონდა: “როდესაც საქართველოს ნაკრები ერთ მუშტად შეკრულია და ბიჭები ერთმანეთის მხარ და მხარ დგანან, ისინი ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ შეძლებენ კარგ თამაშს”.

გუნდის მწვრთნელმა ზურა ამონაშვილმა განვლილი თამაში შეაფასა და მომავალ პერსპექტივებზე და ფინალისთვის მზადების გეგმაზე ისაუბრა:

“შედეგით რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. უწინარესად, ფინალში გასვლას ჩვენ ბიჭებს და მთელ საქართველოს მივულოცავ. ეს ძალიან, ძალიან სასიხარულოა - აქამდე “ალაფაზე” მესამე ადგილზე უკეთესი შედეგი არ გვიჩვენებია. ფინალში გასვლით ნამდვილად არ უნდა დავკმაყოფილდეთ, ჩვენი მიზნები გაცილებით მაღალია!

რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, განვმეორდები და ვიტყვი, რომ შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თამაშის ხარისხით ბოლომდე კმაყოფილი ვერ ვიქნებით. ბევრი შეცდომა დავუშვით. რომ დავაზუსტო - შეტევაში ძალიან ბევრჯერ დავკარგეთ ბურთი. ისიც სათქმელია, რომ გაგვიჭირდა მსაჯთან ადაპტაცია, რამაც წარმოქმნა გარკვეული პრობლემები. თამაშის დაწყებიდან მალევე ორმა მოთამაშემ - გიორგი მელიქიძემ და როლანდ კვაჭაძემ მიკრო ტრავმები მიიღეს და ამან გეგმები აგვირია, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ისინი კარგად არიან.

მინდა მოწინააღმდეგე შევაქო. მას ჰქონდა ქულის აღების რამდენიმე კარგი შესაძლებლობა, რომლებიც ვერ გამოიყენა, მაგრამ ჩვენ უფრო ბევრჯერ ვიყავით ქულის აღებასთან ახლოს, საიდანაც, სამწუხაროდ, უქულოდ გამოვედით. რამდენჯერმე სიჩქარის გამო ბურთის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ.

ფინალში კანადას ვეთამაშებით - საკმაოდ ორგანიზებულ და დისციპლინირებულ გუნდს, რომლის ერთი-ერთი ძლიერი მხარე კარგი შერკინებაა. ტურნირზე უკვე გარკვეული დონით შევისწავლეთ მომავალი მოწინააღმდეგე, ხოლო ახლა უფრო დეტალურად შევისწავლით მეტოქეს. ჩვენი ვიდეო ანალიტიკოსი, რომელმაც ტონგასა და კანადის მატჩი გადაიღო, შესაბამის მასალას მოაზადებს. გვინდა ორი სრული დღე აღდგენას დავუთმოთ, ვინაიდან ბოლო 10 დღის განმავლობაში ბიჭებმა 3 მატჩი ითამაშეს. ვფიქრობ, ყველა მოახერხებს მიკროტრავმების მოშუშებას და შეძლებისდაგვარად, ფინალისთვის მაქსიმალურად ოპტიმალურ ფორმაში ვიქნებით”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116793