ისტორია

10:05 | 31.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

31 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1939- დაიბადა კარლ-ჰაინც შნელინგერი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების, “კიოლნის”, “მანტოვას”, “რომას”, “მილანის”, “ტენის-ბორუსიას” მცველი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 47 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. გერმანიის ჩემპიონი. 1962 წელს დაასახელეს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად. “მილანის” შემადგენლობაში გამოსვლისას მოგებული აქვს იტალიის ჩემპიონობა (1968), ეროვნული თასი (1967, 1972, 1973), ჩემპიონთა თასი (1969), საკონტინენტთაშორისო თასი (1969) და ორჯერ თასების თასი (1968, 1973). იტალიის თასი მოგებული აქვს “რომას” შემადგენლობაში გამოსვლის დროსაც (1964). 1974 წლის თასების თასის ფინალისტი. ამჟამად ცხოვრობს მილანში.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1894- ნორვეგიის ქალაქ შიენში დაარსდა ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო კლუბი “ოდ გრენლანდი”. ნორვეგიულ გუნდთაგან ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული ქვეყნის (თასი) (12-ჯერ), ჩემპიონობის მოპოვება კი ვერა და ვერ მოახერხა.

1914- ლისაბონის, პორტალეგრისა და პორტოს საფეხბურთო ასოციაციათა ინიციატივით დაარსდა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია. ნაკრებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა 1921 წლის 18 დეკემბერს მადრიდში ჩაატარა და ესპანეთის ეროვნულ გუნდთან 1:3 დამარცხდა.

1989- მედელინის “ატლეტიკო ნასიონალი” კოლუმბიის კლუბთაგან პირველი შეიქნა, რომელმაც ლიბერტადორესის თასის მოგება შეძლო. ორრაუნდიან ფინალში კოლუმბიელებმა პარაგვაის “ოლიმპიას” მატჩისშემდგომი პენალტების სერიით სძლიეს (მეტოქეებმა საკუთარ მინდორზე 2:0 იმარჯვეს).

1935- ინგლისურ საფეხბურთო კლუბ “მიდლსბროს” მარცხენა მცველმა, რობერტ სტიუარტმა სეზონში თავისი მეხუთე ავტოგოლი გაიტანა.

1935- იაპონელმა მძლეოსანმა, ფუსაგოშე სუძუკიმ მარათონულ რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:27,49).

1973- კენ ნორტონმა, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, მუჰამედ ალი თორმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა.

1973- ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული პირველობის მატჩში, “ფილადელფია ფლაიერზმა” ერთი პერიოდის განმავლობაში 60 დარტყმა განახორციელა “ნიუ იორკ აილენდერზის” კარის მიმართულებით და მოწინააღმდეგეს 8 შაიბა გაუტანა.

1973- მრბოლმა ცხენმა, _ სახელად “წითელი რომმა” (ღედ ღუმ), _ დიდ ეროვნულ რბოლაში (Grand National Steeplechase) რეკორდი დაამყარა. იგი ფინიშთან 9 წუთსა და 2 წამში მიიჭრა.

1990- დიონისო კასტრომ 20 კილომეტრზე ველოსიპედით რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (57:18,4).

1998- ინგლისური პრემიერლიგის კლუბი “ლიდს იუნაიტედი” ლონდონიდან გამგზავრების შემდეგ (ლიდსელები “აპტონ პარკზე” “ვესტ ჰემს” შეხვდნენ), ავიაკატასტროფაში მოჰყვა. პილოტების პროფესიონალიზმმა, თვითმფრინავის მგზავრთა სიცოცხლე იხსნა.

2005- “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს და ასპარეზობის დასრულების შემდეგ გამოვლენილი არაკორექტული საქციელის გამო, UEFA-მ ლონდონის “ჩელსის” დამრიგებელ ჟოზე მაურინიოს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა და ჯარიმის სახით 13 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

2005- საქართველოში სტუმრად მყოფი მიშელ პლატინი, რომელიც იმხანად UEFA-ს პრეზიდენტად ჯერ არ იყო არჩეული, ჩვენი ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელმა თავკაცმა, ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა საქართველოს ოლიმპიური მედლით დააჯილდოვა. მოგვიანებით, ფეხბურთის ფრანგმა ვარსკვლავმა საქართველოს ეროვნული ნაკრების საწვრთნელი ბაზა მოინახულა და პრესკონფერენციაც გამართა.

2005- ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქზი” “გოლდენ სტეიტ უორიორზთან” დამარცხდა (109:113). ქართველმა ცენტრმა 15 ქულა მოაგროვა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი განახორციელა.

2005- ესპანური საფეხბურთო კლუბის, “ვალიადოლიდის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სერბი სპეციალისტი სერჯო კრეშიჩი გაათავისუფლეს.

2012 - ფეხბურთი. ელიტრაუნდის ბოლო ტურში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინა 1:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

2012 - რაგბი. საქართველოს A ნაკრებმა ბრიტანეთის ტურნეს ბოლო შეხვედრაც მოიგო, ჩრდილო უელსური რგგ 25:17 დაამარცხა.

ამ დღეს დაიბადნენ

1878- ჯეკ ჯონსონი. პირველი შავკანიანი, რომელიც სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა. ჯონსონი პლანეტის უძლიერესი მოკრივე 1908-15 წლებში იყო.

1886- ნოკერ უესტი. მეოცე საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი (ფორვარდი). ქვეყნის ჩემპიონატის 334 მატჩში გატანილი აქვს 162 გოლი.

1923- დონალდ ბარესდეილი. ამერიკელი კალათბურთელი. 1948 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1931- ტამარა ტიშკევიჩი. საბჭოთა მძლეოსანი. ბირთვის კვრაში მოპოვებული აქვს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული.

1933- ბორის ტატუშინი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელი. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 25 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1953, 1956, 1958).

1939- კარლ-ჰაინც შნელინგერი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების, “კიოლნის”, “მანტოვას”, “რომას”, “მილანის”, “ტენის-ბორუსიას” მცველი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 47 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. გერმანიის ჩემპიონი. 1962 წელს დაასახელეს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად. “მილანის” შემადგენლობაში გამოსვლისას მოგებული აქვს იტალიის ჩემპიონობა (1968), ეროვნული თასი (1967, 1972, 1973), ჩემპიონთა თასი (1969), საკონტინენტთაშორისო თასი (1969) და ორჯერ თასების თასი (1968, 1973). იტალიის თასი მოგებული აქვს “რომას” შემადგენლობაში გამოსვლის დროსაც (1964). 1974 წლის თასების თასის ფინალისტი. ამჟამად ცხოვრობს მილანში.

1942- ომარ ბლიაძე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. გამოდიოდა 87 და 90 კგ წონით კატეგორიებში. 1968 წლის ევროპის ჩემპიონი. 1969 წლის მსოფლიოს პირველობაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. 1972 წლის ევროპის პირველობის ვიცე-ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1968). საბჭოთა კავშირის მეოთხე და მეხუთე სპარტაკიადების მეორე პრიზიორი. მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. ომარ ბლიაძეს მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.

1954- ტომას მავროსი. ბერძენი ფეხბურთელი. ქვეყნის უპირველეს ლიგაში გატანილ გოლთა რაოდენობით სარეკორდო მაჩვენებლის მფლობელია (260 ბურთი 506 მატჩში). ოთხჯერ გახდა ბერძენთა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. ორ-ორჯერ ფლობდა ქვეყნის საჩემპიონო ტიტულსა და ეროვნულ თასს.

1964- ნიკოლაი ილიევი. ბულგარეთის ნაკრების მცველი 1980-90-იან წლებში. ნაკრების 54 მატჩში გაიტანა 5 გოლი. ბულგარეთის ოთხგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1989 წელს გახდა პირველი ბულგარელი, რომელიც სერია A-ს გუნდში (“ბოლონია”) ჩაირიცხა.

1968- სეზარ სამპაიო. ბრაზილიის ნაკრების, “პალმეირასის,” ლა კორუნიას “დეპორტივოს,” “სან პაულუს,” იაპონური “იოკოჰამასა” და “კაშივა რეისოლის” ფეხბურთელი. 1998 წლის მუნდიალის ფინალისტი. 1997 წელს მოიპოვა FIFA-ს კონფედერაციათა და სამხრეთ ამერიკის თასები. ბრაზილიისა და სან პაულუს შტატის ჩემპიონი. ლიბერტადორესის, ბრაზილიისა და ესპანეთის თასების მფლობელი. 1990 და 1993 წლებში დაასახელეს ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელად. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 40 მატჩი.

1969- სტივ სმიტი. აშშ-ის კალათბურთელთა ნაკრებისა და “ატლანტა ჰოუქსის” მოთამაშე. 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1971- პაველ ბურე. რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრების, მოსკოვის ცსკა-ს, “ვანკუვერის,” მოსკოვის “სპარტაკის,” “ფლორიდასა” და “ნიუ იორკ რეინჯერსის” მარჯვენა ფორვარდი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი. 2002 წლის ზამთრის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი. 2000 და 2001 წლებში მიანიჭეს “მორის რიშარის თასი”. 2006 წლის ტურინის ზამთრის ოლიმპიადაზე პაველ ბურე რუსეთის ნაკრების მენეჯერი იყო.

1976- ანა სოროკინა. უკრაინელი წყალში მხტომელი. 2000 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი.

1990- გიორგი მაკარიძე. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოსა” და საფრანგეთის “ლე მანის” მეკარე. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს 5 მატჩი. გამოდიოდა ჩვენი ქვეყნის 17 და 19 წლამდელთა ნაკრებშიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116598