ბლოგი

10:26 | 1.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

წვიმიან საღამოს, შუაგულ ბასკეთში...

ახლა წესით ევროპის ლიგაზე ”ფიორენტინას” ლამაზი გამარჯვების შესახებ უნდა ვწერდე ბლოგს და თუ რატომ უნდა ვწერდე, ამის განმარტებას აქ ნამდვილად არ დავიწყებ. ახლა წესით იმაზეც უნდა ვწერდე, რომ ”ბარსელონამ” მიუხედავად ლეო მესის უგერგილო თამაშისა, მაინც ალაგმა მანჩესტერული კლუბი...

ახლა წესით გაზაფხულის დადგომაზე უნდა ვსაუბრობდე და გაზაფხულის თანმდევ საფეხბურთო ამბებზე, მაგრამ ეს ყველაფერი რატომღაც მიმავიწყდა, რადგან გასულ პერიოდში მოხდარი თუ მომავალში მოსახდენი ყველა მოვლენა, ევროპის ლიგაზე ”ტორინოს” ვაჟკაცურმა გამოსვლამ გადაფარა და მე ამ კლუბის ქომაგი რომ ვიყო, მთელი ცხოვრება გაბღენძილი ვივლიდი.

”ბროწეულების” გულშემატკივრებს სიამაყის მიზეზი ნამდვილად აქვთ და ეს მხოლოდ იმაში არ გამოიხატება, რომ მათმა კლუბმა სტუმრად, ესპანეთში გამარჯვა.

მაშინ, როდესაც ბრაზილიის ეროვნული ნაკრები გერმანიასთან შინ სამარცხვინო ანგარიშით მარცხდება, პატარა “ტორინოს” ესპანეთში გამარჯვება თითქოს რა მოსატანია, მაგრამ ვინც “ბილბაო”-“ტორინოს” თავიდან-ბოლომდე უყურეთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველას გაგვახსენდა ის დრო, როდესაც ევროპაში ჯერ კიდევ ტრიალებდა დიადი საფეხბურთო სული და ”პარმას”, “ლიდსისა” და “ვილიარეალის” მსგავსი პატარა კლუბები ევროპის ბობოლებს ისე კოხტად წამოაქცევდნენ ხოლმე, როგორც დახელოვნებული ყასაბი დაკვლისათვის გახაზირებულ მოზვერს.

მოდით, სისხლიან ამბებზე და ყასბის დანაზე საუბრისგან თავი შევიკავოთ და ვთქვათ ის, რომ ტურინელ ფეხბურთელთა ჯაჯგურისაგან ტანზე შემოხეული მაისურები, ბასკურ წვიმაში გალუმპული სიფათები და გაუტეხელი სული ნიმუშია იმისა, რომ დიდი ფეხბურთი არსად წასულა და სამყარო არც მხოლოდ და მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (რომელიც ჭეშმარიტად ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია) ანგარიშზე ჩარიცხულ ათეულობით მილიონ ევროდ ფასობს.

ფეხბურთი არც მხოლოდ ბურთზე ფეხის გადამტარებელ მხიარულ ბიჭებს მოიცავს და არც მუდამჟამს საწერკალამმომარჯვებულ ბრძენ ბიძაკაცებს, რომლების ტვინი და გონება ათასგვარი ნახაზებითა და სტრატეგიებითაა გაბურდული.

მე თუ მკითხავთ, ფეხბურთი ერთი პატარა გაელვებაა, შორიდან მთელი ძალით დარტყმული ბურთისგან ყურთან ჩავლილი წუილის ხმაა და ბებერი ფაბიო კვალიარელას მთელი ხმით ღრიალი – მომეშველეთ, პასის მომცემი მინდაო...

სიტუაციას რეალურად რომ შევხედოთ, ”ტორინო” ალბათ წელს ვერ მოიგებს ევროპის ლიგას. ისიც ადვილი შესაძლებელია, რომ ეს პატარა კლუბი მომდევნო ეტაპზევე გამოვარდეს ევროპის რანგით მეორე ტურნირიდან, მაგრამ წონა ხუთშაბათის მისი გმირობა ხომ დარჩება? ხომ გვემახსოვრება ის ერთი მოქუფრული, წიმიანი საღამო, როდესაც ჩვენ ვნახეთ შეხვედრა, სადაც არ თამაშობდნენ დიდ-დიდი ვარსკვლავები, მაგრამ ვნახეთ ალალი და ჯანსაღი ფეხბურთი, რომელიც ალბათ ყველას ძალიან მოგვენატრა.

რამდენიმე ათეული წლის წინ, სანამ ცნობილი ტრაგედია მოხდებოდა, იყო დრო, როდესაც ”ტორინო” სულაც არ იყო ერთი ჩვეულებრივი, პატარა და ნაკლებად გამორჩეული იტალიური გუნდი. ”ბროწეულები” არამხოლოდ იტალიაში, მთელს ევროპაში ნამეტნავად ანგარიშგასაწევი ძალა გახლდათ და ეს “ტორინოს” ტიტულმრავლობაზეც აისახა. თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ ბედის მწერლები და ვერც ტურინელი ქომაგები წარმოიდგენდნენ იმ საშინელ კატასტროფას, რამაც ”ტორინოს” ბედი ასე ვერაგულად შეცვალა.

მაგრამ, როგორც ისტორია გვასწავლის, ხანდახან ყველაზე მივიწყებული წარსულიც კი ბრუნდება. ალბათ სწორედ ამის მხილველნი ვიყავით იმ წვიმიან საღამოს, შუაგულ ბასკეთში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110127