ფეხბურთი

2:59 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე: “მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, რომ მეტი შეგვიძლია”

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე გერმანიასთან წაგებული (0:2) მატჩის შემდეგ “მსოფლიო სპორტს” გაესაუბრა.

ლევანმა აღნიშნა, რომ შედეგით კმაყოფილი არავინაა. თუმცა, მეორე ნახევარში “ჯვაროსნებმა” აჩვენეს, რომ უკეთესად თამაში შეუძლიათ.

- რას იტყვით დღევანდელ თამაშზე?

- ლევან მჭედლიძე: კმაყოფილები ნამდვილად არ ვართ. იმიტომ, რომ 2:0 წავაგეთ. მიუხედვად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონებს ვეთამაშეთ და ეს ნაკრები ახლაც ძალიან კარგი ფორმაშია, ჩვენ მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, რომ უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს. ყველაზე დადებითი და სასიამოვნო ისაა, ყველამ დაინახა, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია, უფრო მეტი ქულის აღება გვძალუძს და უფრო ლამაზი ფეხბურთის ჩვენება შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის. მაქსიმუმი უნდა დავდოთ და იმედი გვაქვს, რომ წარმატებაც იქნება.

- მიმდინარე შესარჩევ ციკლში რა არის ნაკრების მიზანი?

- ლევან მჭედლიძე: ჩვენი მიზანი არის მაქსიმუმი. ჩვენთვის დღეს მაქსიმუმი არის თითოეულ შემდგომ შეხვედრაში გამარჯვების მიღწევა. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

შეგახსენებთ, რომ “ემპოლის” ფორვარდმა მინდორზე 90 წუთი დაჰყო.

0.113256