ბლოგი

13:45 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

დაპირისპირება ქართულ სპორტში - ისტორიის გაკვეთილები

ისტორია გვარიგებს, წარსულ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ქართულ სპორტში არსებული სხვადასხვა დაპირისპირებების ისტორია კი გვასწავლის, რომ მართალი და მტყუანი არ არსებობს, რადგან მართალი ხშირად მტყუანის გაგრძელებაა, მისი არჩეულია, მისი დაფრთიანებულია, მისი მხარდაჭერილია, ტაშდაკრულია და გარმონგაწელილია. ჰოდა, მთავარი უბედურებაც ესაა...

ამ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს სპორტული ფედერაციებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ვითარების განმუხტვის ნაცვლად, მინისტრი ცდილობს სპორტულ სამყაროში აჟიოტაჟი შექმნას. როგორც ლუკა კურტანიძე აცხადებს, ყიფიანი სახელმწიფოებრივად არ აზროვნებს და მოქმედებს.

”ეჭვი მაქვს, ფედერაციის პირველ პირთა შეკრება მინისტრის ხელშეწყობით აჟიოტაჟის გამოწვევის მცდელობაა. ლევან ყიფიანი არასწორი მიმართულებით მიდის, როდესაც ამბობს, რომ ფედერაციების საქმიანობაში არ ერევა, მე კი მის პირდაპირ ჩართულობას ვხედავ, რადგან მათ არასწორ ინფორმაციას აწვდის. ყიფიანი სახელმწიფოებრივად არ ფიქრობს“, - აცხადებს კურტანიძე.

ამ ამბის გასაჯაროების შემდეგ, ისიც გახდა ცნობილი, რომ სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის თანამდებობიდან გადაყენებას 11 დეპუტატი მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით მათ პრემიერ-მინისტრს სპეციალური დასკვნა წარუდგინეს, რომელშიც საუბარია სპორტში არსებულ ხარვეზებზე. ჩვენი ხელიხელსაგოგმანები დეპუტატები აცხადებენ, რომ მინისტრი მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირებას ვერ ახდენს და პროექტების განხორციელებაც ფერხდება.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ საქმეში სპორტული ფედერაციებიც ჩაებნენ, რომლებიც საქართველოს სპორტულ სამყაროში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ. ამ ლეგენდარული ქართულ-ევროპული შეშფოთების ამბავი ხომ გახსოვს. თუ არ გახსოვთ შეგახსენებთ. ყველაფერი შეშფოთებით იწყება ხოლმე. მერე ამას მოსდევს აღშფოთება, ბოლოს კი საშინელი და საზარელი დაგმობა! მართალია, ეს სამივე ეტაპი საბოლოო ჯამში არც არაფერს შეცვლის და ვერც ვერაფერს გამოასწორებს, მაგრამ სათქმელი ხომ ითქვა? ვალი ხომ მოხდილია? ჰოდა აბა რაღა გვიჭირს მეტი?

და მაინც, ძალიანაც რომ მოინდომო ადამიანმა, ამ დაპირისპირებაში ვერავის მხარეს ვერ დაიჭერ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ლუკა კურტანიძეც, სპორტული ფედერაციებიცა და ლევან ყიფიანიც შეიძლება სხვადასხვა დოზით, მაგრამ მაინც დამნაშავეები არიან შექმნილ სიტუაციაში და იმაში, რომ ქართულ სპორტში ბოლო დროს უსაქმურობა და ძველბიჭობა ერთგვარად მოდურ ტენდენციად იქცა.

ფაქტია, რომ ეს ადამიანები სხვადასხვა დროს ერთმანეთს აძლევდნენ ხმას პოლიტიკურ თუ სპორტული ფედერაციის დონის არჩევნებში, ერთად აჟღარუნებდნენ ჯაჭვებსა თუ ცარიელ “დამბაჩებს“ და ერთად ირწმუნებოდნენ, ჩვენ როცა მოვალთ სათავეში, ყველაფერი კარგად იქნებაო. ჰოდა ახლა დიდი ხვიშტი ბატონებო!

ჩვენ ყველაფერი გვახსოვს და თქვენი დაპირისპირებაც კოლმეურნეობის თავმჯდომარესა და ბრიგადირის დაპირისპირებისა არ იყოს, იქ დამთავრდება, სადაც დაიწყო. ქომაგებსა და სპორტსმენებს კი ძალიან გვთხოვთ თავი დაანებეთ!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111388