კალათბურთი

21:12 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ტყეშელაშვილი:” სტუ ოთხთა ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს”

მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში თბილისი, კონკრეტულად კი “არენა 1”-ის სასპორტო დარბაზი, კალათბურთში საერთაშორისო სტუდენტური ლიგის ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს. აღნიშნულ ტურნირში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ხარკოვის ტექნიკური უნივერსიტეტის (უკრაინა), მოსკოვის ფიზკულტურის ინსტიტუტისა და კალინინგრანდის ტექნიკური უნივერსიტეტის (რუსეთი) გუნდები გამოვლენ, რომლებიც ოთხთა ფინალში გამსვლელი ორი საგზურისათვის იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სტუდენტური ლიგის ოთხთა ფინალს მოსკოვი უმასპინძლებს.

ზედიზედ მეორე სეზონია საქართველოდან სტუდენტურ ლიგაში სტუს ბაზაზე შექმნილი გუნდი მონაწილეობს, რომელიც სუპერლიგის სხვადასხვა საკალათბურთო გუნდებში მოასპარეზე სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული. წინა სეზონში საერთაშორისო სტუდენტურ ლიგაში მოასპარეზე სტუს ვეტერანი კალათბურთელი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ნიკოლოზ დერიუგინი ხელმძღვანელობდა. ამჟამად გუნდ დერიუგინის ერთ-ერთი, აწ უკვე ყოფილი თანაშემწე ვეტერანი კალათბურთელი ლევან ტყეშელაშვილი ავარჯიშებს. აღნიშნული ტურნირისა და სტუს სამომავლო გეგმების შესახებ “მსოფლიო სპორტი” ლევან ტყეშელაშვილს ესაუბრა.

-თბილისის ოთხთა ტურნირისათვის გუნდის მომზადებაში ვინ გეხმარებათ?

-ჩემი თანაშემწე გულივერ ახალკაცია, რომელიც გუნდში წინა სეზონშიც მუშაობდა და ჩემთან ერთად დერიუგინის ერთ-ერთი თანაშემწე იყო. რაც შეეხება ნიკოლოზ დერიუგინს, რომელიც ბავშვთა გუნდთან ერთად მოსკოვში იმყოფება და საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს, სტუს ხელმძღვანელობამ ისიც გუნდში დატოვა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, რა მოვალეობას შეასრულებს.

-რა კატეგორიის კალათბურთელებს აქვთ სტუდენტურ ლიგაში თამაშის უფლება?

-25 წლამდე ყველა იმ კალათბურთელს აქვს აღნიშნულ ლიგაში მონაწილეობის უფლება, რომლებიც სტუდენტები არიან. გამონაკლისის სახით თითოეულ გუნდს აქვს უფლება ორი კალათბურთელი დაიმატოს, რომელთა ასაკი 25 წელს აღემატება.

-თუ შეიძლება თქვენი გუნდის შესახებ გვიამბეთ.

-მოწვეული კალათბურთელებიდან გუნდში ბექა ბექაური, ირაკლი ჩლაიძე, გიორგი ჯგერენაია (“სოხუმი”), რევაზ როგავა, აკაკი ლომოური (“შსს აკადემია”), ნოდარ გოგოძე (“ოლიმპი”), ზვიად ანთაძე, ზურაბ მაჩალაძე (“არენა 76”) და ნიკა ღურწკაია (“აკადემია”) იასპარეზებს. დანარჩენები კი საქართველოს სტუდენტური ლიგის ნახევარფინალში მოასპარეზე კალათბურთელები არიან.

-თქვენს განაცხადში 25 წელს ზემოთ კალათბურთელები რომ არ არიან...

-მათი დამატება ვერ მოვახერხეთ, რადგან გუნდებმა არ გამოუშვეს.

-ოთხთა ტურნირის მონაწილე გუნდები თბილისში როდის ჩამოდიან?

-უცხოური გუნდები თბილისში 30 მარტს ჩამოვლენ, შეხვედრები კი 31 მარტს, 1-2 აპრილს ჩატარდება.

-ვის თვლით თქვენს უშუალო მეტოქედ?

-წინა სეზონში ხარკოვს ვეთამაშეთ, რომელიც ჩვენს ჯგუფში იყო. მაგრამ ეს წინა სეზონში იყო და ეხლა არ ვიცით, უკრაინელებს როგორი გუნდი ჰყავთ. ანალოგიური შეიძლება ითქვას ჩვენს დანარჩენ მეტოქეებზეც.

-აღნიშნულ ტურნირში თქვენი გეგმების შესახებ რას იტყვით?

-ყველანაირად ვეცდებით, მომდევნო ეტაპზე გამსვლელი ერთ-ერთი საგზური მოვიპოვოთ და ოთხთა ფინალში ვითამაშოთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122645