ჭიდაობა

2:01 | 25.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამბოს ახალგაზრდა და ჭაბუკთა ნაკრებების წარმატება სამინისტროში შეფასდა

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის. საქართველოს დელეგაციამ მთლიანობაში 17 მედალი მოიპოვა – 6 ოქრო, 5 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.

ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება საქართველოს სამბოს ფედერაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა, რომლის დროსაც სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა – სოსო ლიპარტელიანმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე – აკაკი ლოდიამ, სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა – ირაკლი დოლაბერიძემ და ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელმა ავთო ცინცაძემ ისაუბრეს.

ჭაბუკებმა 9 მედალი აიღეს – სამივე სინჯის 3-3 ჯილდო, ახალგაზრდებმა კი 7 მედალი მოიპოვეს – 3 ოქრო და 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო. 1 ბრინჯაო გოგოების გუნდის მონაგარია, რომელიც ახალგაზრდებში 56 კილოგრამში სალომე აბაშიძემ მოიპოვა. ჭაბუკებში ჩვენმა ბიჭებმა გუნდური პირველობაც მოიგეს, ახალგაზრდები კი მხოლოდ რუსებს ჩამორჩნენ და მეორეზე გავიდნენ.

ჭაბუკების ნაკრებმა 10 წონიდან ექვსის ფინალში იჭიდავა. ჯამბულ ქურდიანი (65), ნიკა სიდამონიძე (87) და დავით რაზმაძე (+87) ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ჯაბა პაპინაშვილმა (48), ენვერ ლაცაბიძემ (52) და ტრისტან მოსახლიშვილმა (75) ფინალური პაექრობები დათმეს და მეორეზე დარჩნენ, კონტინენტის მესამე პრიზიორობას კი ვახტანგ მეტივიშვილი (56), ალექსი ქიტიაშვილი (70) და იმედა გოგოლაძე (81) დასჯერდნენ.

ახალგაზრდებში ოქროს მედლებს ირაკლი კუპატაძე (57), თორნიკე ჭოველიძე (68) და დავით ოზბეთელაშვილი (100) დაეუფლნენ. ფინალურ პაექრობებში გიორგი მელქუაშვილი (48) და ირაკლი გოგია (90) დამარცხდნენ, ბრინჯაო კი გიორგი მირაშვილმა (52) და გიგა გელაშვილმა (100 მოიპოვეს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117522