ბლოგი

11:05 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ზებრების“ სამართალი

ალვარო მორატას შესანიშნავად ახსოვს ის დღე და ის წუთი, როდესაც მადრიდის “რეალის“ საწვრთნელი ბაზის კარი გამოიხურა და უკანმოუხედავად დატოვა ადგილი, რომელზე ადრე მთელ იმედსა და მომავლის გეგმებს აგებდა. მორატამ მაშინ ნათლად დაინახა, რომ ბობოლა კლუბების უმეტესობაში ადამიანი და პერსონა არაფერს ნიშნავს და ყველანი მხოლოდ ერთი დიდი ძრავის ჭანჭიკები არიან. საკმარისია “ძრავს“ რაიმე პრობლემა შეექმნას, რომ ყველაფერი ჰაერში ქრება - ნიჭიცა და ტალანტიც, დამსახურებაცა და წარსულიც. მიდიოდა მორატა თავისი ოცნების კლუბიდან და თავში ერთადერი სახელი უტრიალებდა: რაულ გონსალეს ბლანკო!

ამქვეყანად მარადიული ბევრი არაფერი არაა და ყოველთვის დგება დღე, როცა შენი სათქმელი ხმამაღლა უნდა თქვა. ესაა შანსი, რომელსაც იღბალი თუ განგება გაძლევს და მისი არგამოყენება სხვა არაფერია თუ არა უარის თქმა თავმოყვარეობაზე. მორატამ ეს ყველაფერი კარგად იცოდა და მის ბოლოდროინდელ ინტერვიუებში ყოველთვის გაისმოდა სურვილი, რომ ძალიან უნდოდა “რეალთან“ შეხვედრა: “დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. უბრალოდ მინდა, რომ ჩემი სათქმელი ფეხბურთით ვთქვა და თუ ეს “რეალთან“ მოხდება, ბედნიერი ვიქნები“, - ამბობდა ალვარო და მის ნათქვამს არ იზიარებდა ტურინელთა ქომაგების აბსოლუტური უმრავლესობა.

ერთი შეხედვით ჭეშმარიტად შერეკილი და გადარეული უნდა იყო, რომ “რეალთან“ შეხვედრაზე ოცნებობდე, რადგან ეს ის კლუბია, რომელთან გამარჯვება ადვილი არასოდეს ყოფილა და ალბათ არც არასოდეს იქნება.

ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ტურინის “იუვენტუსი“ ჯერ კიდევ გუშინ დიდ ვაებაში იყო ჩავარდნილი და იტალიის რანგით მეორე ლიგიდან ამოფორთხებულს სულის მოსათქმელად წლები დასჭირდებოდა. მაგრამ ყველაფერი ისე არაა, როგორც უმრავლესობას ჰგონია. ყველაფერი რომ ლოგიკურად ვითარდებოდეს, საქართველო როგორც ქვეყანა საერთოდ არ უნდა არსებობდეს, თუმცა ეს სულ სხვა ამბავია...

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის კენჭისყრის წინ, ბევრი არაიტალიელი ქომაგი ტურინის “იუვენტუსისადმი“ ხშირად ხმარობდა ჩემის აზრით შეურაცხმყოფელ ეპითეტებს და ამ კლუბს ხან სამი ლომის (“რეალი“, “ ბარსელონა“ და “ბაიერნი“) ხახაში ჩავარდნილ ზებრას ადარებდნენ და ხან სუსტი ყოფაქცევის სინიორას, რომელსაც სამი კუნთებმოთამაშე ჯეელი გაუპატიურებას უპირებდა. გულრწფელად მიკვირდა, რატომ იყო ამხელა თვითდაჯერება, რომ იტალიელებს შანსი არ ჰქონდათ, როცა მიუხედავად პრობლემებისა წლევანდელ სეზონში “იუვენტუსის“ თამაში ნამდვილად არ იძლეოდა არც დაცინვის და არც რაიმე საგანგაშოს საბაბს - პირიქით!

წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალია და უკვე აღარ ისმის დამცინავი საუბრები “იუვენტუსის“ მიმართ. უკვე სერიოზულად უყურებენ ამ კლუბსაც და მის ესპანურ–არგენტინულ თავდასხმასაც. უკვე აღარ საუბრობენ ჯიჯი ბუფონისა და ანდრეა პირლოს სიბერეზე და აღარც მასიმილიანო ალეგრის გამოუცდელობაზეა მუდმივი ქილიკი. ტურინელთა კლუბი უკვე სერიოზულ ძალად აღიარეს და თუკი ფინალში კატალონურმა “ბარსელონამ“ იძალა (რაც სულაც არ იქნება გასაკვირი, თუკი “ბარსელონას“ შესაძლებლობებსა და მშვენიერ ფორმას გავითვალისწინებთ) იმედია არც მერე გაგრძელდება უსამართლობათა ნაკადი ფერფლიდან ფენიქსივით აღმდგარი “იუვენტუსის“ მიმართ, რომელმაც საკუთარი თავი მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ გაახსენა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იტალიური ფეხბურთი არ მომკვდარა!

ხოლო ალვარო მორატა კაცია, რომელიც არამხოლოდ მადრიდის “რეალის“ არამედ ყველა ბობოლა კლუბის მესვეურებს უნდა ახსოვდეთ როგორც სიმბოლო იმისა, რომ, ფულით გაფოფინებულ დიდ კლუბებში ხშირად უსამართლოდ იჩაგრებიან ნიჭიერი დ პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელები და ეს ყველაფერი ბოლოს თავად ასეთ კლუბებს უბრუნდებათ ხოლმე წვერწამახულ მახვილად. სამართლიანობა ხშირად სწორედ იქ იჩენს ხოლმე თავს, სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდებით!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102016