ჭადრაკი

14:44 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპირველობის 9 ლიდერი

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ჭადრაკში 7 ტური მიილია და მთავარი ბრძოლები ჯერაც წინაა. ერთბაშად 9 მოჭადრაკეს ერთნაირი მონაგარი – 5.5 ქულა გააჩნია.

ლიდერებში ანტონ კორობოვი (უკრაინა, 2687), იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი, 2714), ალექსანდერ მოტილევი (რუსეთი, 2665), გაბრიელ სარგისიანი (სომხეთი, 2668), ანდრეი ვოლოკიტინი (უკრაინა, 2646), დავიდ ჰოუელი (ინგლისი, 2663), მატეუშ ბარტელი (პოოლონეთი, 2631), ივან პოპოვი (რუსეთი, 2639) და ლივიუ-დიტერ ნისიპეანუ (რუმინეთი, 2654) არიან.

ქართველთაგან საუკეთესო შედეგი – 4.5-4.5 ქულა მიხეილ მჭედლიშვილს (2586) და დავით ჯოჯუას (2579) გააჩნიათ, რომელთაც შესაბამისად, 50-ე და 61-ე ადგილები უკავიათ. გასულ ტურში მჭედლიშვილი შავი ფიგურებით ჰოლანდიელ რობინ ვან კამპენს (2626) დაუზავდა, ხოლო ჯოჯუამ ასევე შავებით ომერ რეშეფს (ისრაელი, 2402) სძლია.

4.0-4.0 ქულა აქვთ აქტივში 96-ე პოზიციაზე მყოფ ლევან ფანცულაიას (2615) და ნინო ბაციაშვილს (2475), რომელიც 108-ე ადგილზე დამკვიდრდა. მე-7 ტურში ქართველებმა თეთრი ფიგურებით იმარჯვეს. ფანცულაიამ იაკობ მიურეი (ისრაელი, 2428) დაამარცხა, ბაციაშვილმა კი – საარ დრორი (ისრაელი, 2173).

შეგახსენებთ, რომ ტურნირი თერთმეტ ტურად მიმდინარეობს. მე-8 ტურში მჭედლიშვილი და ჯოჯუა თეთრებით ითამაშებენ, შესაბამისად, იური კუზუბოვთან (უკრაინა, 2667) და რაუფ მამედოვთან (აზერბაიჯანი, 2650), ხოლო ფანცულაია და ბაციაშვილი შავებით გაირჯებიან, დანიელ საძიკოვსკისთან (პოლონეთი, 2492) და მირჩეა-ემილიან პარლიგრაშთან (რუმინეთი, 2583).

0.114637