რაგბი

17:33 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

არეკნების სერია წიკლაურმა გააგრძელა

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფის მეორე ეტაპზე, ფინალში გასასვლელ შეხვედრაში “ლელო-სარასენსის” ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა ბოლნისის “ყოჩებს” ორი შორეული არეკნი გაუტანა და საკუთარ გუნდს 22:21 მოაგებინა, რითაც საქართველოს ორგზის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გავიდა ფინალში.

გასავარდნ პლეი ოფში ეს ხაზი თბილისის “ლოკომოტივის” ფულბეკმა ბექა წიკლაურმა გააგრძელა, ფოთში “ბათუმს” სამი არეკნი გაუტანა და რკინიგზელებს 18:13 მოაგებინა. ახლა “ლოკომოტივი” 2 მაისს ბოლნისის “ყოჩებს” შეხვდება და ამ წყვილის გამარჯვებული 9 მაისს “ლელო-სარასენსისთვის” უძლიერესი გუნდის ტიტულის ჩამორთმევას ეცდება.

ფოთში გამართული მატჩის გმირი უდავოდ წიკლაურია, რომელმაც სამი არეკნის გარდა ერთი ამდენი ჯარიმაც გაიტანა და 18-ივე ქულა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა. მან თბილისელები ჯარიმით მე-4 წუთზე დააწინაურა და მართალია მერე ერთი დარტყმა გაუფუჭდა, მაგრამ მე-16 წუთზე არეკნით უპირატესობა გაზარდა. “ბათუმს” მალევე მიეცა ჩამორჩენის შემცირების შანსი, მაგრამ ბახვა კობახიძემ მიზანი ვერ გაისწორა. სამაგიეროდ, წიკლაურმა 21-ე წუთზე ჯარიმა, ხოლო 30-ეზე მეორე არეკნი გაიტანა და “ლოკომოტივი” 12:0 დაწინაურდა.

ზღვისპირელები თამაშში მეორე ტაიმში დაბრუნდნენ. 48-ე და 53-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით, კობახიძემ ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა და მის გუნდს თამაშის მოსაგებად ერთი გარდასახული ლელო ჭირდებოდა, მაგრამ წიკლაურმა 67-ე წუთზე მესამე ჯარიმა გაიტანა და თბილისელები 15:6 დააწინაურა. “ბათუმმა” ზემოთნახსენები ლელო-გარდასახვა 73-ე წუთზე მიითვალა - მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი არჩილ ალიქაძემ დაამიწა, ხოლო კობახიძემ გარდასახვა შეასრულა და 13:15.

ახლა ბათუმელებს შემდეგ ეტაპზე ჯარიმაც გაიყვანდა, მაგრამ წიკლაურს ვერაფერს მოუხერხეს და არეკნით შესრულებული ჰეთ თრიკის შემდეგ უპირატესობა 5-ქულიანი გახდა, საფინალო სასტვენამდე კი, 4 წუთი რჩებოდა. “ბათუმს” ლელო რომ გაეტანა, წონასწორობა აღადგებოდა და გარდასახვა ზუსტი თუ არ იქნებოდა, მცირე ფინალში ზღვისპირული გუნდი გავიდოდა, რომელსაც ამ მატჩში ლელოების უპირატესობა ექნებოდა, მაგრამ “ლოკომოტივმა” ჩათვლის მოედანი დაიცვა, 18:13 გაიმარჯვა და 2 მაისის თამაშისთვის მზადებას შეუდგა.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

პლეი ოფი. II წრე

18 აპრილი. შაბათი. გასავარდნი

ფოთი. ხელოვნური. 400 მაყურებელი

ბათუმი (ბათუმი) - ლოკომოტივი (თბილისი) 13:18 (0:12)

ბათუმი: 1 ლელო - ალიქაძე; 1 გარდასახვა - კობახიძე; 2 ჯარიმა - კობახიძე; 1 სინბინი - ერისთავი

ლოკომოტივი: 3 ჯარიმა - წიკლაური; 3 არეკნი - წიკლაური

მცირე ფინალი. 2 მაისი

ყოჩები (ბოლნისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

ფინალი. 9 მაისი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - მ.ფ. მოგებული

0.117501