კალათბურთი

21:18 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

იგორ კოკოშკოვი ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ვერც ამჯერად დაესწრება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობის პერიოდში პირველად მოხდა, რომ იგორ კოკოშკოვი საქართველოში გახურებული სეზონის შუაში, ანუ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის დაწყების წინ ჩამოვიდა. მაგრამ რად გინდა, თუნდაც ერთ მატჩზე დასწრებას ვერ ახერხებს.

კოკოშკოვი საქართველოში ვიზიტის შესახებ “მსოფლიო სპორტი” საქართველოს ეროვნული ნაკრების მენეჯერ პაატა ლობჟანიძეს ესაუბრა.

- რა მიზნითაა კოკოშკოვი თბილისში ჩამოსული?

- კოკოშკოვი ამჯერად თბილისში ევრო-2015-ის ფინალური ტურნირის მონაწილის, საქართველოს ნაკრების მოსამზადებელი პერიოდის კალენდრის დასაზუსტებლად და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე ნაკრების წევრობის კანდიდატებთან შესახვედრად ჩამოვიდა.

- რამდენი დღით დარჩება კოკოშკოვი თბილისში?

- 30 იანვარს ჩამოვიდა და 3 თებერვალს მიემგზავრება.

- საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატი მეორე წრის მატჩებით 6 თებერვალს განახლდება. გამოდის, ნაკრების თავკაცი ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის თუნდაც ერთ შეხვედრას ვერც ამჯერად დაესწრება.

- დაგეგმილი გვქონდა, კოკოშკოვი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რამდენიმე შეხვედრას დასწრებოდა, მაგრამ ვერ ხერხდება.

- ჩვენი ქვეყნის ნაკრების გარდა მას სხვა სამსახური ამჯერად არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რატომ ჩქარობს საქართველოდან წასვლას?

- დაგეგმილი აქვს ჩავიდეს თურქეთში და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულ კალათბურთელ უკანახაზელ რიკი ჰიკმანს პირადად ესაუბროს, ასევე აპირებს ევროპის სხვადასხვა გუნდებში მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატებსაც შეხვდეს.

- საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატებთან როდის აქვს შეხვედრა?

- ამ კითხვით უმჯობესია თავად კოკოშკოვს მიმართოთ.

- ქართულ მასმედიასთან თუ აპირებს შეხვედრას?

- აპირებს. შეხვედრა 2 თებერვალს, 13 საათზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში შედგება.

0.114337