ფეხბურთი

17:29 | 13.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სარეკორდო სხვაობით გამარჯვებები ჩემპიონთა ლიგაზე

11 მარტს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალურ მატჩში მიუნხენის “ბაიერნმა” დონეცკის “შახტარი” დიდი ანგარიშით, 7:0 დაამარცხა. ასეთი კატასტროფული სხვაობით მიუნხენურ გიგანტს აღნიშნულ ტურნირზე აქამდეც უმარჯვია.

გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებებს, ჯგუფური ეტაპიდან ფინალურ დაპირისპირებამდე.

ჯგუფური ეტაპი

“ლივერპული” – “ბეშიქთაში” 8:0 06/11/2007

ინგლისური გრანდის მიერ “ბეშიქთაშის” განადგურება ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული მატჩია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. 2007 წლის 6 ნოემბერს, “ენფილდ როუდზე” მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა. რაფაელ ბენიტესის გუნდიდან იმ დღეს, ჰეთ-თრიქით გამოირჩა ებრაელი ნახევარმცველი იოსი ბენაიუნი, ორ-ორჯერ იხეირეს პეტერ კრაუჩმა და რაიან ბაბელმა. ერთიც ლეგენდარულმა სტივენ ჯერარდმა გაიტანა.

“იუვენტუსი” – “ოლიმპიაკოსი” 7:0 10/12/2003

2003 წლის 10 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის სარეკორდო გამარჯვება დაფიქსირდა, რომელიც ძალაში 4 წელი იყო. მაშინ, ტურინის “იუვენტუსმა” პირეოსის “ოლიპიაკოსს” შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ თავი ექვსმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გამოიჩინა. მხოლოდ ფრანგი დავიდ ტრეზეგე იყო ერთადერთი, ვინაც იმ საღამოს “დელე ალპიზე” დუბლი შეასრულა.

“არსენალი” – “სლავია” 7:0 23/10/2007

ტურინის “იუვენტუსის” მიღწევას, სანამ “ლივერპული” დაამხობდა, მეორე ინგლისურმა გრანდმა “არსენალმა უწია. “მეთოფეებმა” 2007 წლის ოქტომბერში, პრაღის “სლავიას” 7:0 აჯობა. იმ დღეს, სესკ ფაბრეგასმა და ტეო უოლკოტმა დუბლები შეასრულეს. თითოც ალექსანდრ გლებმა და ნიკლას ბენტნერმა გაიტანეს. ერთი ბურთი კი ჩეხებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს.

“ჟილინა” – “მარსელი” 0:7 03/11/2010

ზემოთ ჩამოთვლილ გუნდებთან შედარებით, ფრანგულმა “მარსელმა” შვიდბურთიანი სხვაობით სტუმრად იმარჯვა. “ოლიმპიკმა” 2010 წლის შემოდგომაზე, სლოვაკური “ჟილინა” გაანადგურა. სამჯერ პიერ ანდრე ჟინიაკმა, ორჯერ ლუჩო გონსალესმა, ხოლო თითოჯერ ლიოკ რემმა და გაბრიელ ჰაინცემ იხეირეს.

“ვალენსია” – “გენკი” 7:0 23/11/2012

ჯგუფური ეტაპის სარეკორდო გამარჯვება ესპანურ “ვალენსიასაც” აქვს მოპოვებული. “ღამურებმა 2011-2012 წლების სეზონში ბელგიურ “გენკს” მოუგო. ვალენსიელთა რიგებში გამორჩეული დღე ჰქონდა რობერტო სოლდადოს, რომელმაც იმ დღეს ჰეთ-თრიქი შეასრულა. დანრჩენი ოთხი გოლი კი ანგარიშზე ხონასმა, პაბლო ერნანდესმა, არიც ადურისმა და ტინო კოშტამ გადაინაწილეს.

“ბატე” – “შახტარი” 0:7 21/20/2014

ჯგუფური ეტაპის კიდევ ერთი შვიდბურთიანი სხვაობა მიმდინარე სეზონში დაფიქსირდა. “მარსელისა” არ იყოს, სტუმრად მოიგო თავის მატჩი დონეცკის “შახტარმა”. უკრაინის ჩემპიონმა ბელარუსიის საუკეთესო გუნდს “ბატეს” გადაურბინა. მინსკში გამართული შეხვედრა ბრაზილიელი ლუის ადრიანოს ბენეფისად იქცა. სამხრეთამერიკელმა შემტევმა მეტოქეს ხუთი გოლი გაუტანა. თავის გამოჩენა მის გარდა, ალექს ტეიშეირამ და დუგლას კოშტამაც მოახერხეს.

1/8 ფინალი

“ბაიერნი” – “ბაზელი” 7:0 13/03/2012

2011-2012 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარიულმა “ბაზელმა” ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედს” აჯობა. შემდეგ კი პლეი-ოფის პირველ მატჩი “ბაიერნს” მინიმალურადაც მოუგო. თუმცა, “ალიანს არენაზე” მათ შავი დღე დაადგათ. “რეკორდმაისტერმა” ისინი მიწასთან გაასწორა. იმ დღეს, საუკეთესო მარიო გომესი იყო, ვინაც პოკერი შეასრულა. ორჯერ გაიტანა არიენ რობენმა. თავის გამოჩენა ერთხელ ტომას მიულერმაც შეძლო.

“ბაიერნი” – “შახტარი” 7:0 11/03/2015

სამი წლის თავზე, ზუსტად იმავე ეტაპზე და ზუსტად იგივე ანგარიშით გერმანულმა გრანდმა “შახტარი” დაჩაგრა და უკრაინელებს ჯგუფურ ეტაპზე “ბატეს” განადგურებისთვის ერთგავრი სამაგიერო გადაუხადა. ამ მატჩში დუბლით მხოლოდ ტომას მიულერი გამოირჩა. გოლები ფრანკ რიბერიმ, ჟერომ ბოატენგმა, ჰოლგერ ბადშტუბერმა, მარიო გიოტცემ და რობერტ ლევანდოვსკმაც შეაგდეს.

1/4 ფინალი

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “რომა” 7:1 10/04/2007

2007 წლის 10 აპრილს, “ოლდ ტრაფორდზე” ცუდი დღე დაუდგა იტალიურ “რომას”, რომელსაც “იუნაიტედითვის” მანამდე პირველი შეხვედრა მოეგო და იმედოვნებდა, რომ 1/2 ფინალის საგზურს მოიპოვებდა, მაგრამ... ალექს ფერგიუსონის გუნდიდან თავი ორ-ორჯერ მაიკლ ქერიკმა და კრიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინეს. თითოჯერ დაამწუხრეს მეტოქე ალან სმიტმა, უეინ რუნიმ და პატრის ევრამ. იტალიელთაგან ერთადერთი გოლი იმ საღამოს დანიელე დე როსიმ გაიტანა.

1/2 ფინალი

“ბაიერნი” – “ბარსელონა” 4:0 23/04/2013

“ბაიერნისა” და “ბარსელონას” დაპირისპირების წინ არავინ მოელოდა, რომ 90 წუთის შემდგომ ტაბლოზე ასეთი სხვაობა დაფიქსირდებოდა. თუმცა, იმ დღეს იუპ ჰაინკესის გუნდი მეტოქეზე ერთი თავი მაღლა იდგა. მაშინ, დუბლი ტომას მიულერი გამოირჩა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მის გოლებს შორის კი გატანა მარიო გომესმა და არიენ რობენმაც მოახერხეს.

“ბაიერნი” – “რეალი” 0:4 29/04/2014

ნახევარფინალურ სტადიაზე “ბაიერნი” დიდი ანგარიშით გამარჯვების გარდა, დამარცხებითაც გამოირჩა. შარშან გაზაფხულზე განმეორებით მატჩში მიუნხენური გიგანტი მინიმალური ჩამორჩენის აღმოფხვრას იმედოვნებდა, მაგრამ ასე არ მოხდა და კარლო ანჩელოტის გუნდმა ცალი ფეხით აჯობა მეტოქეს. მატჩის გმირი კი ესპანელთა მცველი სერხიო რამოსი გამოდგა, ვინც შეხვედრის დასაწყისშივე დუბლი შეასრულა. შემდგომ რამოსის დუბლს, კრიშტიანუმ რონალდუმაც დუბლი დაუმატა და სხვაობა გამანადგურებელი გახადა.

ფინალი

“მილანი” – “ბარსელონა” 4:0 18/05/1994 (ათენი)

ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ყველაზე დიდი სხვაობით იტალიურ “მილანს” აქვს მოგებული. თანაც, არა უბრალოდ ვინმეს წინააღმდეგ, არამედ თვით რომარიოს “ბარსელონასთან” ჯახში. თამაშის წინ, კატალონიელები ფავორიტადაც მიიჩნეოდნენ, თუმცა ფაბიო კაპელოს გუნდმა იმ საღამოს ათენის ოლიმპიურ სტადონზე მომავლის ფებხურთი ითამაშა. პირველ ტაიმში დანიელე მასარომ ორჯერ გაიტანა, მეორე ნახევარში კი თავის გამოჩენა დეიან სავიჩევიჩმა და მარსელ დესაიმაც მოახერხეს და ეს თამაში სამუდამოდ დატოვეს ჩემპიონთა ლიგის მატიანეში.

0.2126