რაგბი

21:03 | 2.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ახობაძის პირველი ფრანგული ლელო

ახალგაზრდა ქართველმა ბურჯმა ვახტანგ ახობაძემ, რომელიც საფრანგეთში მესამე სეზონს ატარებს, მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა.

მისი, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი” სტუმრად ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბის” ეთამაშა და 18:45 დამარცხდა. მასპინძელთა შორის მეორეხაზელმა მაისურაძემ, რომელმაც ნაკრებში მიღებული ტრავმა მოიშუშა სრულად ითამაშა, ბურჯი შეყლაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს. შერკინებებში მის პირისპირ იდგა დადუნაშვილი, რომელიც 54-ე წუთზე ყუფარაძემ შეცვალა. 54-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ახობაძეც და ლელო ბოლო წუთზე გაიტანა, მაგრამ ამას საერთო სურათი არ შეუცვლია. “მასი” 34 ქულით მე-13 ადგილზე რჩება, მაგრამ გასავარდნ ზონას მხოლოდ ქულა აშორებს. “ალბიმ” პრემიალური ქულაც მიითვალა, 55 ქულით მე-7 პოზიციამდე დაწინაურდა და საპლეიოფო ზონას 2 ქულა აშორებს.

მეორე ადგილზე აღზევდა დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანი”, რომელმაც “მონტობანი” ქართველი ლეგიონერების გარეშე 48:17 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ჯამში მას 60 ქულა აქვს და 2 ქულით გადაასწრო თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენს”, რომელსაც აუტსაიდერმა “დაქსმა” 17:10 მოუგო. თეთრაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს.

“აჟენის” მსგავსად 58 ქულა აქვს და მეოთხეა ტარიელ რატიანიძის “მონ-დე-მარსანი”. ვეტერანი ქართველი ბურჯის გუნდმა სტუმრად “კოლომიე” 15:13 დაამარცხა. რატიანიძე დროებით შეცვლაზე შევიდა და 66-ე წუთზე სინბინით დაისაჯა.

ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკმა” კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბი” 11:7 დაამარცხა. მასპინძელთა სამივე და სტუმართა ერთი (ნემსაძე) ქართველი ლეგიონერი ნაკრებში იყო გამოძახებული და მატჩში მონაწილეობა მხოლოდ კობერიძემ მიიღო, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს. “ორიაკი” 57 ქულით მე-5, ხოლო “ტარბი” 43 ქულით მე-12 ადგილზე რჩება.

ლიდერმა, გიორგი ნაცარაშვილის “პომ”, “ბურგუენი” 19:16 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო, ხოლო მისი გუნდი 78 ქულით ლიდერობს. ლაშა ლომიძის “ბეზიე” ნაკრებში გამოძახებული ქართველის გარეშე 16:21 დამარცხდა “ბიარიცთან” და პრემიალური ქულა აიღო. “ბეზიე” 49 ქულით მე-9 ადგილზეა.

Pro D2-ის მომდევნო ტური 7-8 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112705