ფეხბურთი

19:42 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გენიოსები ჩემპიონთა თასის გარეშე...

უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი საკლუბო ფეხბურთში ყველაზე ფასეული და წონადი გუნდური ჯილდოა. თუმცა ისე ხდება, რომ ამ სანუკვარ ტურნირს ყველა დიდი ფეხბურთელი ვერ იგებს და კარიერის დასრულება აღნიშნული თასის გარეშე უწევთ.

წარმოგიდგენთ ბოლო პერიოდის რამდენიმე გამორჩეულ ფეხბურთელს, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგიათ. ჩამონათვალში მოქმედი მოთამაშეებიც შედიან. მათ შორისაა, იტალიელი ჯანლუიჯი ბუფონი, რომელსაც ლიგის მოგების შანსი 6 ივნისს კიდევ ერთხელ მიეცემა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("აიაქსი", "იუვენტუსი", "ინტერი", "ბარსელონა", "მილანი", პსჟ)

შვედ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩემპიონთა ლიგაზე 109 შეხვედრა 6 სხვადასხვა გუნდის რიგებში აქვს ჩატარებული, თუმცა ლიგის მოგება მან დღემდე ვერ მოახერხა. 33 წლის ფორვარდი 2009 წელს "ბარსელონაში" მილანის "ინტერიდან" სწორედ ამ თასის მოსაგებად გადაბარგდა, მაგრამ ბედის ირონიით, იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგა "ნერაძურიმ" მოიგო, რომელმაც ნახევარფინალში კატალონიურ გრანდს აჯობა. ზლატანს ლიგის მოსაგებად შანსი მომავალში კიდევ ექნება.

მიხაელ ბალაკი ("კაიზერსლაუტერნი", "ლევერკუზენი", "ბაიერნი", "ჩელსი")

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი მიხაელ ბალაკი ერთ-ერთ უიღბლოთაგანია. სხვა რა შეიძლება ეწოდოს მოთამაშეს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი ორჯერ წააგო და თანაც, სხვადასხვა გუნდის რიგებში. 2002 წელს ბალაკის ლიდეობით "ლევერკუზენი" "რეალთან" დამარცხდა (1:2), ხოლო ექვსი წლის შემდეგ გერმანელის ლონდონის" ჩელსიმ" 'მანჩესტერ იუნაიტედთან" წააგო.

პატრიკ ვიეირა ("არსენალი", "იუვენტუსი", "ინტერი")

ფრანგ პატრიკ ვიეირას ჩემპიონთა ლიგა არათუ მოუგია, ნახევარფინალშიც კი არ უთამაშია. მისი "არსენალი" აღნიშნულ ეტაპამდე ვერაფრით ახერხებდა გაღწევას, ხოლო როცა "მეთოფეებმა" 2006 წელს ფინალს უწიეს, იგი უკვე "იუვენტუსის" მოთამაშე გახლდათ, რომელიც სხვათა შორის მეოთხედფინალში სწორედ ლონდონელებთან დამარცხდა. 2010 წელს "ინტერის" ტრიუმფის დროს კი ვიეირა გუნდიდან ერთი წლის წასული იყო.

პაველ ნედვედი ("სპარტა", "ლაციო", "იუვენტუსი")

ჩეხ მანქანას, პაველ ნედვედს ჩემპიონთა ლიგის გადაწყვეტ მატჩში არასდროს აქვს ნათამაშები. 2003 წელს, როცა მისი "იუვენტუსი" "მილანთან" მატჩისშემდგომ პენალტებში დამარცხდა, ნედვედს დისკვალიფიკაციის გამო არ უასპარეზია. ასე ახლოს კი ნედვედი ლიგის მოგებასთან არც მანამდე და არც მას შემდგომ არ ყოფილა.

რუუდ ვან ნისტელროი ("ეინდჰოვენი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "რეალი")

ჰოლანდიელ რუუდ ვან ნისტელროის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდება სამჯერ მოუპოვებია, მაგრამ თასის მოგება ვერცერთხელ შეძლო. ჰოლანდიელ გოლეადორს ლიგაზე 73 თამაშში 56 გოლი გაუტანია. ვან ნისტელროის არც ჩემპიონთა ლიგის ფინალში უთამაშია. მაქსიმალური შედეგი ნახევარფინალი იყო, რომელიც მისმა გუნდმა "ლევერკუზენთან" დათმო (2002 წელს).

ლილიან ტურამი ("მონაკო", "პარმა", "იუვენტუსი", "ბარსელონა")

საფრანგეთის ერთ-ერთ გამორჩეულ მცველ ლილიან ტურამს ამ ტურნირზე გამარჯვება არ ღირსებია. არადა, იგი ლიგაზე 4 სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში სხვადასხვა პერიოდში თამაშობდა. ტურამის გუნდებმა მისი იქ თამაშის პერიოდში წარმატებას ვერ მიაღწიეს.

ერნან კრესპო ("პარმა", "ლაციო", "ინტერი", "ჩელსი", "მილანი")

არგენტინელ ერნან კრესპოს ლიგის ფინალურ მატჩში დუბლი აქვს შესრულებული, თუმცა ეს თასის მოსაგებად საკმარისი არ გამოდგა. "ლივერპულთან" ფინალური მატჩის წინ ფორვარდი ამბობდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება მისი მთავარი მიზანი იქნებოდა, მაგრამ ამის გაკეთება მან და მისმა გუნდმა ვერ მოახერხეს. კრესპოს წარმატებისთვის არც სხვა გუნდების შემადგენლობაში მიუღწევია.

ფაბიო კანავარო ("პარმა", "ინტერი", "იუვენტუსი", "რეალი")

"ოქროს ბურთისა" და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელ გენიალურ იტალიელ მცველ ფაბიო კანავაროს კარიერის დასრულება ისე მოუხდა, რომ საკლუბო მწვერვალზე ვერაფრით ავიდა. არადა, კანავაროს ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორებიც "ინტერი", "იუვენტუსი" და "რეალი" არიან...

ფრანჩესკო ტოტი ("რომა")

იტალიელ ფრანჩესკო ტოტის "რომას" გარდა სხვა გუნდში არასდროს უთამაშია. იქედან გამომდინარე, რომ რომაულ გუნდს ევროპულ ასპარეზზე მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა დიდად ვერ ხელეწიფება, გასაკვირი არაა, რომ ტოტის ჩემპიონთა ლიგის თასის გარეშე უწევს კარიერის გაგრძელება.

რონალდო ("ინტერი", "რეალი")

ბრაზილიელი რონალდო ბოლო წლების საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაა მიჩნეული, თუმცა მას ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს უმარჯვია. ბრაზილიელს ლიგაზე მილანის "ინტერისა" და მადრიდის "რეალის" რიგებში აქვს ნათამაშები, მაგრამ უშედეგოდ. ეს ფაქტი ნათელი დასტურია იმისა, რომ გუნდური ჯილდოები ფეხბურთელის ფასსა და ღირებულებას ვერ გადასწონის.

დენის ბერგკამპი ("აიაქსი", "ინტერი", "არსენალი")

ჰოლანდიელი დენის ბერგამპი ნამდვილად გამორჩეული ფეხბურთელი იყო. მიუხედავად ამისა, მას უეფას მთავარი საკლუბო ტურნირი არ მოუგია. ყველაზე ახლოს ამ წარმატებასთან ის და მისი "არსენალი" 2006 წელს იყვნენ, თუმცა ფინალი დათმეს. იმ მატჩში დენისი მოედანზე არ გასულა და 90 წუთი სათადარიგო სკამზე გაატარა.

მაიკლ ოუენი ("ლივერპული", "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედი")

ინგლისელი "ოქროს ბიჭუნა" - ამ სახელით გაიცნო საფეხბურთო საზოგადოებამ მაიკლ ოუენი. 2001 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელმა ტრავმების გამო თავისი ნიჭი ბოლომდე ვერ გამოავლინა. მას ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის გარეშე მოუწია დიდი ფეხბურთიდან წასვლა.

გაბრიელ ბატისტუტა ("ფიორენტინა", "რომა", "ინტერი")

არგენტინელი გოლეადორი გაბრიელ ომარ ბატისტუტა ის ფეხბურთელია, რომელსაც ძეგლი სიცოცხლეშივე დაუდგეს. ეს ფლორენციაში მოხდა. ბატისტუტას "ფიორენტინას", "რომასა" და "ინტერის" რიგებში უთამაშია ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა განსაკუთრებული წარმატების გარეშე.

რობერტო ბაჯო ("მილანი", "ინტერი")

გასული საუკუნის 90-იანი წლების კიდევ ერთ გამორჩეულ მოთამაშეს, რობერტო ბაჯოს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ უმარჯვია. ბევრის მოსაზრებით, იტალიის ყველა დროის საუკეთესო ფებხურთელს ამ ტურნირზე მხოლოდ მილანური გუნდების, "მილანისა" და "ინტერის" რიგებში უთამაშია.

ჯანლუიჯი ბუფონი ("პარმა", "იუვენტუსი")

და ბოლოს, დავამთავროთ იმ ფეხბურთელით, რომლითაც დავიწყეთ. იტალიელ ჯანლუიჯი ბუფონს ჯერჯერობით თავისი ოცნება ვერ აუხდა. არადა, ჯიჯი ლამის ყოველ ინტერვიუში ამბობს, რომ ლიგის მოგება მისი კარიერის მთავარი მიზანია. ამასთან ყველაზე ახლოს ბუფონი 2003 წელს იყო. მიუხედავად იმისა, რომ თერთმეტმეტრიანების სერიაში მეკარემ 2 პენალტი აიღო, იგი თანაგუნდელებმა დააღალატეს და თასიც "მილანს" დარჩა. XXI საუკუნის კიპერს ოცნების ახდენის საშუალება 6 ივნისს მიეცემა. მისი კაპიტნობით "იუვენტუსი" "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139246