ფეხბურთი

14:53 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლოკომოტივ-ჯორჯიას” პრეზიდენტი: “გვსურს ქართველ და უკრაინელ ფეხბურთელებს პროფესიულ კლუბებში გზა გავუკვალოთ”

კიევის “ლოკომოტივ-ჯორჯიას” პრეზიდენტმა გიორგი აბზიანიძემ “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მიზანი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უკრაინაში გზის გაკვალვაა.

- საფეხბურთო კლუბის შექმნის იდეა როდის გაგიჩნდათ?

-კლუბის ჩამოყალიბება წელიწადნახევრის წინ გადაწყდა. კიევში ბევრი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ჩამოდიოდა, რომელთაც გუნდებში დარჩენა უჭირდათ. აქ ისეთი სიტუაციაა, რომ იძახიან ორი ქართველი უკვე ბევრიაო. ამიტომ, გუნდის ჩამოყალიბება გადავწყვიტეთ, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს უკრაინის უფრო მაღალი დონის გუნდებში მოხვედრის საშუალება მივცეთ. მაგალითად, ჩვენთან თამაშობს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრი ლევან კოშაძე, რომელმაც კონტრაქტი პირველი ლიგის ჩერკასის “დნეპრთან” გააფორმა. მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და მომავალ სეზონში “დნეპრში” ითამაშებს. ჩვენ გუნდში 16 წლის მეკარე სანდრო ჩლაიძე თამაშობს, რომელიც ლიგაში ყველაზე ახალგაზრდაა. მან 5 ტური ჩაატარა და 3 მატჩში ორჯერ პენალტი აიღო.

- რომელ ლიგაში გამოდიხართ?

- რანგით უკრაინის მე-3 ლიგაა. ეს ლიგა საოლქო პირველობებადაა დაყოფილი და ჩვენ კიევის ოლქში ვთამაშობთ. დონე ცუდი არაა და მეორე ლიგას არ ჩამორჩება. მაგალითად, ჩვენი ოლქის ორმა გუნდმა ზამთარში ჩატარებული ტურნირები მოიგო, სადაც უკრაინის პრემიერლიგის დონეცკის “მეტალურგი” და პირველი ლიგის გუნდებიც გამოდიოდნენ. ჩვენ ფეხბურთელებზე ვიდეომასალებიც გვაქვს და მე-3 ლიგაში ახალგაზრდებზე დასაკვირვებლად სხვადასხვა კლუბების სკაუტებიც დადიან.

- სად ვარჯიშობთ და ფეხბურთელებს ხელფას-პრემიები თუ აქვთ?

- სავარჯიშოდ კარგი პირობები გვაქვს. სტადიონს ქალაქის ცენტრში ვქირაობთ და ვინაიდან “ლოკომოტივის” სახელით გამოვდივართ, შეღავათს გვიკეთებენ. ამ ლიგაში ხელფას-პრემიები ჩვენს გარდა ყველა გუნდს აქვს. ჩამოსული ფეხბურთელები ან ჩემთან ცხოვრობენ ან კიდევ ბინას თავად ქირაობენ.

- გამოდის, რომ კლუბს სპონსორი არ ჰყავს?

- სპონსორი არ გვყავს. ერთადერთი, საქართველოს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი დაგვეხმარა. მას არ ვიცნობდით და თავად დაგვიკავშირდა. ჩვენ გუნდს ეკიპირება და ბურთები გადასცა, რისთვის მსურს დიდი მადლობა გადავუხადო. ეს “ლოკომოტივ-ჯორჯიასთვის” დიდი შეღავათი იყო.

- თქვენი კლუბის მიზანი რაა? მეორე ლიგაში გადასვლას ხომ არ გეგმავთ?

- მეორე ლიგაში გადასვლის სურვილი არ გვაქვს, რადგან იქ ლეგიონერების თამაში არ შეიძლება. თან, იმ ლიგაში კლუბების ბიუჯეტი მილიონი დოლარიდან იწყება. გვსურს ქართველ და უკრაინელ ფეხბურთელებს პროფესიონალურ კლუბებში გზა გავუკვალოთ. მითუმეტეს, ორი გუნდი გვყავს. ერთი ოლქის პირველობაზე თამაშობს, ხოლო მეორე ჭაბუკთა პირველობაზე. ამჟამად, “ლოკომოტივ-ჯორჯიაში” 7 ქართველი ფეხბურთელი ირიცხება.

- სამომავლოდ კლუბის შენარჩუნებას რამდენად შეძლებთ?

- ჩვენმა გუნდმა კიევში სახელი უკვე მოიხვეჭა და მთელ ოლქში იცნობენ. კლუბის შენარჩუნებას ყველანაირად ვეცდები. ჩვენი გუნდიდან უკრაინის პრემიერლიგაში ერთი ფეხბურთელიც რომ მოხვდეს, სხვებისთვის უკვე დიდი სტიმული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103182