ბლოგი

10:41 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

შერეკილი

გადარეული ბიჭი იყო ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს და თამაშისას მისი სახის მიმიკითაც მიხვდებოდი რა ემოციებშიც დააბოტებდა ბურთთან ერთად. მერე წლებმა თავისი ქნა, ამას კოჭის ტრავმაც დაემატა და ახლა ბავშვებს ავარჯიშებს თბილისის გარეუბანში მდებარე ხრიოკ მინდორზე. ისმება კითხვა: რატომ დაჰყავთ ბავშვები მშობლებს მაინცდამაინც მის გუნდში როდესაც გუნდების არჩევანი ასეთი დიდია და ამ გუნდში კი ელემენტარული სამწვრთნელი პირობებიც კი არაა? პასუხი მარტივია. სხვაგან ფულს ითხოვენ, ეს გადარეული კაცი კი არათუ ფულს არ ითხოვს, ხან თუკი თავისუფალი დრო აქვს, მის გუნდში მოთამაშე რომელიმე ბავშვის სკოლაში მიდის და იქაურ სპორტის მასწავლებელს უშრობს სისხლს - შენს გაკვეთილებზე ბავშვი უაზრო ტრავმებს იღებს და მაგ ასფალტზე რომ არბენინებ, ამის გამო განათლების სამინისტროში გიჩივლებო.

მოკლედ, დიდი უცნაური კაცია, მაგრამ მისი პატიოსნება და ბავშვების სიყვარული ის ყავლგაუსვლელი დადებითი მხარეა, რასაც გვერდს ვერავინ აუქცევს და სწორედ ამიტომაც, მის გუნდში მოვარჯიშე ბავშვების რიცხვი თანდთან იმატებს. მაგალითად, გასულ თვეში, სტადიონის ახლოსმდებარე დევნილთა პატარა ჩასახლებიდან ერთბაშად 8 ბიჭუნა ესტუმრა, რომლებმაც მათთან ერთად ფეხბურთის თამაშის სურვილი გამოთქვეს. ესეც ადგა და ყველანი აიყვანა გუნდში. ასეთი გულჩვილობის გამო, კოლეგები ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე, ამას ემატება ისიც, რომ ბავშვთა ტურნირებში თითქმის არასდროს იღებს მონაწილეობას და იმითაც კმაყოფილია, თუკი მისი ბავშვი რომელიმე სხვა, უფრო ცნობილმა და დიდ კლუბზე მიბმულმა ბავშვთა გუნდმა წაიყვანა.

ერთ რამედ ღირს ამ უცნაური გუნდის ვარჯიშის ცქერა. იმის გამო, რომ სპორტული ამუნიცია და მაისურები სულ რაღაც 12-15 ბავშვის სამყოფი თუ ექნებათ, ვარჯიშის დროს უმაისუროდ დარჩენილ ბავშვებს ტანსზემოთ გახდილებს უწევთ თამაში მოწინააღმდეგეებისგან რომ განსხვავდებოდნენ. მეკარის ხელთათმანები კი დიდი ადამიანის ზომისაა და ამის გამო, მათი გუნდის მეკარეს, აწოწილ წითურ ბიჭუნას ვარჯიშის წინ ხელთათმანებზე საიზოლაციო ლენტის შემოჭერა უწევს, რათა ხელთათმანი არ გასძვრეს. ამის გამო, ხშირად ნერვებს უშლის ხელთათმანის მალიმალ გაძრობა და ხშირად საერთოდ უხელთათმანოდ ვარჯიშს ამჯობინებს, რაც მწვრთნელს არ მოსწონს, მაგრამ იძულებაც რომ არ გამოდის...

ვარჯიშის შემდეგ მწვრთნელიც და მისი ბიჭებიც ერთად მიდიან ავტობუსის უახლოეს გაჩერებამდე, რომელიც მათი მინჯღრეული სტადიონიდან გვარიანად მოშორებითაა. გზად მწვრთნელი წინა დღეებში ევროპაში გამართულ საფეხბურთო მატჩებზე საუბრობს ხოლმე და ავტობუსის მოსვლამდე, რამდენიმეჯერ წაკამათებასაც ასწრებენ იმასთან დაკავშირებით, მესი ჯობია თუ რონალდუ, ნოიერი თუ კასილასი, “ბაიერნი“ თუ “რეალი“... ყველა ბავშვმა იცის, რომ მათი მწვრთნელი ჰოლანდიის ნაკრებისა და ჰოლანდიური კლუბების ქომაგია, მაგრამ ამაზე როგორც წესი ნაკლებად საუბრობს. სათქმელიც ბევრი არაფერია კაცმა რომ თქვას....

მერე მოვა ავტობუსი და იქ გრძელდება კამათი და ჟრიამული. ასე გრძელდება კვირაში 5 დღე. ასე დადის ეს უცნაური კაცი იმ ღვთისგან დავიწყებულ ადგილზე და უფასოდ ავარჯიშებს ბავშვებს. ასეთ კაცს ჩვენში რატომღაც შერეკილსა და გიჟს ეძახიან. თუმცა ეს “რატომღაც“ ალბათ ზედმეტიც კია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117764