რაგბი

21:56 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდების თავდადება “კლერმონთან” დაფასდა

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, რომელიც მსოფლიო თასის “ალაფისთვის” ემზადება, ფრანგული Top 14-ის გრანდ “კლერმონის” ესპუართა (ახალგაზრდულ) გუნდს ამხანაგურად გაეჯიბრა და 28:18 იმარჯვა.

“შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე გამართული თამაში ამხანაგურის სტატუსს კი ატარებდა, მაგრამ მისი შემხედვარე უცილობლად იფიქრებდა, გუნდები რაღაც მნიშვნელოვანი ჯილდოსთვის იბრძვიანო. მოედანზე გავიდა 2 კარგად მოტივირებული გუნდი, რომლებიც არაფრის დათმობას არ აპირებდა და ტრიბუნაზე შეკრებილმა 1500-ზე მეტმა მაყურებელმა გვარიანად ისიამოვნა.

ცნობისათვის: “კლერმონი” ფრანგული რაგბის ერთ-ერთი ფლაგმანია, Top 14-სა თუ ევროპის ჩემპიონთა თასზე მუდამ ჩემპიონობისთვის იბრძვის და მის პირველ გუნდში დავით ზირაქაშვილი და ვიტო კოლელიშვილი თამაშობენ. კოლელიშვილი 2 წლის წინ სწორედ ესპუარებში თამაშობდა და გუნდთან ერთად ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ამჟამად ესპუარებში ოთხი ქართველი მორაგბე ირიცხება და მათ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ ითამაშეს, თუმცა, 2 მათგანი “ახალგაზრდა ბორჯღალოსნებთან” ერთად პორტუგალიაში “ალაფაზე” უნდა გაემგზავროს.

ფრანგული გუნდის თბილისში სტუმრობა ყოველმხრივ გამართლებული და მომგებიანი იყო. ამ სტილის გუნდებთან ქართველ მორაგბეებს თამაში თითქმის არ უწევთ და მათთან პირისპირ უშუალოდ ოფიციალურ შეხვედრებში დგებიან. ახლა, მეტოქემ მწვრთნელებს დაანახა, თუ რა მიმართულებითაა სამუშაო საჭირო და ეს გამოცდილება მათთვისაც კარგია და უშუალოდ მოთამაშეებისთვისაც. უფრო მეტიც, ვფიქრობ, ქართული კლუბების მწვრთნელებმა “კლერმონის” თამაშისგან ბევრი საინტერესო დეტალი უნდა ჩაინიშნონ და სამომავლოდ მათი გამოყენებით ჩვენი ჩემპიონატის დონეც ამაღლდება.

“კლერმონი” იყო კარგად ორგანიზებული, მებრძოლი გუნდი, რომლის შემადგენლობაში მაღალი დონის შემსრულებლები, მებრძოლი ბიჭები თამაშობდნენ. ბრძოლაში და თავდადებაში მათ ქართველებმა არაფერი დაუთმეს, პირველი ტაიმის 10 ქულის სხვაობით წაგების შემდეგ, მეორე ტაიმში შეცდომები გამოასწორეს, დასკვნითი 40 წუთი 20:0 მოიგეს და გამარჯვებაც დამსახურებულად იზეიმეს.

შეხვედრა ქართველი მორაგბეების აქტიურობით დაიწყო, მაგრამ ჟულიენ შარდონმა გადაცემა ცენტრალური ხაზის სიახლოვეს ჩაჭრა და ლელომდე ირბინა, ხოლო ენდო სანგამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. პირველივე წუთებიდან გამოჩნდა, რომ მოედანზე გაჩაღებული დაუნდობელი ბრძოლა “უსისხლოდ” არ ჩაივლიდა და თამაშისას რამდენჯერმე ატყდა ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშტი-კრივი, რის გამოც შეხვედრის მიწურულს რეფერიმ ორივე გუნდის თითო-თითო მორაგბე გაასინბინა.

მართალია, თავიდან ქართველები ჯარიმას კარში არ ურტყამდნენ, მაგრამ რომ ჩამორჩნენ, მე-11 წუთზე 3 ქულის აღება გადაწყვიტეს და 35 მეტრიდან რეზი ჯინჭველაშვილმა ჩამორჩენა შეამცირა. მერე ვასილ ლობჟანიძემ ფეხით შეცურებულ ბურთზე ბოლომდე იბრძოლა, “კლერმონი” დაჯარიმდა, ჯინჭველაშვილმა ის სწრაფად გაათამაშა და მართალია, ბადრი ალხაზაშვილი შეაჩერეს, მაგრამ რაქიდან ოთარ გიორგაძემ ლელოს გატანა მაინც მოახერხა. გარდასახვა არაზუსტი იყო - 8:7.

ამის შემდეგ “კლერმონი” ათამაშდა, სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და მაღალი დონის რაგბი აჩვენა. ფრანგები კარგად შლიდნენ შეტევებს ფლანგზე და უპირატესობის მოპოვებას სისწრაფით ცდილობდნენ. ქართველებმა თავდაუზოგავი დაცვით მათი მიძალებების შეჩერება შეძლეს. ტაიმის ბოლოს ფრანგებმა მოკლე დარტყმებით იარეს, ფლანგზე მეტობა რომ შექმნეს თამაში გაშალეს, ორი მოიერიშის შეჩერება მოხერხდა, მაგრამ შარდონმა მიზანს უწია და დუბლი შეასრულა. ამ ლამაზი ლელოს შემდეგ გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი სტუმრებმა 18:8 მოიგეს.

მეორე ტაიმში მოედანზე სიტუაცია შეიცვალა. საქართველოს ნაკრები თამაშს თითქმის მთელი 40 წუთი აკონტროლებდა. ცვლილებებმა და მიღებულმა დავალებებმა “ბორჯღალოსნებს” სათამაშო უპირატესობასთან ერთად შედეგიც მოუტანა. მოკლე დარტყმებით და მოლით შეტევების შემდეგ, მოლს ოთო გიორგაძე მოსწყდა და შარდონის დუბლს თვითონაც დუბლით უპასუხა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ტაიმის შუაში საქართველოს ლამაზი კომბინაცია მორიგი ლელოთი დასრულდა - ბექა გორგაძემ ხაზი კარის წინ, ცენტრის სიახლოვეს გაჭრა და დაახლოებით 20 მეტრი იარა, შეტევა მარჯვენა ფლანგზე გაიშალა, სადაც ირაკლი სვანიძემ მაღალ სიჩქარეზე მიიღო გადაცემა, ფრანგ მცველებს შორის სუფთად გაძვრა და ანგარიში გაათანაბრა. გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო - 18:18.

საქართველოს ნაკრები ისე გათამამდა, რომ კარის წინ 25 მეტრიდან ჯარიმით დაწინაურების ნაცვლად, ბურთი აუტში გაგზავნა, დერეფნიდან შეუტია, ხაზი ორჯერ გაიჭრა, მესამე ჯერზე ნიკა სიმონიშვილი ხაზის სიახლოვეს შებოჭეს, მაგრამ ქართველმა ბურთის ჩათვლის მოედანში გადადება მოახერხა. გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მალე ჯარიმით ანგარიში 28:18 გახადა. სულ ბოლოს “კლერმონმა” ერთი გაიბრძოლა, მაგრამ ბოჭვებისას ინდივიდუალურად კარგად მოთამაშე ნაკრების წევრებმა მეტოქეს სივრცეები შეუზღუდეს და ფრანგები შინ გაბრუებული გაისტუმრეს - 28:18.

ამ მატჩით დასრულდა 20-წლამდელთა მორიგი შეკრება. გუნდი 26 აპრილს კვლავ შეიკრიბება და მაისის დასაწყისში რომელიმე ქართულ კლუბთან, ან კლუბების ნაკრებთან კიდევ ერთ საკონტროლო თამაშს გამართავს. “ბორჯღალოსნები” პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში 6 მაისს მიემგზავრებიან, ხოლო უშუალოდ ტურნირში 12 მაისიდან ჩაებმებიან.

2015 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფა”

ა ჯგუფი

ფიჯი

საქართველო

პორტუგალია

ურუგვაი

12 მაისი

ურუგვაი - საქართველო

ფიჯი - პორტუგალია

16 მაისი

ურუგვაი - პორტუგალია

ფიჯი - საქართველო

20 მაისი

საქართველო - პორტუგალია

ფიჯი - ურუგვაი

ბ ჯგუფი

კანადა

ჰონკონგი

ნამიბია

ტონგა

12 მაისი

კანადა - ნამიბია

ტონგა - ჰონკონგი

16 მაისი

კანადა - ჰონკონგი

ტონგა - ნამიბია

20 მაისი

ნამიბია - ჰონკონგი

ტონგა - კანადა

ფინალური დღე. 24 მაისი

0.115986