ფეხბურთი

21:15 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ელდარ ბაკურია: “სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ქართულ ფეხბურთს”

მარტვილის “მერანის” დირექტორი ელდარ ბაკურია აქტიურადაა ჩართული გუნდის საქმიანობაში. ის ფაქტი, რომ ფრიდონ ინჯიას მიერ აღორძინებული “მერანი” უმაღლეს ლიგაშია და მარტვილელ ხალხს ფეხბურთი დაუბრუნდა, ამაში ლომის წილი აქვს ასევე შეტანილი კლუბის დირექტორს და 2007 წლიდან მოყოლებული ყველა კუთხით გვერდით უდგას გუნდს. “მერანში” არსებულ სიტუაციაზე, გუნდის მომავალ გეგმებზე და თბილისის “დინამოსთან” მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ელდარ ბაკურიამ “მსოფლიო სპორტთან” ისაუბრა.

- თქვენ წლების განმავლობაში საბერძნეთის ჩემპიონატში ასპარეზობდით.. “მერანში” როგორ მოხვდით?

- 1993-დან 2006 წლამდე საბერძნეთის რამდენიმე გუნდში ვითამაშე. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოში გადავწყვიტე ჩამოსვლა. სოხუმში ვარ დაბადებული, მაგრამ ფუძე მარტვილში მაქვს. როცა აქ ჩამოვედი გავიცანი ბატონი ფრიდონ ინჯია, რომელმაც სრულად შეისწავლა ჩემი ისტორია, ჩავიდა საბერძნეთში, გაარკვია ვინ ვიყავი, რას წარმოვადგენდი და მიიღო გადაწყვეტილება მომეკიდა ხელი მარტვილის ფეხბურთის განვითარების საქმისთვის. 2007 წლიდან შევუდექი მუშაობას და ჩემი ინიციატივით მოვიყვანეთ გუნდში მთავარ მწვრთნელად მალხაზ ჟვანია, რომელთანაც ერთად ვიმუშავეთ 7 წლის განმავლობაში, საწყისი 3 წელიწადი პირველ ლიგაში ვასპარეზობდით, თუმცა სწორმა მიდგომამ და შრომამ შედეგი გამოიღო და მეოთხე წელს უმაღლეს ლიგაში გადმოვედით. მას შემდეგ ვასპარეზობთ უმაღლეს ლიგაში.

- მარტვილის “მერანის” მთავარი მიზანი რაა?

- გუნდის პრეზიდენტ ფრიდონ ინჯიასთან გვისაუბრია ამ თემაზე და ჩვენ ერთი აზრი გვაქვს, “მერანის” მთავარი მიზანი ადგილობრივი ფეხბურთელების გაზრდა და განვითარებაა, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ 9 მარტვილელი ფეხბურთელი თამაშობს უმაღლეს ლიგაში. ჩვენ ფინანსურად ვერ შევწვდებით ისეთ გუნდებს, როგორიც “დინამოა” და სხვა მუნიციპალურ გუნდებს რომელთა ბიუჯეტი საშუალოდ ორი მილიონია. აქედან გამომდინარე, აქცენტი ძირითადად ადგილობრივ ფეხბურთელებზე კეთდება. ამ სეზონში კი გუნდის მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება.

- თუ აპირებთ გუნდის გაძლიერებას?

- ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა ნაბიჯებს გადადგამს სახელმწიფო... უნდა შემუშავდეს პროგრამა და გვერდში უნდა დაუდგეს ქართულ ფეხბურთს, სხვა მხრივ ქართული ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია. ამასთან ერთად ხელი უნდა შეუწყონ ისეთ ადამიანებს, როგორიც ფრიდონ ინჯიაა, რადგან ეს ხალხი დიდ საქმეს აკეთებს ქართული ფეხბურთისთვის. საბერძნეთში წლების განმავლობაში მითამაშია და იქ უმაღლესი ლიგის გარდა, პირველი, მეორე, მესამე ლიგა მოწესრიგებულია და ყოველწლიურად ვითარდება, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა მოხდება გუნდის გაძლიერება, მაგრამ ეროვნული ჩემპიონატი, წინ რომ წავიდეს, ამისთვის სახელმწიფო პროგრამა, შეღავათები და მხარდაჭერაა საჭირო.

- 11 აპრილს ეროვნული ჩემპიონატის ლიდერთან, თბილისის “დინამოსთან” გაქვთ თამაში, თქვენი აზრით აქვს “მერანს” საამისო რესურსი, “დინამო” რომ დაამარცხოს?

- როგორც ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც “ოლიმპიაკოსის”, “პანათინაიკოსის” და სხვა გუნდების წინააღმდეგ მითამაშია, გეტყვით, მაშინ ჩვენი გუნდიც ისეთ პოზიციაზე იყო სატურნირო ცხრილში, როგორც დღეს “მერანია”, თუმცა როცა ამ გუნდების წინააღმდეგ ვთამაშობდი, მოედანზე გამოსვლის დროს არ მაინტერესებდა, ვინ იყო ჩემი მეტოქე. ჩემთვის მთავარი იყო მაქსიმუმი გამეკეთებინა. იგივეს ვეუბნები დღესაც ჩვენს ფეხბურთელებს. ფეხბურთს სახელი და გვარები არ თამაშობენ, თამაშობენ კონკრეტული ადამიანები და მთავარია, ფეხბურთელი რომელიც მოედანზე გავა, თავისი საქმე უნდა გააკეთოს. “დინამო” ახალგაზრდებით დაკომპლექტებული კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ გამარჯვება გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, “მერანის” ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111362