ჭიდაობა

12:28 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მინსკში მედვედის მემორიალი იწყება

6-7 მარტს მინსკი თავისუფალი სტილით ჭიდაობის ლეგენდის ალექსანდრ მედვედის სახელობის ტრადიციულ ტურნირს უმასპინძლებს. პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებაში ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 26 ქვეყნის ნაკრები ჩაერთვება. მათ შორის საქართველოს ნაკრებიც, რომელიც უკვე ერთი კვირაა, ბელარუსშია და "სტაიკების” ოლიმპიურ ბაზაზე მიმდინარე ერთობლივ წვრთნებში იღებს მონაწილეობას. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა შეკრებაზე 18-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა. განაცხადში ნაკრების თითქმის ყველა უძლიერესი მოჭიდავე შეიყვანა, დისკვალიფიცირებული გენო პეტრიაშვილის გარდა. შესაბამისად, მომავალ ტურნირზე ქართული გუნდი გაფართოებული და რაც მთავარია, ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა.

3-გზის ოლიმპიურ და 7-გზის მსოფლიოს ჩემპიონ ალექსანდრ მედვედის სახელობის ტურნირი ბელარუსში 1970 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება. პირველი 3 წელი ხალიჩაზე მხოლოდ მძიმეწონოსნები გადიოდნენ. შემდეგ საქმეში ყველა წონითი კატეგორია ჩაერთო. 2004 წლიდან კი ორგანიზატორებმა მედლების გათამაშება ქალთა ჭიდაობაშიც დაიწყეს.

ყველაზე წარმომადგენლობითი 2000 წლის ტურნირი გამოდგა, რომელშიც მონაწილეობა 47-მა ნაკრებმა მიიღო. ამჯერად ქვეყნების რაოდენობა საგრძნობლად ნაკლებია, მაგრამ იმ სპორტსმენების სიას თუ გადავხედავთ, რომლებიც მინსკის ხალიჩაზე გასვლას აპირებენ, შეგვიძლია წინასწარ ვთქვათ, რომ წინ ერთ-ერთი უძლიერესი ტურნირი გველის. უცხოური სპორტული გამოცემების ცნობით, მედვედის მემორიალზე არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენი იჭიდავებს. მათ შორის ამერიკელი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ჯორდან ბაროუზი (74 კგ), აზერბაიჯანელი ოლიმპიური ჩემპიონები: ტოგრულ ასკეროვი (70 კგ) და შარიფ შარიფოვი (97 კგ). ასევე მსოფლიოს ჩემპიონები: რუსეთის ნაკრების წევრები ბეკხან გოიგერეევი (60 კგ), სოსლან რამონოვი (70 კგ), აბდულრაშიდ სადულაევი (86 კგ) და აბდუსალამ გადისოვი (97 კგ), აზერბაიჯანელები ჰაჯი ალიევი (61 კგ) და ხეთაგ გაზიუმოვი (97 კგ), სომეხი დავიდ საფარიანი (65 კგ) და ბელარუსი ალექსეი შემაროვი (125 კგ).

აქვე მინსკში მყოფი საქართველოს ნაკრების 18-კაციანი შემადგენლობაც:

57 კგ - ოთარ გოგავა და ბექა ბუჯიაშვილი

61 კგ - ლადო ხინჩეგაშვილი და ბექა ლომთაძე

65 კგ - მალხაზ ზარქუა, ზურაბ იაკობაშვილი და კონსტანტინე ხაბალაშვილი

70 კგ - დავით ტლაშაძე

74 კგ - ჯაბა ყველაშვილი, იაკობ მაქარაშვილი და ზურაბ ერბოწონაშვილი

86 კგ - დავით მარსაგიშვილი

97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე, ომარ გუსოშვილი და დავით ქერაშვილი

125 კგ - გიორგი საკანდელიძე, დავით მოძმანაშვილი და გიორგი მეშვილდიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112564