ფეხბურთი

10:11 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

დუნგას ნაკრები: შვიდიდან შვიდი, 18:2 (+VIDEO)

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად 3:1 სძლია საფრანგეთს, არადა, თავიდან აგებდა. ცნობისთვის, ეს ბრაზილიელთა ზედიზედ მეშვიდე მოგებაა მას შემდეგ, რაც კარლოს დუნგა დაბრუნდა მწვრთნელად. საერთო ჯამში, ამ შვიდ შეხვედრაში "პენტაკამპეონებმა" 18 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 2 გაუშვეს.

პარიზში მსოფლიო გრანდთა დაპირისპირება შედგა. საფრანგეთი-ბრაზილია – მერე რა, რომ ამხანაგურია, სახელები ისეთია, უკვე საოცარ ინტერესს იწვევს. ბოლოს ამ ნაკრებთა დაპირისპირებაში, ორი წლის წინ ბრაზილიელებმა 3:0 იმარჯვეს და ამჯერადაც აჯობეს "მამლებს".

როგორც ჩანს, სანამ ახალი ძლიერი თავდამსხმელი არ გამოჩნდება (არადა, არ ჩანს), "სელესაო" ცრუ 9 ნომრით ითამაშებს. ასე იყო ამჯერად: ყველაზე წინ ნეიმარი გახლდათ.

პირველი სახიფათო მომენტი ფრანგებმა შექმნეს და ბენზემას თავური ჟეფერსონმა მოიგერია. თამაში თითქოს თანაბარი იყო და ამ დროს მასპინძლები დაწინაურდნენ: ვალბუენას კუთხურიდან ჩაწოდებულს რაფაელ ვარანმა თავური შეაგება – 1:0.

ვერ ვიტყვით, რომ ბრაზილია სწრაფ შეტევაზე გადავიდა, თუმცა ტაიმის ბოლოს მაინც გაიტანა: ოსკარმა მშვენივრად ითამაშა, ფირმინოს გაუკეთა პასი, ვისგანაც საჯარიმოში უკან მიიღო და ტექნიკურად წაჰკრა ბურთს ფეხი – 1:1. ძალიან კარგი შესრულება იყო, ოსტატური, ბრაზილიელებს რომ სჩვევიათ ისეთი.

ფირმინო ვახსენეთ და "ჰოფენჰაიმის" გამთამაშებელი ორჯერ დაემუქრა სტივ მანდანდას კარს. ორივეჯერ აუღო მეკარემ. მეორე ტაიმში ვილიანის ორი საგოლე პასი ვიხილეთ: 57ე წუთზე ნეიმარს გააყოლა და ბრაზილიელთა კაპიტანმაც მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა – 1:2; მერე კი ვილიანის კუთხურს ლუის გუსტავოს თავური მოჰყვა და მანდანდა უძლური აღმოჩნდა – 1:3.

თუმცა ბრაზილიელთა მეორე და მესამე გოლებს შუა, ფრანგებს ერთი შეტევისას სამი მომენტი ჰქონდათ. ვარანმა, მუსა სისოკომ და ბენზემამ ვერ გაუტანეს ჟეფერსონს. მალევე, ბრაზილიელთა მეკარემ ანტუან გრიზმანს აუღო.

აქვე ვთქვათ, რომ პარიზის სტად დე ფრანსის ტრიბუნაზე ბევრი ვარსკვლავიც გამოჩნდა, მათ შორის, ზინედინ ზიდანი, რონალდო და რივალდო.

საფრანგეთი-ბრაზილია 1:3 (1:1)

საფრანგეთი: მანდანდა, სანია, სახო, ვარანი, ევრა, მატუიდი (ჟირუ 84), შნეიდერლენი, სისოკო (კონდოგბია 76), ვალბუენა (პაიე 82), გრიზმანი (ფეკირი 76), ბენზემა

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

ბრაზილია: ჟეფერსონი, დანილო, ტიაგო სილვა, მირანდა, ფელიპე ლუისი, ლუის გუსტავო (ფრნანდინიო 90), ელიასი (მარსელო 90+2), ვილიანი (დუგლას კოშტა 84), ოსკარი (სოუზა 86), ფირმინო (ლუის ადრიანო 88), ნეიმარი

მწვრთნელი: კარლოს დუნგა

გოლები: 1:0 ვარანი (21), 1:1 ოსკარი (40), 1:2 ნეიმარი (57), 1:3 ლუის გუსტავო (69)

მსაჯი: რიცოლი (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.158063