ფეხბურთი

22:35 | 15.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ხინთიბიძე: “პირველ ლიგაში საფეხბურთო მინდორი არ არსებობს”

ზამთრის შესვენების შემდეგ საქართველოს პირველი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი ტყიბულის “მეშახტეს” 23 წლის ფეხბურთელი ნიკოლოზ ხინთიბიძეა. მან ჩემპიონატის პირველი ეტაპი ოზურგეთის “მერცხალში” გაატარა, მეორე ეტაპის დაწყებამდე კი ტყიბულელთა გუნდის წევრი გახდა.

ამ დროისთვის პირველი ლიგის ბ ჯგუფის ბომბარდირთა დავას 13 გოლით ვიტალი დარჩიძე ლიდერობს, მას ერთი გოლით ჩამორჩება გიორგი ბუხაიძე, მესამე ადგილზე კი 11 გოლით ნიკოლოზ ხინთიბიძეა, რომელმაც ჩემპიონატის მეორე ეტაპზე “მეშახტეს” მაისურით ჩატარებულ 8 მატჩში 7 გოლი გაიტანა. სწორედ ამ ფაქტის გამო ახალგაზრდა ფეხბურთელთან დაკავშირება გადავწყვიტეთ და მასთან რამდენიმე თემაზე ვისაუბრეთ.

- სად დაიწყე ფეხბურთის თამაში?

- 35-ე საფეხბურთო სკოლაში. მაშინ 13 წლის ვიყავი და 1992 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდში ჩავირიცხე. ჩვენი გუნდის მწვრთნელები დავით ხიზანიშვილი და მურად კუპრეიშვილი იყვნენ.

სამწუხაროდ მშობლები ადრეულ ასაკში გარდამეცვალნენ. მწვრთნელებმა გაითვალისწინეს ჩემი ოჯახური მდგომარეობა და გადასახადისგან გამათავისუფლეს. ამისთვის დიდი მადლობა მათ.

- შენი თანაგუნდელებიდან ბევრმა გააგრძელა ფეხბურთის თამაში?

- ჩემი თანაგუნდელები იყვნენ მიხეილ სარდალიშვილი და ნიკოლოზ მნათობიშვილი. ასევე ვეფხია მურადაშვილი, თორნიკე ჯიმშელეიშვილი და გიორგი ახვლედიანი, რომლებიც ამჟამად “საპოვნელაში” თამაშობენ.

- საქართველოს პირველ ლიგაში ადრეულ ასაკში ითამაშე. როგორც მოხვდი “მერცხალში” ?

- 16-17 წლის ვიქნებოდი. 35-ე საფეხბურთო სკოლაში ვთამაშობდი, ზამთრის პერიოდში ფორმის შენარჩუნების მიზნით “მერცხალთან” ერთად ვივარჯიშე. ამ დროს გუნდის მთავარი მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი იყო. მას მოეწონა ჩემი თამაში, გუნდში დარჩენა შემომთავაზა და მის წინადადებას დავთანხმდი.

“მერცხალში” გასული წლის ბოლომდე ვთამაშობდი. ზამთარში კი ტყიბულის “მეშახტეში” გადავედი.

- ზამთრის შესვენების შემდეგ წარმატებული მატჩები ჩაატარე.

- შევეცდები საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის ვიბრძოლო. მსურს ყოველ მატჩში გავიტანო გოლი, იმედი მაქვს კვლავ მოვახერხებ გოლების გატანას.

- ზოგადად რას იტყოდი პირველი ლიგის შესახებ. თამაშის ხარისხი მატულობს?

- დონე აშკარად დაეცა. გასულ წლებში გაცილებით ძლიერი გუნდები მონაწილეობდნენ, რთული იყო მატჩების მოგება. სამწუხაროდ საქართველოში ფიქრობენ, რომ ფეხბურთის მასობრიობა უმაღლესი ლიგით უნდა დავიწყოთ, რაც სრულიად ამოტრიალებული მექანიზმია. სახლის აშენება საძირკველის გარეშე სურთ?

საფეხბურთო ქვეყნებში პირიქით არის. იქ ბავშთა და სამოყვარულო ფეხბურთს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ჩვენთან კი სამოყვარულო ფეხბურთი არ არსებობს, რაც პროფესიულ ლიგებში არსებული დაბალი დონის ერთ-ერთ მიზეზია.

- ინფრასტრუქტურული პრობლემებიც არსებობს...

- ამ კითხვას ცოტა სხვაგვარად გავცემდი პასუხს. არსებობს შედარებით კარგი და მასზე კიდევ უფრო დაბალი ხარისხის მინდვრები. როგორც ასეთი, საფეხბურთო მინდორი პირველ ლიგაში არ არსებობს. პირადად მე ამ სეზონში ნორმალურ პირობებში არ მითამაშია. ამდენი პრობლემის შემდეგ ვფიქრობ საქართველო საფეხბურთო ქვეყანა არ არის. დღეს ესეთი რეალობაა.

- მიმდინარე სეზონში “მეშახტეს” მიზანი რა იქნება?

- უმაღლეს ლიგაში გადასვლა გვსურს, ამის გაკეთება ადვილი არ იქნება. მეორეადგილოსან “ბორჯომს” 6 ქულით ჩამოვრჩებით, თუმცა მას ჩვენზე ერთით მეტი მატჩი აქვს გამართული და ამ ეტაპზე შანსი არსებობს.

0.119987