ბლოგი

11:28 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძმები რამირესები

სამი ძმა რამირესები: ლუკასი, ფერნანდო და დანიელი. სამი გადარეული ჯეელი, რომლებიც მუდამ მიზეზს ეძებენ საჩხუბრად და მუდამ მზად არიან იბრძოლონ მათი საერთო და დიდი სიყვარულისათვის, რომელსაც სახელად “რივერ პლეიტი“ ჰქვია. ძველი, გახეხილი ჯინსებით, თეთრი, წითელზოლიანი მაისურებით, ოვალური კეპებითა და შეკრული კოპებით დააბიჯებენ ბუენოს აირესში და თვალებს ავბედითად აცეცებენ აქეთ-იქით. აბა ამდენ მტერს მოგერიება ხომ უნდა? ამ მრავალკლუბიან ქალაქში სხვების ადგილი არაა. მხოლოდ ერთადერთი და მარადიული “რივერ პლეიტი და არაფერი სხვა!

ფერნანდოს ძველი “ფორდი“ ჰყავს, რომელშიც ეტევა ძმების მთელი საკლუბო ავლადიდება, დაწყებული “რივერის“ საკლუბო შარფებით და მაისურებით და დამთავრებული წითელი ფერის დროშით, რომელსაც შემზარავი თავის ქალა ახატია წარწერით: “გამარჯვება, ან სიკვდილი!“. “ფორდის“ საბარგულის უკანა ნაწილი საშინლადაა ჩაჭეჭყილი და დაზიანებული. ეს, “ესტუდიანტესის“ ინჩასებთან შარშანწინდელი ჩხუბის კვალია, როდესაც სტუდენტებმა სამივე ძმა გვარიანად მიბეგვეს და რომ არ გამოესწროთ, კაცმა არ იცის, კიდევ რა მოხდებოდა. ერთხელ ეს ბეჩავი “ფორდი“ გორაკზეც კი დაუგორდათ ძმებს, მაგრამ რის ვაივაგლახით მაინც ამოათრიეს, შეარემონტეს და ახლა ისე მშვენივრად დააგრიხინებს - თქვენი მოწონებული.

ძმებში უფროსი დანიელია, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს “რივერ პლეიტი“ და დედმამიშვილებიც მისი გადარეულია. მთელს ტანზე საკლუბო ემბლემები და წარწერები აქვს ამოსვირინგებული და განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს “რივერის“ ქომაგებში. ორჯერ, ამ კლუბის ფანთა ლიდერადაც კი დაასახელეს, მაგრამ როგორც ჩვენში იტყვიან, ვერ “გაქაჩა“, რადგან არ იყო ის კაცი, რომელიც ათასობით გადარეულ ინჩასს უწინამძღვრებს. ძმების წინამძღოლობაც ერთობ რთული საქმეა მისთვის. დანიელი პირადად იცნობს კლუბის თითქმის ყველა წევრს დაწყებული პრეზიდენტიდან და მწვრთნელიდან და ბალახის მკრეჭავი სერხიოთი დამთავრებული, რომელიც სხვათა შორის ერთ დროს თვითონაც კარგად თამაშობდა ფეხბურთს, მაგრამ მერე იყო ტრავმები, უიღბლობა და ყველაფერი ის, რაც ლათინურ ამერიკაში სამწუხაროდ აღარავის უკვირს.

ძმათაშორის უმცროსი ლუკასი “რივერის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა და ისეთი ხისტი მცველი იყო, თანაგუნდელებმა “პირანია” დაარქვეს, მაგრამ ერთ დღესაც, მწვრთნელმა მისი სათადარიგო სკამზე დასმა გადაწყვიტა - ერთი თამაში, ორი, სამი... ერთი თვე, ერთი წელი... ჰოდა ადგა ლუკასიც და დაანება თავი ფეხბურთელობას, თუმცა ამ ამბავს არასოდეს მოუხდენია გავლენა “რივერისადმი” მის სიყვარულზე. შარშან ლექსიც კი მიუძღვნა “მილიონარიოსს”, რომელიც ასე მთავრდება:

“ჩემთვის არ უთქვამთ არასდროს ოლე!

მე ვერ ვაჯობე ფეხბურთში ტოლებს!

“რივერის” ხათრით ვირგებდი როლებს,

მუდამ ვითვლიდი გრაფაში ნოლებს”.

ლუკასის ეს და სხვა ლექსები თითქმის ზეპირად იცის სამივე ძმამ და არა მხოლოდ მათ... როდესაც “რივერ პლეიტის“ ფან-კლუბის დიდი შეკრებაა, კლუბის ქომაგები ხშირად კითხულობენ და არჩევენ ლუკასის დაწერილ ლექსებს. ბევრი ფიქრობს, რომ კლუბის დირექტორატმა ეს ბიჭი შტატში უნდა აიყვანოს, როგორც პიარ-სამსახურისთვის საჭირო კაცო. შექება ლუკასს ახარებს. ზის თავჩაქინდრული და ეღიმება თავისთვის.

ამ რამდენიმე დღის წინ, ფერნანდომ სახლში ინგლისურ ენაზე გამომავალი დიდი საფეხბურთო ჟურნალი მიიტანა და რაკი სამ ძმაში მარტო თვითონ იცოდა ინგლისური, ხმამაღლა დაიწყო სტატიების კითხვა და სახელდახელოდ თარგმნა. ერთ-ერთი პატარა “ნიუსი“ იტყობინებოდა, რომ ევროპაში, კავკასიის რეგიონში მდებარე პატარა ქვეყანა საქართველოში ორი კლუბის, ქუთაისის “ტორპედოს“ და თბილისის “დინამოს“ ქომაგებს ეჩხუბათ და ჟურნალისტი ირონიულად შენიშნავდა, რომ ამ ჩხუბში ჩადებული იყო საცოდავი და უნიჭო მიმბაძველობა ლათინოამერიკული ფეხბურთის ქომაგებისა.

ძმები დიდი ყურადღებით უსმენდნენ ფერნანდოს და როდესაც ამ უკანასკნელმა კითხვა დაასრულა, დანიელმა იკითხა: “ტორპედო“ რა არის?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111425