სხვა

19:55 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული სპორტული ფედერაციები განმარტებებს ითხოვენ

საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციები ბოლო დღეებში სპორტულ სამყაროში განვითარებული მოვლენების ირგვლივ განმარტებებს ითხოვენ.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო კომიტეტმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ მოამზადა დასკვნა, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის ქვეყნის პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გადაუგზავნა. დასკვნის შინაარსი არ გახმაურებულა, თუმცა პარლამენტარები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის საქმიანობის მიმართ. იყო საუბარი, რომ სპორტის საპარლამენტო კომიტეტის დასკვნის საფუძველზე მინისტრს თანამდებობის დატოვება მოუწევდა. თუმცა, როგორც ლევან ყიფიანმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, იგი ესაუბრა პრემიერმინისტრს, მუშაობას განაგრძობს და სპორტული ფედერაციების საქმიანობაში ჩარევის უფლებას არავის მიცემს.

დღესვე გავრცელდა ეროვნული სპორტული ფედერაციების საინიციატივო ჯგუფის განცხადება, რომელსაც უცვლელი სახით გთავაზობთ:

„ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი სპორტული ფედერაციები, გამოვხატავთ უაღრეს შეშფოთებას საქართველოს სპორტულ სამყაროში უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო. ტელეეთერითა და ბეჭდური მედიის მეშვეობით ვისმენთ შეფასებებსა და განცხადებებს, რომელთაც სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლიათ სპორტულ სამყაროში მიმდინარე პროცესებზე და შესაბამისად, თითოეული სპორტული ფედერაციის საქმიანობაზე. თანაც ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არავინ გვაწვდის შესაბამის ინფორმაციას, არ მოგვეცა საშუალება დავსწრებოდით სპორტისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის სხდომას, მისი დახურული ფორმატის მიზეზით და პრაქტიკულად უსერიოზულესი გადაწყვეტილებები შეიძლება მიღებულ იქნას ჩვენი აზრის გათვალისწინების გარეშე.

ჩვენ წარმოვადგენთ აპოლიტიკურ ორგანიზაციებს და პოლიტიკური წიაღსვლებით არ ვართ დაინტერესებული, მაგრამ გვაქვს ლეგიტიმური უფლება მოვთხოვოთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტს ჩაგვაყენონ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქმის კურსში და მოისმინონ ჩვენი მოსაზრებები.

ამ მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, შევიკრიბოთ სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები ა. წ. 4 აპრილს, 16 საათზე სასტუმრო “რედისონში”, სადაც მოვისმენთ სამინისტროსა და კომიტეტის წარმომადგენელთა მოსაზრებებს და დავაფიქსირებთ ჩვენ პოზიციას“.

განცხადებას ხელს აწერენ: ძიუდოს, ველოსპორტის, ჭიდაობის, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ჩოგბურთის, სათხილამურო, საწყლოსნო და ჭადრაკის ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112062