რაგბი

23:20 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

დრამა “ავჭალაზე” - “ლელო-სარასენსი” ფინალშია

თბილისის “ლელო-სარასენსის” ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა ფეხჩუბინობა კიდევ ერთხელ გამოავლინა და ორი შორეული არეკნი გაიტანა. ალბათ ამან, ბოლნისის “ყოჩებს” ერთგვარი სიფრთხილე გაუღვივა და ბოლო წუთზე საკუთარი 22-იდან ფეხით გამოსვლის ნაცვლად ხელდახელ შეუტია, მაგრამ ჩახურვისთვის დაჯარიმდა და ყიასაშვილმა ხელსაყრელი სიტუაციიდან თბილისელები ფინალში გაიყვანა - 22:21.

ეს იყო პლეი ოფის მეორე ეტაპის მატჩი, ფინალში გასასვლელი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს რეგულარული პირველობის პირველ-მეორეადგილოსნები შეერკინნენ და “ავჭალის” ტრიბუნებზე შეკრებილმა 2 ათასმა მაყურებელმა დაძაბული თამაში იხილა. ორივე კლუბს სტადიონზე მოყვანილი ჰყავდა საკუთარი სკოლის პატარა მორაგბეები, რომლებიც თავიანთ კლუბს გულმხურვალედ ქომაგობდნენ და ამან შეხვედრას დამატებითი სილაღე შემატა.

მოვლენები დრამატულად განვითარდა, პერიოდულად უპირატესობა ხელიდან ხელში გადადიოდა და ბოლო წუთამდე ვერავინ იტყოდა გამარჯვება ვის დარჩებოდა. დებიუტი “ლელო-სარასენსის” იყო. მათი შეტევის მოლი იმდენად კარგად მუშაობდა, რომ ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩიეს და ჩათვლის მოედნის ხაზიც გადაკვეთეს, მაგრამ ბურთი ჩაიხურა. ირლანდიელმა რეფერიმ მოლის განზრახ ჩაქცევისთვის დავით გრძელიშვილი გაასინბინა და თბილისელებმა 5-მეტრა შერკინებიდან შეუტიეს, რაქიდან ბურთი გიორგი ლომთაძემ მიიღო, ხაზი გაჭრა და ანგარიში გახსნა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 0:7.

ბურთი სულ “ლელო-სარასენსს” ჰქონდა, “ყოჩებმა” საწყის 15 წუთში წესები 4-ჯერ დაარღვია და თითქოს კაცნაკლულ მეტოქესთან თბილისელებს უპირატესობა უნდა გაეზარდათ, მაგრამ მე-20 წუთზე ცენტრალური ხაზის სიახლოვეს ბურთი რომ დაკარგეს რატი გარუჩავამ ფეხით ითამაშა, ირაკლი გეგენავამ მცველებს სისწრაფეში აჯობა, მათთან 3-4 მეტრიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ოვალთან ერთად “ლელო-სარასენსის” ჩათვლის მოედანში შესრიალდა. ეს ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვის მე-10 ლელოა მიმდინრე სეზონში ის ორ-ორი ლელოთი უსწრებს ლომთაძეს (რომელმაც 5 წუთით ადრე მიმდინარე ჩემპიონატში თავისი მე-8 ლელო გაიტანა) და ლევან თხელიძეს, რომლის “ბათუმიც” 18 აპრილს “ლოკომოტივს” ეთამაშება.

თემურ სოხაძემ გარდასახვით ანგარიში გაათანაბრა. 8 წუთიან ინტერვალში “ყოჩები” 5-ჯერ დაჯარიმდნენ, სოხაძეს ერთი დარტყმა გაუცუდდა და მერე არეკნიც ვერ გაიტანა, მაგრამ მომდევნო ორ შემთხვევაში უშეცდომოდ დაარტყა და 33-ე წუთზე “ყოჩები” 13:7 დაწინაურდა. ტაიმის ბოლოს “ლელო-სარასენსი” გონს მოვიდა, ლაშა ხმალაძემ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო, თბილისელებმა კარის წინ 23 მეტრში ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და ყიასაშვილმა ზედ შესვენების წინ ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა.

მეორე ტაიმი კვლავ ქვეყნის ჩემპიონის უპირატესობით დაიწყო, მაგრამ მეტოქის 22-ში წინთამაშისთვის დაისაჯნენ. შერკინებიდან ბურთი ნიკა ჩხიკვაძემ გაიტანა და გიორგი ბეგაძეს ხაზი გააჭრევინა, მარცხენა ფრთაზე ლევან გოგოლაშვილი გაიქცა და პირველ მბოჭავს გაცდა, მაგრამ ყიასაშვილმა აჩვენა, რომ დარტყმის გარდა დაცვაში თამაშიც ეხერხება და ის აუტში გადაიყვანა. მერე ბოლნისელებმა ჯარიმებს მოუხშირეს, 51-ე წუთზე ყიასაშვილს ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ ორიოდე წუთში კისერში ბოჭვისთვის დანიშნული ჯარიმით წონასწორობა აღადგინა. 55-ე წუთზე ლაშა ხმალაძემ ხაზი გაჭრა და მართალია “ლელო-სარასენსმა” მეტოქის 22-ში ბურთი ამჯერადაც დაკარგა, მაგრამ ფეხით მოგერიებული ცენტრის სიახლოვეს ყიასაშვილს პირდაპირ ხელებში მიუვიდა, დაახლოებით 45 მეტრიდან არეკნი დაჰკრა და თბილისელები წინ გაიყვანა - 16:13.

ბოლნისელები გააქტიურდნენ და 38 მეტრიდან ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩიეს, მაგრამ ზედ ხაზთან ბლოკისთვის დაჯარიმდნენ. მათი მონდომება ლელოთი 63-ე წუთზე დასრულდა - შეცვლაზე შესული ჯაბა კიკვიძის შეჩერებას სამი მბოჭავი დაჭირდა, ხარშილაძემ 22-მეტრიანთან ხაზი გაჭრა და კარგად იარა, შებოჭილი ფეხზე რომ დარჩა ბურთი დავით ხიდეშელს ამოუგდო, რომელმაც ზურგს უკან სწრაფადვე შავლეგ მახარაშვილს უპასა და ისიც დაუცველ ჩათვლის მოედანში შესრიალდა. სოხაძეს გარდასახვა გაუფუჭდა.

განახლდა თამაში და ლომთაძე მეტოქის ჰაერში ბოჭვისთვის ყვითელი ბარათით დაისაჯა, მერე რატი ურუშაძემ გიორგი ტყეშელიაძეს ხაზი გააჭრევინა და მანაც კონტაქტში შესულმა გიორგი ბეგაძეს უპასა, მაგრამ “ყოჩების” 9 ნომერმა მისი მიღება ვერ მოახერხა და 100-პროცენტიანი სალელოვე შანსი გამოუყენებელი დარჩა. ამ შეტევით ბოლნისელებმა 7-ის ნაცვლად 3 ქულა აიღეს, რადგან “ლელო-სარასენსი” შერკინებაში დაჯარიმდა და სოხაძემ ზუსტად დაარტყა - 21:16, მაგრამ განახლდა თუ არა თამაში ყიასაშვილმა ფეხით გადაკიდებული ბურთი თამაშიდან კიდევ ერთხელ გაგზავნა კარში და თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ჩამორჩენა კვლავ 2-ქულამდე დაიყვანა.

ამან თბილისელებს ბრძოლის ხალისი შემატა და 77-ე წუთზე თბილისელებს შანსიც გაუჩნდათ - რეფერიმ ბეგაძე მოლის ჩაქცევისთვის გააყვითლა და ყიასაშვილმა კარიდან მარცხნივ, დაახლოებით 24 მეტრიდან ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო. ამჯერად დარტყმა არაზუსტი იყო, მაგრამ კაცნაკლულმა “ყოჩებმა” დროის გაყვანა საკუთარ ნახევარზე სცადა, კარის წინ დაჯარიმდა და ყიასაშვილმა საშუალო მანძილიდან “ლელო-სარასენსი” ზედიზედ მესამედ გაიყვანა ჩემპიონატის ფინალში.

წინა ორ შემთხვევაში თბილისელებმა გადამწყვეტი თამაშიც მოიგეს და იგივეს გამეორებას ახლა 9 მაისს შეეცდებიან. მათი მეტოქის ვინაობა 2 მაისს გაირკვევა, სადაც ერთი გუნდი ბოლნისის “ყოჩები” იქნება და მას ფინალის საგზურს “ბათუმსა” და “ლოკომოტივს” შორის გამარჯვებული შეეცილება.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

პლეი ოფი. II წრე

16 აპრილი. ხუთშაბათი. შესარჩევი

თბილისი. “ავჭალა”. 2000 მაყურებელი

ყოჩები (ბოლნისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) 21:22 (13:10)

ყოჩები: 15. შავლეგ მახარაშვილი, 14. ირაკლი გეგენავა (ალექსი ხუციშვილი 57), 13. გიორგი ხარშილაძე, 12. რატი გარუჩავა, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. თემურ სოხაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. თემურ ჯინჭარაძე (ბაჩანა გოგიშვილი 50), 2. დავით ხიდეშელი, 3. ლევან შენგელია (გიორგი ჯაშიტაშვილი 47), 4. მიხეილ არჩუაშვილი, 5. დავით გრძელიშვილი (ჯაბა კიკვიძე 41), 6. ნიკო აფციაური (ბექა გუგეშაშვილი 62), 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ნიკა ჩხიკვაძე (რატი ურუშაძე 66).

2 ლელო: გეგენავა, მახარაშვილი

1 გარდასახვა: სოხაძე

3 ჯარიმა: სოხაძე

2 სინბინი: გრძელიშვილი, ბეგაძე

ლელო-სარასენსი: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ზურაბ ზაალიშვილი, 13. გიორგი ტალახაძე, 12. თორნიკე ცერცვაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი კაჭარავა; 1. გიორგი სანიკიძე (ზურაბ ჯულაყიძე 54), 2. გიორგი ლომთაძე (ნიკოლოზ მამისაშვილი 78), 3. შოთა მელიქიძე, 4. ზურაბ ხორბალაძე (გიორგი ჭყოიძე 65), 5. სანდრო ქოიავა, 6. ბაჩანა კოლელიშვილი, დაჩი კოპაძე, 8. ზვიად მაისურაძე (ნიკოლოზ მამისაშვილი 68-78).

1 ლელო: ლომთაძე,

1 გარდასახვა: ყიასაშვილი

3 ჯარიმა: ყიასაშვილი

2 არეკნი: ყიასაშვილი

1 სინბინი: ლომთაძე

18 აპრილი. შაბათი. გასავარდნი

ფოთი. ხელოვნური. 15:00 საათი

ბათუმი (ბათუმი) - ლოკომოტივი (თბილისი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.182549