ფეხბურთი

19:33 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიონს” პორტუგალიელმა მოაგებინა

ბოლნისის “სიონი” მშობლიურ ქალაქში საშინაო მატჩებს ვერ ატარებს, რადგან თემურ სტეფანიას სტადიონი ლიცენზირების მოთხოვნებს არ შეესაბამება. ამიტომ, მეორე სეზონია ბოლნისელები სტუმრებს ხან თბილისში “მიხეილ მესხზე” იღებენ, ხან გორში “თენგიზ ბურჯანაძეზე”. ამჯერად, “სიონმა” მარტვილელები გორში მიიღო.

ბოლნისელები 16 გუნდში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან და ლიგიდან გავარდნის რეალური კანდიდატები არიან. მართალია, “მერანი” გასავარდნ ზონაში არაა, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ “თავი ქუდში” აქვს. შესაბამისად, ორივე გუნდისთვის ქულაც კი “ოქროდ” ფასობს, მითუმეტეს – სამი. “სიონმა” მინიმალური სხვაობით მოიგო და ერთადერთი გოლი პორტუგალიელმა ლეგიონერმა გაიტანა.

მატჩის დებიუტში ალექსანდრე გოგობერიშვილმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა, სადაც მყოფი დავით სვანიძის თავური არაზუსტი აღმოჩნდა.

ამ ეპიზოდან ათ წუთში, “მერანის” კონტრშეტევისას საბა ლომიამ მარცხენა ფლანგზე პაპუნა მოსემღვდლიშვილს სისწრაფეში აჯობა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა, მაგრამ ბათიაშვილს ბურთის ხელებში დაჭერა არ გასჭირვებია.

ტაიმის შუაწელში მეკარე გიორგი ბეგაშვილის მიერ ცუდად მოგერიებული ბურთი დათა სიჭინავას მიუვიდა, თუმცა ბოლნისელთა შემტევმა ნახევარმცველმა საშუალო მანძილიდან ცარიელ კარში ვერ გაიტანა.

მცირე ხანში, მარცხნიდან გოგობერიშვილის პასის შემდეგ, პორტუგალიელმა ვიეირა მედინამ თავით ლამაზი გოლი გაიტანა – 1:0.

ტაიმის მიწურულს დაჩი ფოფხაძემ თავით ბურთი ცუდად დაუბრუნა ზურაბ ბათიაშვილს და ბოლნისელთა გოლკიპერი კარიდან დროზე რომ არ გამოსულიყო, შესაძლოა გოგი ფიფიას ანგარიში გაეთანაბრებინა. საბოლოოდ, ეპიზოდი ფიფიას და ბათიაშვილის შეჯახებით დასრულდა, რომლის დროს “სიონის” მეკარე მცირედ დაშავდა.

შესვენებამდე სვანიძემ თავის ნახევარზე ცუდი პასი გააკეთა, მაგრამ აკაკი შულაიამ ვერ ისარგებლა და საჯარიმოში შესულმა მარტვილელმა თანაგუნდელს ზუსტი პასი ვერ მისცა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში დავით ციცხვაიამ საჯარიმოს ფარგლებს გარედან ძლიერად დაარტყა და ბურთი მიზანს მცირე მანძილით ასცდა.

ცოტა ხანში, ნოდარ კიკნაველიძემ დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.

ბოლნისელთა საპასუხო შეტევისას პარტნიორმა მედინა ვიეირას ბურთი მეტოქის საჯარიმოში შეაყოლა და პორტუგალიელმა ორიგინალურად დარტყმა მოინდომა, მაგრამ ირაკლი ციცხვაია გადაეფარა.

ამის შემდეგ, “სიონმა” კიდევ ერთხელ შეუტია და გიორგი ჭანკოტაძემ სტუმართა საჯარიმოს მისადგომებიდან ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

“მერანი” ანგარიშის გათანაბრებას ლამობდა და ციცხვაიას საჯარიმოს მერე ბათიაშვილმა მუშტებით მოიგერია ბურთი, რომელიც ისევ ციცხვაიას მიუვიდა და მარტვილელს დარტყმის ნაცვლად კარგი პასი გამოუვიდა წურწუმიას მისამართით, რომელსაც ხელსაყრელი პოზიციიდან ცნობილაძემ არ გაატანინა.

მედინა ვიეირას გატანა კიდევ შეეძლო, თუმცა, ჭანკოტაძის პასის შემდეგ, პორტუგალიელის თავური ბეგაშვილმა გააუვნებელყო.

ძირითადი დროის ბოლო წუთებზე აკაკი შულაიამ მარჯვნიდან “სიონის” საჯარიმოში ჩააწოდა და ლამის კარის ხაზიდან საბა ლომიას ბათიაშვილმა არ გაატანინა.

ლადო ბურდული: “პრინციპული თამაში იყო, რადგან უშუალო კონკურენტს ვხვდებოდით. წაგებების სერიის შემდეგ ბიჭები წნეხის ქვეშ იყვნენ. გადასარჩენად ვიბრძვით და ალბათ შავი ძალებით გვებრძვიან. აქ რომ ჩამოჰყავთ მსაჯები კვალიფიკაციის ასამაღლებლად სწორი არაა. თუ გაცვლითი პროგრამაა მაშინ მაღალი კვალიფიკაციის მსაჯი უნდა ჩამოიყვანო. ძალიან დაბალი დონის მსაჯობა იყო და თამაშიც გაფუჭდა. ჩვენ შედეგზე ვიყავით ორიენტირებული და გაგვიმართლა, რომ ძალიან ლამაზი გოლი გავიტანეთ. ასეთი მსაჯობის ფონზე 3 ქულა რომ ავიღეთ გაგვიმართლა”.

სიონი (ბოლნისი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (1:0)

18 აპრილი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.

სიონი: ბათიაშვილი, სვანიძე (კ), მოსემღვდლიშვილი, ცნობილაძე, დათო საჯაია (ჭიკაიძე, 80), დაჩი ფოფხაძე (გაფრინდაშვილი, 64), ცხადაია, გოგობერიშვილი, ზვიად ლობჯანიძე, დათა სიჭინავა (ჭანკოტაძე, 61), ვიეირა მედინა.

მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული

მერანი: ბეგაშვილი, მელიავა, ორბელაძე (კ) (ქაჯაია, 46), ციცხვაია, კიკნაველიძე, ქიქავა, წყაროზია (გიგა წურწუმია, 56), ჯღამაია, საბა ლომია, შულაია, ფიფია (ციცხვაია, 46).

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი.

გოლები: 1:0 ვიეირა მედინა (33)

გაფრთხილება: ცხადაია (13), მოსემღდვლიშვილი (57), საბა ლომია (63), წურწუმია (72), ბათიაშვილი (90+3)

მთავარი მსაჯი: მარილ აპაპი (მალტა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.184485