ფეხბურთი

17:13 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო არენა" კალაძემ, ყიფიანმა და ნარმანიამ მოინახულეს (+VIDEO)

28 მარტს, „დინამო არენაზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქვეყნის ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და თბილისის მერი დავით ნარმანია სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ უფროს კახაბერ გვანცელაძესთან ერთად გაეცნენ.

უეფას სუპერთასის მატჩისთვის „დინამო არენას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარით ფინანსდება. ფონდის მიერ შემუშავებული პროექტი ითვალისწინებს სტადიონზე ტურნიკეტების, ტაბლოს, განათების, გახმოვანების სისტემების, პლასტმასის სკამების სრულად შეცვლას და სხვა სარემონტო სამუშაოებს.

„დინამო არენას“ რეაბილიტაცია 2015 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება. სუპერთასის მატჩამდე, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართება, სტადიონის ეზოში ახალი ხეები დაირგვება და მთელი რიგი გამწვანებითი სამუშაოები ჩატარდება.

29 მარტს „დინამო არენა“ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიის ნაკრებთან ქართველი „ჯვაროსნების“ თამაშს უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩისთვის სტადიონზე უკვე დასრულებულია ეზოს კეთილმოწყობის, იარუსების გამაგრებისა და ტურნიკეტების დამონტაჟების ძირითადი სამუშაოები. მოეწყო სასერვერო და სტადიონზე დამონტაჟდა ახალი ტაბლო. ამ ეტაპზე „დინამო არენაზე“ 92 ტურნიკეტია დამონტაჟებული, პროექტის დასრულებისას მათი რიცხვი 116-მდე გაიზრდება.

კვირის მატჩის შემდეგ იგეგმება რეაბილიტაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის განხორციელება - ძველი სკამების დემონტაჟი და ტრიბუნების ახალი სკამებით აღჭურვა. სრულად შეიცვლება მედია-ზონა, რომელიც უეფას სტანდარტებს დაექვემდებარება.

ტექნოლოგიური განვითარების ფონდი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11973