ფეხბურთი

10:15 | 2.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: “სწავლაზე დიდი ინვესტიცია არ არსებობს”

ახალგაზრდა თაობის ნიჭიერი ქართველი მწვრთნელების უმრავლესობა განვითარებას და უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას სამშობლოში ცდილობს. იშვიათად უცხოეთში წააწყდეთ ქართველ სპეციალისტს, ხოლო მათი ცნობადობა კიდევ უფრო იშვიათი მოვლენაა. ამ კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული პერსონა ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი “ქასიმფაშას” მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეა.

2008 წელი - წარმატებული საფეხბურთო კარიერის შემდეგ შოთა არველაძე სამწვრთნელო კარიერას იწყებს. შოთა “ალკმაარის” მთავარი მწვრთნელის, ლუის ვან გაალის ასისტენტი ხდება. ამავე კლუბში შემდგომ წლებში არველაძე დიკ ადვოკაატისა და რონალდ კუმანის ასისტენტად მუშაობს.

2010 წელი – არველაძე დამოუკიდებელ სამწვრთნელო კარიერას იწყებს. ქართველი თურქეთის სუპერლიგის კლუბ “კაისერისპორის” მთავარი მწვრთნელია.

2012 წელი – შოთა არველაძე “კაისერისპორს” ტოვებს. ამავე წელს “ქასიმფაშას” მთავარ მწვრთნელად გვევლინება, სადაც დღემდე მუშაობს.

შოთა არველაძეს “ქასიმფაშას” საწვრთნელ ბაზაზე ვესტუმრეთ. მან დროის სიმცირის მიუხედავად ჩვენთან სასაუბრო დრო გამონახა. ინტერვიუ ძირითადად ე.წ. ბლიც-კითხვებს მოიცავს.

- ფეხბურთელის ცხოვრებაში სწავლის როლზე რას ფიქრობთ?

- სწავლაზე დიდი ინვესტიცია არ არსებობს. არ შეიძლება პროფესიონალი ფეხბურთელი მესამე ლიგაში თამაშობდეს? ძნელია 40 წლის ასაკში სწავლა. ამ დროს უკვე გყავს ოჯახი და შენი პასუხისმგებლობა გაზრდილია, სწავლის დაწყება კი რთული. ამიტომ ახალგაზრდა თაობამ განათლებაზე უნდა იზრუნოს. ჩემს შვილებს ყოველთვის ამას ვურჩევ.

შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ახალგაზრდამ ფეხბურთის გამო სათანადო განათლება ვერ მიიღოს და მაღალი დონის ფეხბურთის თამაშიც ვერ მოახერხოს. ამიტომ ფეხბურთელობა ერთგვარი რისკია.

- მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს ფონდები, რომლებიც ზრუნავენ ახალგაზრდა თაობის განვითარებაზე. თქვენ “არველაძეების ფონდის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ხართ. ამ მხრივ არსებობს პრობლემები?

- ხალხის გარკვეულ ნაწილს ჩემი ფონდის არ სჯერა. ახალგაზრდა ფეხბურთელების სწავლაზე, განათლებაზე, დაზღვევაზე მილიონ ორასი ათასი ლარი მაქვს დახარჯული. მათ გონიათ, რომ მე მენეჯერი ვარ და შემდეგ ამ ბავშვებს გავყიდი. მე მათ მხოლოდ ვეხმარები.

ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, რომელსაც თანხას ვაძლევდი, რაც მისი შვილის სწავლას, ვარჯიშსა და სამედიცინო დაზღვევას უნდა მოხმარებოდა, პირადი ვალი გადაიხადა, ხოლო როცა მისმა შვილმა ტრავმა მიიღო, კვლავ მთხოვა დახმარება იმ მოტივით, რომ მისი შვილის გაყიდვით მოგებას მივიღებდი. სამწუხაროდ მშობლებს არ ესმით რამდენად მნიშვნელოვანია განათლებისთვის, ვარჯიშისთვის განკუთვნილი თანხა.

- რა არ უნდა გააკეთოს ფეხბურთელმა არასდროს?

- არ უნდა გაეკაროს არაფერს, რაც არასპორტულია. ეს იქნება დოპინგი თუ ნარკოტიკული საშუალება, რასაც ზემოქმედება შეუძლია. გარკვეულ ეტაპზე ეს შეიძლება დადებითად მოგვეჩვენოს, ამ დროს შეიძლება გიჟივით გამოვარდე, იმ მომენტში მაგრად ითამაშო, მაგრამ მას უკუჩვენება მოჰყვება, რაც ფეხბურთელისთვის მიუღებელი უნდა იყოს.

- ყველაზე უცნაური ადგილი, სადაც ფეხბურთი გითამაშიათ

ჩემს ძველ სახლში, დოლიძის ქუჩაზე. ფეხბურთს ვთამაშობდით სამზარეულოში, სადაც კარები სკამების ფეხები იყო.

ერთხელ ბაკურიანში სახლის თოვლიან აივანზე ვითამაშეთ, სახლს გრძელი კიბე ჰქონდა, გოლის გატანის შემდეგ კი თოვლიან კიბეზე ვსრიალდებოდი.

- საყვარელი ფილმი

- ქართული ფილმებიდან ძალიან ბევრი მიყვარს და თითქმის ყველა ზეპირად ვიცი. რაც შეეხება უცხოურ ფილმებს, ნათლიმამა არაჩვეულებრივი ფილმია. არაერთხელ ვნახე რუსულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე.

- საყვარელი წიგნი

“დათა თუთაშხია”, “ვეფხისტყაოსანი”. წლების შემდეგ ამ წიგნებს რომ კითხულობ უფრო კარგად იგებ, უფრო კარგად აღიქვამ. როცა უკეთ იგებ ტექსტს, გარკვეულ საკითხებზე შეხედულებები იცვლება.

ბოლოს წავიკითხე დათო ტურაშვილის “ტყეების მეფე.”თვითმფრინავში ვკითხულობდი და ჩემზე დიდი ემოციური შთაბეჭდილება მოახდინა.

- საყვარელი მსახიობი

- არვიცი. ხან ვინ მომწონს, ხან ვინ. ალბათ უფრო ქალები (იცინის).

- საყვარელი პასი

გუტის პასი, როცა ბენზემა ცარიელ კართან დატოვა. ასევე ჩემი პასიც მახსენდება, “აიაქსში” თამაშისას ლიტმანენს გავუკეთე. სხვათაშორის იარის ბოლო თამაში იყო “აიაქსში”.

- საყვარელი გოლი

- მარადონას გოლი ინგლისის ნაკრების კარში.

- ივან ბენეშთან გაქვთ ურთიერთობა?

რა თქმა უნდა. მას გუშინ ვესაუბრე. ივანი ჩემი მენეჯერი და ახლო მეგობარია.

- ჯემალ ჩიმაკაძე როგორ გახსენდებათ?

- მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯემალი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი და უახლოესი ადამიანი იყო.

- სავარჯიშო მოედნის მიღმა თქვენი ნახვა ყველაზე ხშირად სად შეიძლება?

- ახლა უკვე სანახევროდ სამსახურში და სანახევროდ სახლში.

- ერთი კითხვა დაუსვით ფეხბურთის ღმერთს.

- მხოლოდ არგენტინაში რატომ იბადებიან მარადონა და მესი?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.173901