რაგბი

15:46 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მასისთვის” ელიტა დასრულდა, ოთხი ადგილისთვის ექვსი იბრძვის

საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის Pro D2-ის ყველაზე ქართული გუნდი - ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი” ელიტას ემშვიდობება და მომავალ სეზონს ფედერალ 1-ში დაიწყებს.

28-ე ტურში ქართველების გუნდი “კარკასონს” სტუმრად ეთამაშებოდა და 44-ე წუთის შემდეგ 0:17 ჩამორჩა. მერე სტუმრებმა სიტუაციის შემობრუნება შეძლეს, 55-ედან 70-ე წუთამდე ორი ლელო გაიტანეს და გარდასახვები გამოიყენეს, მათ შორის ჯარიმით 3 ქულა აიღეს და ანგარიში გაათანაბრეს. მაგრამ 72-ე წუთზე ჯარიმით ისევ ჩამორჩნენ, საფინალო სასტვენამდე ვეღარაფერი შეცვალეს და 17:20 მარცხით ბოლო იმედიც დაკარგეს. “მასი” 37 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა და “დაქსს” 6, ხოლო “ნარბონს” 8 ქულით ჩამორჩება.

მომავალ ტურში ეს გუნდები ერთმანეთს ეთამაშებიან და მოგებულს “მასი” ვეღარ დაეწევა, თორემ თეორიულად, ორ ტურში 8-ქულიანი და მით უმეტეს 6-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შესაძლებელი იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სუთიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეორე ხაზში 48 წუთი ითამაშა. პირველიდან 59-ე წუთამდე ითამაშა ყუფარაძემ და მერე ის აშვეთიამ შეცვალა, ხოლო კიდევ ერთი პირველხაზელი დადუნაშვილი შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა.

ამასობაში, გამძაფრდა ხუთეულისთვის ბრძოლა, სადაც Top 14-ში ასასვლელ პლეი ოფში მოსახვედრად ექვსი გუნდი იბრძვის. შეგახსენებთ, რომ პირველი ადგილი და შესაბამისად, ელიტა 1-ის პირდაპირი საგზური გიორგი ნაცარაშვილის “პომ” უკვე დაიბევა, ხოლო მეორე საგზურს მეორე-მეხუთეადგილოსნები გაითამაშებენ და მათ შორის მინიმუმ სამი ქართველი ლეგიონერის გუნდი იქნება.

მოტივაცია დაკარგულ “პოს” თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენმა” 41:20 მოუგო და სამით მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც ჩაიწერა. მასპინძელთა განაცხადში ქართველი ლეგიონერები არ იყვნენ, ხოლო ნაცარაშვილმა თამაში პირველი წუთებიდან დაიწყო, 39-ე წუთზე შეცვალეს, 53-ეზე თანაგუნდელის სინბინის გამო თამაშში მოუწია დაბრუნდა და მე-60-ეზე ისევ შეცვალეს. ამ მატჩში გადამწყვეტი მოტივაცია აღმოჩნდა, მასპინძლებმა პირველ ტაიმში ოთხი ლელო გაიტანეს და 34:6 დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ ორი ლელო “პომაც” მიითვალა, მაგრამ თავად ერთი გაუშვა და მასპინძლებს პრემიალური ქულაც დაუტოვა. ახლა “აჟენი” 79 ქულით მეორე ადგილზეა და პლეი ოფის დასაბევებლად დარჩენილ ორ თამაშში 2 ქულის აღებაც ეყოფა. “პოს” ამ მარცხით არაფერი დაკლებია და 93 ქულით პირველ ადგილზეა.

77-77 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანი” და ტარიელ რატიანიძის “მონ-დე-მარსანი”. ამ უკანასკნელმა ქართველი ლეგიონერის გარეშე “მონტობანი” სტუმრად 19:17 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერების გარეშე ეწვია “პერპინიანი” პლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლ ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკს” და 14:52 დამარცხდა.

მასპინძელთა შორის სრულად ითამაშა შუამარბმა შარიქაძემ და მან რამდენჯერმე კარგი შეტევა წამოიწყო. მისი ერთი გარღვევა 3 ქულის მომტანი ჯარიმით, ხოლო მეორე შეტევა ლელოთი დასრულდა. შარიქაძეს თავადაც შეეძლო ლელოს გატანა, როდესაც თანაგუნდელს კარგად მიყვა, მაგრამ მან თავად უწია ჩათვლის მოედანს და ქართველს პირველი ფრანგული ლელოს გატანა არ დაანება. “ორიაკისთვის” ამ თამაშის მოგებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და შეხვედრა მძლავრად დაიწყო. შესვენებამდე მათ ორი ლელო გაიტანეს, ერთი გარდასახვა და სამი ჯარიმა გამოიყენეს და 21:7 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში მასპინძლებმა კიდევ ოთხი ლელო გაიტანეს მართალია კვლავ მე-7 ადგილზე რჩებიან, მაგრამ 72 ქულა აქვთ და დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩებიან კონკურენტებს.

72-72 ქულა აქვთ “ბიარიცს” და ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბის”. “ალბიმ” სტუმრად “დაქსი” 29:24 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა ტაიმი 26:13 მოიგეს და თამაში რომ განახლდა ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ მერე ინიციატივა მასპინძელთა ხელში გადავიდა და “ალბიმ” ბოლოს გაძლებაზე ითამაშა.

კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბიმ” ლაშა ლომიძის “ბეზიე” 35:22 დაამარცხა. უმოტივაციოდ დარჩენილი გუნდების ქართულ დერბიში ქართული ლელოც გავიდა. სტუმართა შორის ლომიძემ 48-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა, ლელო დამატებულ წუთებზე გაიტანა და ზუსტი გარდასახვით საბოლოო შედეგი დაფიქსირდა. ახალგაზრდა ლეგიონერისთვის, რომელიც უმაღლეს დონეზე პირველ სეზონს ატარებს, ეს მეორე ფრანგული ლელოა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ მირცხულავა და ნემსაძე და პირველი 53-ე, ხოლო მეორე 67-ე წუთზე შეცვალეს. “ბეზიე” 59 ქულით მე-9 ადგილზეა, ხოლო “ტარბი” მას 2 ქულით ჩამორჩება და მე-12-ეა.

Pro D2-ის ბოლოსწინა ტურის თამაშები 2-3 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119296