ფეხბურთი

19:49 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა ცხადაძე: “მამაჩემის მწვრთნელობა პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ მაყენებს”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის და ბაქოს “ინტერის” თავდამსხმელმა ბაჩანა ცხადაძემ აზერბაიჯანულ პრესასთან განაცხადა, რომ გერმანიაზე ძლიერი გუნდი აქამდე არ უნახავს.

- საქართველოსა და გერმანიის მატჩი (0:2) სათადარიგოთა სკამზე გაატარეთ. წაგების მიზეზი რა იყო?

- ჩვენ ცუდად არ გვითამაშია. აქცენტი კონტრშეტევებსა და მოკლე გადაცემებზე გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც გვსურდა. მიზეზი ალბათ სათამაშო კლასში განსხვავებაა.

- ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რატომ არ გათამაშათ?

- გერმანიასთან თამაში ძალიან მსურდა, მაგრამ ბევრი რამ სხვაგვარად განვითარდა. მწვრთნელმა ორი იძულებითი შეცვლა განახორციელა, რადგან ამისულაშავილმა და ოქრიაშვილმა ტრავმები მიიღეს. აქცენტი ლევან ყენიაზე გააკეთეს, რომელმაც მალტასთან საუცხოოდ ითამაშა.

- ნაკრების მომავალი როგორ გესახებათ?

- ჩვენ და გულშემატკივრები პირველ ყოვლისა სანახაობრივ თამაშს ველით. მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჯგუფიდან გასვლის შანსი არ გვაქვს. ბუნებრივია, შედეგი მნიშვნელოვანია. თუმცა, ამ შესარჩევში პროგრესისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. მომავალ შესარჩევ ციკლში მაღალი მიზანი უნდა დავისახოთ.

- ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრების გჯერათ?

- დიახ. ნაკრებში ის ფეხბურთელები დამკვიდრდებიან, რომლებიც თავის კლუბებში მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში თამაშობენ. პირველ ყოვლისა, კარგი თამაში კლუბში უნდა აჩვენო, რომ ნაკრებში მიგიწვიონ. რადგან მამაჩემი ნაკრების მთავარი მწვრთნელია, ეს სხვებთან უპირატესობას არ მიქმნის. ვიცი, რომ ის შანსს უძლიერესს მისცემს.

- ზაფხულში კახა ცხადაძე “ინტერიდან” წავა. სეზონის ბოლოს თქვენ რას იზამთ?

- “ინტერთან” კონტრაქტი 2016 წლის მაისამდე მაკავშირებს. “ინტერში” მინიმუმ კონტრაქტის ამოწურვამდე ვითამაშებ. მომავალში რა იქნება არ ვიცი. ვნახოთ, მთავარ მწვთნელად ვის დანიშნავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.09894