ფეხბურთი

2:08 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” თურქული შეკრება “ილიჩევეცთან” ყაიმით დაასრულა

თბილისის “დინამომ” თურქულ შეკრებაზე ბოლო, მეექვსე შეხვედრა გამართა. ქართული გუნდის მეტოქე უკრაინის პრემიერლიგის გუნდი მარიუპოლის “ილიჩევეცი” გახლდათ.

დინამოელთა დიდი უპირატესობის მიუხედავად შეხვედრა ფრედ – 0:0 დასრულდა. თბილისელებს გოლის გატანის შესაძლებლობა ორივე ტაიმში ჰქონდათ.

საწყის ნახევარში სახიფათოდ ურტყამდნენ თოთაძე და ჭანტურიშვილი, პირველი შანსი კი მანუელს მიეცა. მეორე ტაიმში უფრო ხელსაყრელი მომენტები ჰქონდათ გუგას და ჭანტურიშვილს, ხიფათი მოჰყვა მიქელთაძის დარტყმასაც.

დინამო 0:0 ილიჩევეცი

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე (გველესიანი 86), რენე, ჭანტურია, თოთაძე (ტაბატაძე 46), ცინცაძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი (გუგა 74), ჭანტურიშვილი, ლობჟანიძე (მიქელთაძე 86), მანუელი (უგულავა 60).

ამით, “დინამომ” შეკრება დაასრულა და გუშინ საღამოს სამშობლოში გამოემგზავრა, მანამდე კი მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განვლილი პერიპეტიები შეაფასა:

“შეკრებაზე ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. სავარჯიშო მოედნები, აღდგენითი საშუალებები, სასტუმრო, კვება. ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს და დიდი ყურადღება შეთამაშებას დაეთმო. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე, ტაქტიკური მონახაზის დახვეწა-დამუშავებაზე.

თამაშები ორჯერადი ვარჯიშების ფონზე ჩავატარეთ. კარგი სპარინგები გვქონდა, განსაკუთრებით – “სპარტასთან” და “შტურმთან”. “სპარტა” ამ ეტაპზე ჩვენზე ძლიერი გუნდია კლასით და გამოცდილებით. დანარჩენ გუნდებს ჩვენ არ ჩამოვრჩებით.

ბოლო შეხვედრები ჩვენი უპირატესობით წარიმართა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო ვერ ითამაშეს პაპუნაშვილმა, ჩირგაძემ და შერგელაშვილმა, ისინი ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ. ყველა სხვა ფეხბურთელს ჰქონდა თამაშის საშუალება. ახალწვეულებიც ძალიან მონდომებულები იყვნენ. მომზადების ამ ეტაპზე ზოგიერთმა მათგანმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ზოგიერთისგან კი უფრო მეტს ველოდით.

ვიმედოვნებ, რომ ისინი “დინამოს” გამოადგებიან. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ გუნდმა ეს შეკრება კარგად ჩაატარა. ყველა ძალიან მონდომებით და ნაყოფიერად ემზადებოდა და მათ მიერ გაწეული სამუშაოთი კმაყოფილი ვარ”.

www.fcdinamo.ge-ს ფოტოები

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096735