რაგბი

0:09 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ელიტამდე ერთი მოგებაა

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის “ალაფის” ფინალში პირველად ითამაშებს. ჯგუფურ ეტაპის დასკვნით მატჩში “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” პორტუგალიას მსაჯიანად 19:11 მოუგეს და ჯგუფში პირველობა არავის დაუთმეს.

ურუგვაის 46:12 და ფიჯის 30:13 ძლევის შემდეგ, მწვრთნელებმა გუნდის რამდენიმე ლიდერს ფინალური მატჩის წინ დასვენების საშუალება მისცეს. მიუხედავად ამისა, ქართველთა უპირატესობა აშკარა იყო და შედეგიც უფრო დიდი იქნებოდა, მაგრამ მსაჯმა სატურნირო ინტრიგის შენარჩუნებისთვის, თუ უბრალოდ მასპინძელთა მიმართ აშკარა სიმპატიის გამო, სასტვენი უცნაურად გამოიყენა, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, რომელთა ახსნა თავადაც გაუჭირდება. მაგრამ საქართველოს ნაკრები მეტოქეს კლასით აღემატებოდა, ინდივიდუალურად ქართველი მორაგბეები პორტუგალიელებზე უკეთესი იყვნენ, ამას დაუმატეთ დომინირება შერკინებაში, დერეფანსა და მოლში და აბა პორტუგალიას რეფერის თანადგომა რაღას უშველიდა.

ყველაფერი მხოლოდ რეფერის რომ არ დავაბრალოთ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პორტუგალიასთან საქართველოს ნაკრები ვერ იყო ისეთი მოტივირებული, როგორიც განვლილ ორ შეხვედრაში, ეს გასაგებიცაა, რადგან მათ წინაშე იდგა გუნდი, რომელიც დაახლოებით 6 თვის წინ 44:14 ჰყავდათ განადგურებული. ჯგუფური ეტაპის დასკვნით დღეს ლისაბონში მზიანი დარი იდგა, მაგრამ ძლიერი ქარი უბერავდა და ამან თამაშს დაღი დაასვა. ტრიბუნებზე მრავლად იყვნენ შეკრებილნი მასპინძელთა ქომაგები და ისინი პორტუგალიის ნაკრებს მთელი თამაშის განმავლობაში ამხნევებდნენ, რეფერის გადაწყვეტილელებს კი, გაოცებასთან ერთად ხმამაღალი შეძახილებით ხვდებოდნენ.

დებიუტში ზემოთნახსენებმა განწყობამ იჩინა თავი და პორტუგალიამ გარკვეული დროით ბურთი დაგვიმალა, მერე ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო, მაგრამ კარიდან ოდნავ მარჯვნივ, დაახლოებით 18 მეტრიდან ვერ იხეირა. საქართველოს ნაკრები პირველად რომ გადავიდა მეტოქის ნახევარზე ჯარიმის უფლება მოიპოვა და რევაზ ჯინჭველაშვილმაც ჯარიმით სცადა ანგარიშის გახსნა, მაგრამ კარის წინ 30 მეტრიდან მიზანმა უმტყუნა. ქართველებმა მეტად მოინდომეს და მე-13 წუთზე ანგარიში გახსნეს. შეტევა პორტუგალიელთა 22-ის წინ დანიშნულ შერკინებას მოყვა, რომელშიც “ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს უკან დაახევინეს, მერე დავით პაპავაძემ შეუტია, 5-მეტრიანი ზონიდან მესამე-მეოთხე დარტყმის შემდეგ კი, ოთარ გიორგაძემ ლელოს ხაზი გადაკვეთა და რევაზ ჯინჭველაშვილმა გარდასახვა უნაკლოდ შეასრულა.

საქართველოს ნაკრების უპირატესობა გამოიკვეთა და რეფერიმაც “შეცდომებს” მოუხშირა. რადგან მსაჯი ლელოზე თამაშს არ გვანებებდა, ჯინჭველაშვილმა დაახლოებით 50 მეტრიდან ჯარიმით სცადა უპირატესობის გაზრდა, მაგრამ ბურთმა კარამდე ვერ მიაღწია. 28-ე წუთზე უპირატესობა ქულებში მაინც აისახა. პორტუგალიის შერკინება რომ ვერ დადგა, ვასილ ლობჟანიძემ თავისუფალი სწრაფად გაითამაშა, მარცხენა ფლანგზე გრძელი გადაცემის შემდეგ ჯინჭველაშვილმა ხაზი სუფთად გაჭრა და ლელო თავადვე გარდასახა - 14:0.

ტაიმის ბოლოს საქართველოს ნაკრები მოეშვა და პორტუგალიამაც შეტევებს მოუხშირა. რეფერიმ ზედიზედ ორჯერ რომ დაგვაჯარიმა, მეტოქემ კარის წინ 25 მეტრიდან ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მერე მსაჯმა ისევ ჯარიმები უსტვინა, მასპინძლებმაც ბურთი ყველა ჯერზე სწრაფად გაათამაშეს და საბოლოოდ ალამთან ლელო გაიტანეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი 14:8 დასრულდა.

როგორც ჩანს, მწვრთნელებმა შესვენებისას ბიჭები შეახურეს და მეორე ტაიმი ქართველებმა მძლავრად დაიწყეს. 5 მეტრში ბურთის სწრაფად გათამაშების მცდელობა შეცდომით დასრულდა, შემდეგ შემთხვევებში მსაჯმა შეტევებში დაგვაჯარიმა და პორტუგალიის ჩათვლის მოედანი ხელუხლებელი შეინახა, 55-ე წუთზე კი, ქართველთა შერკინებამ რომ იძალა ლელომდე სანტიმეტრები დაგვაკლდა, ხოლო ჯარიმის უპირატესობით აღებულ მომდევნო შერკინებაში მსაჯმა უკვე საქართველო დააჯარიმა. ტაიმის შუაში რეფერიმ შერკინებაში კიდევ ერთხელ განსაჯა ქართველთა საწინააღმდეგოდ და პორტუგალიას ჯარიმით ჩამორჩენის შემცირების შანსი უბოძა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო.

მსაჯმა ქართველთა უპირატესობა 10 წამში დაივიწყა და იქით დაგვაჯარიმა, პორტუგალიამ დერეფანში ბურთი არასწორად რომ ააგდო, მათ მეორე შანსი უბოძა, ბოლოს მასპინძლებმა მორიგი ჯარიმა სწრაფად რომ გაათამაშეს ხაზი გაიჭრა და ლელოს გატანაც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მცველებმა დაზღვევაზე გადასვლა მოასწრეს და შემტევი 5 მეტრში უკნიდან შებოჭეს. ამას საქართველოს ნაკრების კონტრშეტევა მოპყვა, ანზორ სიჭინავა ბურთს კარგად მიყვა, მცველთან ჭიდილში ბოლო 10 მეტრი დაფარა ანგარიში 19:8 გახდა. გარდასახვა არაზუსტი იყო და პორტუგალიამ 72-ე წუთზე კარის წინ 22 მეტრიდან ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მათ შორეული ჯარიმით შეეძლოთ ბოლო წუთებისთვის სიმწვავის შეძენა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო, რაგბიში 8-ქულიანი უპირატესობის აღმოფხვრა ერთი შეტევით შეუძლებელია, აქ რეფერიც ვერას გახდება და დარჩენილმა დრომ მშვიდად ჩაიარა.

ამრიგად, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები “ალაფის” ფინალშია და ელიტაში აღსაზევებლად წლის უმთავრეს ჯახში კანადას შეხვდება, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში ტონგას 13:11 სძლია. სამხრეთამერიკელებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს და ინდივიდუალურად ძლიერად მოთამაშე კუნძულელები რამდენჯერმე წითელ ზოლში შეაჩერეს. ტაიმი 3:10 წაგების შემდეგ, ტონგამ მეორე ნახევარში ჯარიმით და ლელოთი წინ გასვლა მოახერხა, მაგრამ გარდასახვა არცთუ ცუდი პოზიციიდან არაზუსტი იყო. შეხვედრის მიწურულს კანადამ მოინდომა და ვინ იცის ლელოც გაიტანა, მაგრამ რეფერიმ ბურთი ვერ დავინახეო. სამხრეთელები არ გატყდნენ და 22-ში ჯარიმის უფლება მიიღეს, რომლითაც წინ გაიჭრნენ - 13:11. რეფერიმ 40 წუთს 7 წუთი და 20 წამი გადააცილა, მაგრამ ბოლოს კანადამ კონტრშეტევაზე ლამის იქით იხეირა, უბრალოდ, ჯარიმის კარში დარტყმას ბურთის აუტში გაგზავნა არჩია და 24 მაისს, თბილისის დროით 20 საათზე ეს მებრძოლი გუნდი ქართველთა მეტოქე იქნება.

2015 წლის მსოფლიო თასის “ალაფა”

პორტუგალია. ლისაბონი

A ჯგუფი

20 მაისი

საქართველო - პორტუგალია 19:11 (14:8)

საქართველო: 15. რატი შანიძე, 14. ანზორ სიჭინავა, 13. გიორგი კვესელაძე, 12. სანდრო ილურიძე, 11. დავით გულიტაშვილი, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ბექა კაკაბაძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი (კაპ.), 3. გიორგი მელიქიძე, 4. ოთარ გიორგაძე, 5. როლანდ კვაჭაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. თორნიკე ზოიძე, 8. დავით პაპავაძე.

სათადარიგოები: 16. გიორგი თედორაძე, 17. ნიკა სვიმონიშვილი, 18. მიხეილ ბაბუნაშვილი, 19. გიორგი ცუცქირიძე, 20. ბადრი ლიპარტელიანი, 21. თემურ თუთბერიძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი.

3 ლელო: გიორგაძე, ჯინჭველაშვილი, სიჭინავა

2 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი

ფიჯი - ურუგვაი 26:28

საქართველო 3 3 0 0 95:35 13
ურუგვაი 3 2 0 1 77:98 10
ფიჯი 3 1 0 2 73:77 7
პორტუგალია 3 0 0 3 56:90 0

B ჯგუფი

20 მაისი

ნამინია - ჰონკონგი 35:12

ტონგა - კანადა 11:13

კანადა 3 3 0 0 72:46 13
ტონგა 3 2 0 1 91:40 11
ნამიბია 3 1 0 2 67:92 5
ჰონკონგი 3 0 0 3 43:95 0

ფინალური დღე. 24 მაისი

VII ადგილისთვის

პორტუგალია - ჰონკონგი

V ადგილისთვის

ფიჯი - ნამიბია

III ადგილისთვის

ურუგვაი - ტონგა

ფინალი

საქართველო - კანადა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112642