ფეხბურთი

15:29 | 25.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა თასის არმქონე ფეხბურთელთა სიმბოლური: რონალდო, ნედვედი, კანავარო...

ფეხბურთელის კარიერაში ერთ-ერთი საპატიო ტიტული ჩემპიონთა ლიგის თასია. თუკი სანაკრებო დონეზე პირველ ადგილზე მსოფლიოს ჩემპიონატია, საკლუბოს შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგას ტოლს ვერცერთი ტურნირი დაუდებს.

არსებობენ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული მოთამაშეები, რომლებმაც კარიერა ისე დაასრულეს, რომ ბებერი კონტინენტის მთავარი ტურნირი ვერ მოიგეს. უპირველესად გვახსენდება ბრაზილიელი რონალდო. მსოფლიოს და კოპა ამერიკის ორგზის ჩემპიონმა ევროპის თასების მფლობელთა თასი და უეფას თასი კი მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის კვარცხლბეგზე მაინც ვერ ავიდა. არა და რონალდო კარიერის პიკზე მყოფი ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორიცაა: “ბარსელონა”, მილანის “ინტერი”, მადრიდის “რეალი”.

eurosport-მა იმ ცნობილი, მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელებისგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომლებმაც ჩემპიონთა თასის/ლიგის მოგება ვერ მოახერხეს. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის 7 ტურინის “იუვენტუსის” წარმომადგენელია, ესენი არიან: პაველ ნედვედი, ლილიან ტურამი, ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, ჯანლუკა ძამბროტა და პატრიკ ვიეირა.

მოქმედ ფეხბურთელთაგან ვეტერან ბუფონს აქვს შანსი ლიგა მოიგოს. ჯიჯის გუნდს 2014/15 წლების სეზონის ნახევარფინალში ჯერ მადრიდის “რეალს” დამარცხება მართებს, შემდეგ კი - “ბარსელონასა” და “ბაიერნის” წყვილში გამარჯვებულის.

სიმბოლურში მოხვდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლორან ბლანი. ფრანგი კარიერის განმავლობაში “ბარსელონას”, “მარსელის”, მილანის “ინტერის” და “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურითაც ბურთაობდა, მაგრამ საკლუბო დონეზე მისი მაქსიმუმი ევროპის თასების მფლობელთა თასია.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროსარბიელზე მორიგი უიღბლო ფეხბურთელია. ამჟამად პსჟ-ს ფეხბურთელი საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ჰოლანდიის შიდა ჩემპიონატების და თასის მრავალგზის გამარჯვებულია, მაგრამ ევროპულ ტურნირებზე ვერაფერს მიაღწია.

ერთ-ერთი უიღბლო ფეხბურთელი მიხაელ ბალაკია. ბუნდესლიგის 6-გზის გამარჯვებულმა 2001/02 წლებში “ლევერკუზენის” მაისურით ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზა, თუმცა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცის კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა “რეალს” ვერაფერი მოუხერხა და 1:2 დამარცხდა. 2007/08 წლების სეზონის ფინალში კი ლონდონის “ჩელსის” მაისურით იასპარეზა და “მანჩესტერ იუნაიტედთან” პენალტების სერიაში დამარცხდა.

ჰოლანდიელ დენის ბერგკამპს ჩემპიონთა ლიგის მოგება 2006 წელს ლონდონის “არსენალთან” ერთად შეეძლო, თუმცა მაშინ “მეთოფეებმა” “ბარსელონას” ვერ ძლიეს. მართალია ფინალურ მატჩში ჰოლანდიელმა მონაწილეობა ვერ მიიღო, თუმცა მისთვის ბოლო სეზონი გახლდათ და კარიერის დასრულება საპატიო ტიტულით ნამდვილად სურდა.

სიმბოლური ნაკრების მწვრთნელი კი არსენ ვენგერია. ფრანგი სპეციალისტი “არსენალს” 1996 წლიდან წვრთნის და მას შემდეგ მისი გუნდი ევროპის თასების მფლობელთა თასის, ევროპის ლიგის და ზემოთ ნახსენები ჩემპიონთა ლიგის ფინალებში დამარცხდა. “არსენალი” მიმდინარე სეზონში მშვენივრად გამოიყურება და ჩრდილოლონდონელებს იმედი ეძლევათ, რომ ვენგერი მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგას მაინც მოიგებს.

ზემოთნახსენებთ, ვენგერის გარდა, საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა სჭირდებოდათ, რათა ჩემპიონთა ლიგა მოეგოთ, მაგრამ ბედი ბედია. სერხიო რამოსმა გასული სეზონის ფინალამდე განაცხადა, რომ მისი ტიტულების კოლექციას ჩემპიონთა ლიგა აკლია. ესპანელმა შეავსო კოლექცია, ბუფონს, ზლატანს და ვენგერს კი კიდევ აქვთ შანსი ამ სიმბოლური ნაკრებიდან ამოეწერონ.

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი.

მცველები: ჯანლუკა ძამბროტა, ლორან ბლანი, ფაბიო კანავარო, ლილიან ტურამი.

ნახევარმცველები: პაველ ნედვედი, პატრიკ ვიეირა, მიხაელ ბალაკი.

თავდამსხმელები: დენის ბერგკამპი, რონალდო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

0.12307